ამბები

17:46 | 14.10.2013 | ნანახია 2279 - ჯერ

“ჰაინეკენზე” უქულოდ არავინ დარჩა

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” 2013-2014 წლების გათამაშებაში მონაწილე 24 გუნდიდან რვაში ქართველი ლეგიონერი თამაშობს. შვიდი მათგანი საფრანგეთს წარმოადგენს, ხოლო ერთი დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიური “ედინბურგია”.

გასულ უქმეებზე ევროპის წამყვანმა კლუბებმა პირველი რაუნდის თამაშები მოილიეს და ქართველი ლეგიონერების რვა გუნდიდან ექვსმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო დამარცხებულმა ორმა პრემიალური ქულა ჩაიწერა. 24 გუნდი ექვს ოთხგუნდა ჯგუფშია განაწილებული, თითოეულის გამარჯვებული და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი ერთრაუნდიან პლეი ოფში აგრძელებს თამაშს, ამასთან ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენებით ოთხი საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში მასპინძლის უფლებით სარგებლობს და ამრიგად, თითოეულ მოპოვებულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

I ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” გამოდის, რომელმაც ინგლისურ “ნორთჰემპტონს” უმაპინძლა და 7624 მაყურებლის თვალწინ 19:13 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს 2005 წლიდან მოყოლებული “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით არ დაუწყია და ეს შედეგი მათ გასულ წლებთან შედარებით უკეთესის იმედს უტოვებს.

მატჩი ინგლისელთა იერიშებით დაიწყო და მასპინძლებმა საკუთარი ჩათვლის მოედანი დიდი ძალისხმევის შედეგად დაიცვეს. მე-9 წუთზე რომან მარტიალმა ბურთი საკუთარ 22-ის ხაზთან ჩაჭრა და ანგარიში ლელოთი გახსნა. ზუსტ გარდასახვას სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ 31-ე წუთზე სინბინით დაისაჯნენ, “კასტრმა” ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 10:3 დასრულდა. თამაში 3 წუთის განახლებული იყო, როდესაც ფრანგებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, მაგრამ მალევე ლელო-გარდასახვა მიიღეს და სიტუაცია დაიძაბა.

54-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა კვლავ გაზარდეს, 69-ე წუთზე გაშვებულ ჯარიმას კი, სამ წუთში თავადაც ჯარიმით უპასუხეს და 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. ამან “ნორთჰემპტონი” დასკვნით წუთებში ლელოზე თამაში აიძულა, მაგრამ “კასტრმა” საკუთარ 22-ში თავი გმირულად დაიცვა და პირველი გამარჯვება იზეიმა. ერთ კვირაში “კასტრი” “ლენსტერს” ირლანდიაში ეწვევა, რომელმაც “ოსპრეიზი” უელსში 19:9 დაამარცხა.

II ჯგუფში კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას გარეშე “ტულონმა” შოტლანდიურ “გლაზგოს” 51:28 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ფრანგებმა პირველ ტაიმში მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს და 34:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევრის საწყის 23 წუთში, 20 წუთის ინტერვალით, ოთხი ლელო მეტოქესაც გაატანინეს და სქოთებმა პრემიალური ქულა აიღეს. მეორე ტაიმში “ტულონმა” კიდევ ორი ლელო გაიტანა (ჯამში 6) და პრინციპში, იმხელა სხვაობას ინარჩუნებდა, რომ მეტოქეს გამარჯვებაზე ფიქრის საშუალება არ ჰქონოდა.

მომდევნო ტურში “ტულონი” უელსს ეწვევა და “კარდიფს” ეთამაშება, რომელიც პირველ ტურში ინგლისში “ექსეტერთან” 29:44 დამარცხდა, მაგრამ ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულის აღება მოახერხა.

III ჯგუფში ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” იტალიურ “ძებრეს” უმასპინძლა და 38:5 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერები ტრავმირებული არიან და განაცხადში არ იყვნენ. ტულუზელებმა საწყის 56 წუთში ექვსი ლელო გაიტანეს და მეტი აღარ მოინდომეს, თორემ უფრო დიდი სხვაობითაც მოიგებდნენ. მომდევნო ტურში “ტულუზა” ინგლისში “სერასინსს” ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში “კონახტი” ირლანდიაში 23:17 დაამარცხა.

