ამბები

19:09 | 28.10.2013 | ნანახია 2548 - ჯერ

ორი ყვითელი ტოპ 14-ში

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში ათი ტური მიილია და საპლეიოფო ექვსეულში გამსვლელ ადგილებს ამ ეტაპისთვის ქართველი ლეგიონერების გუნდები იკავებენ.

პირველ ადგილზე ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზაა”, რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” დაძაბულ ბრძოლაში 13:12 დაამარცხა. სამწუხაროდ, ტულუზელთა პირველხაზელებმა მძიმე ტრავმები მიიღეს და ისინი საკუთარ გუნდს ამ სეზონში ვერ დაეხმარებიან. სტუმართა განაცხადში არ იყო ჩილაჩავა, ხოლო მეორეხაზელმა მიქაუტაძემ თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა.

30-ე წუთისთვის “ტულონი” ფრედერიკ მიშალაკის ოთხი ჯარიმით 12:0 იგებდა, მაგრამ დაეჩენილ 50 წუთში ქულაც ვეღარ აიღო. მასპინძლებმა მე-2 ნახევრის მე-5 წუთიდან დაიწყეს ქულების აღება, ჯერ ორი ჯარიმა გაიტანეს, 71-ე წუთზე ლელო მიითვალეს, გარდასახვა გამოიყენეს და 13:12 იმარჯვეს. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, “ტულუზას” ათი მატჩის შემდეგ ყველაზე მეტი 31 ქულა აქვს, “ტულონი” კი, 28 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” თოპ 14-ში წელს დაბრუნებულ გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება და 4 ქულის აღება მაინც მოახერხა. ზირაქაშვილმა ტრავმა “ჰაინეკენის თასის” მატჩისას მიიღო და განაცხადში არ იყო, ტრავმირებულია შველიძეც, ხოლო ასეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, 61-ე წუთზე მოედანზე დაბრუნებამ მოუწია და კიდევ 11 წუთი იბურთავა.

მართალია მასპინძლებმა 30-ე წუთისთვის 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ სტუმრებმა დასკვნით ხუთ წუთში დეფიციტი აღმოფხვრეს და ტაიმი 20:20 დასრულდა. ქართველი პირველხაზელი პირველად რომ შეცვალეს, ტაბლოზე კვლავ ეს ანგარიში იყო დაფიქსირებული, ხოლო მისი მოედანზე დაბრუნების შემდეგ “ბრივი” 26:23 დაწინაურდა. “კლერმონმა” მალევე ლელო-გარდასახვით მოიპოვა 4-ქულიანი უპირატესობა, რაზეც 70-ე წუთზე “ბრივმა” ჯარიმით უპასუხა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მაგრამ დასკვნით 10 წუთში მასპინძლებმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს და 36:29 იმარჯვეს. შედეგად, “კლერმონი” 29 ქულით მე-2 საფეხურზეა, ხოლო “ბრივმა” პრემია რომ ჩაიწერა 23 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

28 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელიც “ბაიონთან” გასვლით მატჩში მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა. “ჰაინეკენის თასზე” ნათამაშები შეხვედრების შემდეგ, მწვრთნელმა მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, თუმცა, ეს არ ითქმის ქართველ ლეგიონერებზე, რომელთაც ტრავმები მოიშუშეს და გუნდს ჯერ კიდევ ევროთასების მატჩებში დაუბრუნდნენ. მესამეხაზელმა გორგოძემ და პირველხაზელმა ნარიაშვილმა ეს თამაში სრულად ჩაატარეს.
30-ე წუთისთვის ანგარიში 10:10 იყო, მაგრამ მასპინძელთა ჯარიმას და ლელოს სტუმრებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს და შესვენებაზე 5-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ზუსტი დარტყმა გაცვალეს და “ბაიონმაც” 24:19 იმარჯვა.

28 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა გიორგი ჟღენტის “პერპინიანი”, რომელმაც ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 31:20 დაამარცხა. ნავროზაშვილი პირველ გუნდში ჯერ მხოლოდ “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” ათამაშეს და ამჯერად განაცხადში არ იყო, ხოლო ჟღენტმა პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა პირველხაზელმა მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა. აღსანიშნავია, რომ ბორდოელებმა ერთი ლელო გაუშვეს და თავად სამი გაიტანეს, მაგრამ სტუმრები უდისციპლინობამ დააღალატა და ჯარიმებით დაისაჯნენ. “ბორდოს” 21 ქულა აქვს, მე-11 პოზიციაზეა და გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებს.

ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” “ბიარიცს” უმასპინძლა, მეტოქე 39:0 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძლებს პირველსავე ტაიმში უკვე სამი ლელო ჰქონდათ გატანილი და მეოთხე მატჩის განახლებისთანავე მიითვალეს, რის შემდეგაც 32:0 დაწინაურდნენ. 50-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ფეიქრიშვილი და მელევე მეხუთე ლელოც გავიდა, ხოლო 69-ე წუთზე ქართველი პირველხაზელი სინბინით დაისაჯა. “კასტრი” 25 ქულით ჯერჯერობით მე-9 პოზიციაზეა, მაგრამ საპლეიფო ექვსეულს სულ რაღაც 2 ქულა აშორებს.

ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაიარა პარიზულმა დერბიმ, რომელშიც დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” 16:12 დაამარცხა. “სტად ფრანსე” 27 ქულით მე-7 ადგილზეა და “გრენობლს” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, ხოლო “რასინგ მეტრო” 26 ქულით მე-8 პოზიციაზეა. თოპ 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 1-2 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082273