დიდი 10

0:03 | 20.02.2016 | ნანახია 1046 - ჯერ

მე-14 ტური ერთი კვირის დაგვიანებით

“დიდი 10”-ის მე-14 ტური ერთი კვირის დაგვიანებით სრულად გაიმართება. ეს თამაშები წინა შაბათ-კვირას უნდა შემდგარიყო, მაგრამ გუნდებმა წესდებაში მიმდინარე სეზონის წინ შეტანილი ცვლილებით ისარგებლეს და...
მაშინდელი ცვლილების მიხედვით, გუნდებს მაშინაც შეეძლოთ თამაშების გადადების მოთხოვნა, თუ მათი სამი, ან მეტი მორაგბე მხოლოდ ეროვნულ კი არა, 20 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც იყვნენ გამოძახებული. “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატში რომ არიან ჩაბმული ყველასთვის ცნობილია, ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით კი, 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთამერიკულ ტურნეზე მიემგზავრებოდა და მართალია გუნდი ჯერაც თბილისურ შეკრებაზე იყო, მაგრამ ტრავმების შიშით მწვრთნელებმა მოთამაშეები არ გაათავისუფლეს.
აღმოჩნდა, რომ 20-წლამდელთა ტურნეს შედეგად, კიდევ რამდენიმე ტურის გადადება გახდებოდა საჭირო, რაც საბოლოოდ “დიდ 10”-ს “დაანგრევდა”. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა სასწრაფოდ შეიკრიბა და სეზონის წინ მიღებული ზემოთნახსენები ცვლილება გააუქმა, დებულებაში მხოლოდ ეროვნული ნაკრები დატოვა და ოთხმა ტურმა თითო კვირით გადაიწია, თუმცა, ჩემპიონატის დათქმულ ვადებში დასრულება უკვე შესაძლებელი გახდა.
ტურის ყველა მატჩი თბილისშია და ქალაქის სამ სხვადასხვა ბოლოში გაიმართება. შაბათ-კვირას თითო-თითო შეხვედრას “ავჭალა” და “შევარდენი” უმასპინძლებს და ისინი 14 საათზე დაიწყება. კვირის მესამე თამაშს ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “ლელო-სარასენსი” საკუთარ “ლელოზე”, დიდ დიღომში გამართავს და 2 საათის შემდეგ, 16 საათზე დაიწყება. შედეგად, გულშემატკივარს იმ დღეს ორი თამაშის ხილვის საშუალება ექნება, ოღონდ ან “ავჭალა” და “შევარდენი” უნდა დატოვონ მეორე ტაიმის შუაში, ან “ლელოზე” მივლენ პირველი ტაიმის შუაწელს.
შაბათს “შევარდენზე” საჩემპიონო მარათონში ჩართული თბილისის “ლოკომოტივი” “ხარებს” დაუხვდება, რომლის მიზანიც გადათამაშების ზონიდან თავის დაღწევაა. ამავე დღეს აუტსაიდერი თბილისური კლუბების - “არმიასა” და “არმაზის” დერბია. არმაზელებისთვის უძლიერესთა შორის ადგილის თეორიული შანსის შენარჩუნებისთვის, ამ თამაშის მოგება უმნიშვნელოვანესია, თუმცა “არმიას” ბოლოსწინა, პირველლიგელთან გადასათამაშებელი ადგილისთვის თავის დაღწევის შანსი აქვს და მის გამოყენებას ეცდება.
კვირას “აკადემია”, რომლის მიზანიც ასევე გადათამაშებისთვის თავის არიდებაა, “ავჭალაზე” გორის “ჯიქს” დაუხვდება, რომლის მიზანიც მოწინავე ექვსეულში უკეთესი პოზიციის დაკავებაა, რათა პლეი ოფს უკეთესი პოზიციით შეხვდეს. ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ბოლნისის “ყოჩები” მეორედგილოსან “ბათუმს” მასპინძლობს და თუ იმარჯვა, რეგულარული პირველობის მიწურულს მეორე ადგილზე გასვლის შანსი ექნება. თავის მხრივ, “ბათუმს” ამ ადგილის შენარჩუნებასთან ერთად ლიდერობის შანსი აქვს და მის გამოყენებას ეცდება. დიდ დიღომში ჩემპიონი და ლიდერი “ლელო-სარასენსი” ქუთაისის “აიას” მასპინძლობს და მიზნები აქაც გარკვეულია - ერთს ლიდერობის შენარჩუნება უნდა, მეორეს რეგულარული პირველობის უკეთეს ადგილზე დასრულება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XIV ტური
20 თებერვალი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
21 თებერვალი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ჯიქი (გორი)
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი). 16:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ
ლელო-სარასენსი 13 10 1 2 250:178 45 3
ბათუმი 13 9 1 3 222:172 42 4
ლოკომოტივი 13 8 1 4 237:184 39 5
ჯიქი 13 7 1 5 205:148 36 6
ყოჩები 13 8 0 5 224:201 36 4
აია 13 7 2 4 210:182 35 3
აკადემია 13 5 0 8 130:189 24 4
ხარები 13 4 0 9 153:216 21 5
არმია 13 3 1 9 208:280 20 6
არმაზი 13 0 1 12 165:252 9 7

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080346