IV ჯგუფში ფრანგული გუნდების ქართული დერბი შედგა. დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა. ორი დავითის მეტოქეობა, რომლებიც შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, 51 წუთს გაგრძელდა, მერე ზირაქაშვილმა მარცხენა მუხლი დაიზინა, შესაცვლელი შეიქმნა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. რაც შეეხება ხინჩაგიშვილს, მას რეფერიმ 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენა და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ქართველი მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

თამაში ძლიერი ქარის ფონზე მიმდინარეობდა, ის პირველ ნახევარში “კლერმონის” სასარგებლოდ უბერავდა და “რასინგ მეტროს” მორაგბეები კმაყოფილი უნდა იყვნენ, ტაიმი მხოლოდ 6 ქულის სხვაობით რომ დათმეს. სტუმრები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლები ისე თავგანწირვით იცავდნენ თავს, თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული მათი სიცოცხლე. შესვენებამდე მორგან პარამ სამი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ჯონათან სექსტონმა ერთით უპასუხა, არადა “კლერმონს” რამდენჯერმე შეეძლო ლელოს გატანა.

სიტუაცია თავდაყირა მეორე ნახევრის დასაწყისში დადგა, როდესაც მარკ ენდრიუმ საკუთარ 22-ში ჩაჭრა ბურთი, 32 კილომეტრ-საათის სისწრაფე განავითარა და ჩათვლის მოედნამდე 80 მეტრი ირბინა. სექსტონმა გარდასახვას ათიოდე წუთში ჯარიმა შემატა და “რასინგ მეტრო” 13:9 დაწინაურდა. “კლერმონს” გარკვეული დრო დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მერე რეფერიმ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, 62-ე წუთზე ნაპოლეონ ნალაგა გაასინბინა და სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ორ წუთში შერკინება რომ ჩაიქცა წაქცეულ ხინჩაგიშვილს ორი მეტოქე გაექაჩა, რაზეც ქართველისგან ერთ-ერთმა მათგანმა გაშლილი ხელი მიიღო პასუხად და რეფერიმ ნალაგას გასინბინებისას დაშვებული შეცდომა ხინჩაგიშვილისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებით გამოასწორა.

დასკვნით წუთებში “კლერმონმა” კვლავ დაიბრუნა უპირატესობა და ჩათვლის მოედნის სიახლოვეს რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელა, მაგრამ “რასინგ მეტრომ” გაძლო და 4 ქულა მოიპოვა, ხოლო მეტოქე პრემია აკმარა. მომდევნო ტურში “კლერმონი” ინგლისურ “ჰარლექუინსს” მასპინძლობს, ხოლო “რასინგ მეტრო” უელსში “სკარლეტსს” ეწვევა. პირველ ტურში უელსელებმა ინგლისში 33:26 იმარჯვეს, თუმცა, პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხეს.    

V ჯგუფში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” სტუმრად იტალიური “ბენეტონი” 27:10 დაამარცხა და ახლა ირლანდიური “ოლსტერის” დასახვედრად ემზადება. უკვე ვწერდით, რომ მატჩში მოედანს დაუბრუნდა მესამეხაზელი გორგოძე, რომელსაც ტრავმის გამო სეზონის დასაწყისი სრულად გაუცდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საკუთარი გუნდის შემადგენლობაში და მეორე ლელოს შემოქმედიც გახდა. ნარიაშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.

VI ჯგუფში დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა” ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლა და 29:23 იმარჯვა. ქართველი მესამეხაზელი გასული სეზონისგან განსხვავებით წელს მუდმივად შემადგენლობაშია, ამჯერადაც სასტარტო 15-ს შორის იყო და 61 წუთი ითამაშა. ის არამარტო შეტევაში, დაცვაშიც კარგად ირჯებოდა, მაგრამ მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით 20 წუთში მოიპოვეს.

დაძაბული ბრძოლის პირველი ნახევარი მასპინძლებმა 19:17 მოიგეს, მაგრამ 52-ე წუთზე ჯარიმა გაუშვეს და ერთი ქულით ჩამორჩნენ, ხოლო 63-ე წუთზე მეორე ჯარიმა მიიღეს და ანგარიში 19:23 გახდა. სამაგიეროდ, 68-ე წუთზე “ედინბურგმა” ლელოს გატანა შეძლო, გარდასახვა გამოიყენა და 75-ე წუთზე გატანილი ჯარიმით გამარჯვება გაიმყარა - 29:23.

ამავე ჯგუფში გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” ინგლისში “გლოსტერთან” გამარჯვების მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მარცხი განიცადა. ფრანგები სწრაფი ლელოთი დაწინაურდნენ, 7-ქულიანი უპირატესობა მთელი 40 წუთი შეინარჩუნეს, მაგრამ დამატებულ წუთებზე ჯარიმა გაუშვეს - 13:9. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისელებმა ლელო-გარდასახვით წინ გასვლა მოახერხეს, მაგრამ “პერპინიანმა” ორი ჯარიმით და არეკნით უპირატესობა დაიბრუნა (22:16). დასკვნითი 15 წუთი მასპინძლებისა იყო, რომელთაც ჯერ ჯარიმა გაიტანეს, მერე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ლელოთი დაწინაურდნენ, ხოლო სულ ბოლოს ჯარიმაც მიითვალეს და 12 ათასი გულშემატკივრის გასახარად 27:22 იმარჯვეს.

ჟღენტმა მეორე 40 წუთი სრულად ითამაშა, მომდევნო ტურში კი, მისი გუნდი ბასილაიას “ედინბურგს” უმასპინძლებს.      

 

2013/2014 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. I რაუნდი

I ჯგუფი

კასტრი (საფრანგეთი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 19:13

ოსპრეიზი (უელსი) - ლენსტერი (ირლანდია) 9:19

 

  1. ლენსტერი              1      1      0      0      19-9    4
  2. კასტრი                    1      1      0      0      19-13  4
  3. ნორთჰემპტონი    1      0      0      1      13-19  1
  4. ოსპრეიზი               1      0      0      1      9-19   0

 

მომდევნო ტური. 19-20 ოქტომბერი

ლენსტერი - კასტრი

ნორთჰემპტონი - ოსპრეიზი

 

II ჯგუფი

ექსეტერი (ინგლისი) - კარდიფი (უელსი) 44:29

ტულონი (საფრანგეთი) - გლაზგო (შოტლანდია) 51:28

 

  1. ტულონი     1      1      0      0      51-28  5
  2. ექსეტერი    1      1      0      0      44-29  5
  3. კარდიფი     1      0      0      1      29-44  1
  4. გლაზგო       1      0      0      1      28-51  1

 

მომდევნო ტური. 19-20 ოქტომბერი

კარდიფი - ტულონი

გლაზგო - ექსეტერი

 

III ჯგუფი

კონახტი (ირლანდია) - სერასინსი (ინგლისი) 17:23

ტულუზა (საფრანგეთი) - ძებრე (იტალია) 38:5

 

  1. ტულუზა      1      1      0      0      38-5   5
  2. სერასინსი    1      1      0      0      23-17  4
  3. კონახტი       1      0      0      1      17-23  1
  4. ძებრე            1      0      0      1      5-38    0

 

მომდევნო ტური. 18-19 ოქტომბერი

სერასინსი - ტულუზა

ძებრე - კონახტი

 

IV ჯგუფი

ჰარლექუინსი (ინგლისი) - სკარლეტსი (უელსი) 26:33

რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - კლერმონი (საფრანგეთი) 13:9

 

  1. სკარლეტსი                  1      1      0      0      33-26  4
  2. რასინგ მეტრო            1      1      0      0      13-9    4
  3. კლერმონი                   1      0      0      1      9-13    1
  4. ჰარლექუინსი             1      0      0      1      26-33  1

 

მომდევნო ტური. 19-20 ოქტომბერი

სკარლეტსი - რასინგ მეტრო

კლერმონი - ჰარლექუინსი

 

V ჯგუფი

ოლსტერი (ირლანდია) - ლესტერი (ინგლისი) 22:16

ბენეტონი (იტალია) - მონპელიე (საფრანგეთი) 10:27

 

  1. მონპელიე    1      1      0      0      27-10  4
  2. ოლსტერი    1      1      0      0      22-16  4
  3. ლესტერი     1      0      0      1      16-22  1
  4. ბენეტონი     1      0      0      1      10-27  0

 

მომდევნო ტური. 18-19 ოქტომბერი

ლესტერი - ბენეტონი

მონპელიე - ოლსტერი

 

VI ჯგუფი

ედინბურგი (შოტლანდია) - მანსტერი (ირლანდია) 29:23

გლოსტერი (ინგლისი) - პერპინიანი (საფრანგეთი) 27:22

 

  1. ედინბურგი   1      1      0      0      29-23  4
  2. გლოსტერი    1      1      0      0      27-22  4
  3. პერპინიანი   1      0      0      1      22-27  1
  4. მანსტერი       1      0      0      1      23-29  1

 

მომდევნო ტური. 19-20 ოქტომბერი

მანსტერი - გლოსტერი

პერპინიანი - ედინბურგი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086664