ამბები

14:15 | 2.11.2013 | ნანახია 4733 - ჯერ

“უმცროსი ბორჯღალოსნები” ფინალისთვის მზად არიან

 

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში, ბელგიის ნაკრებს დღეს საღამოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში, “უმცროსი ბორჯღალოსნები” ევროპის ჩემპიონის ტიტულს შემართავენ და ამასთან, გაისად ჰონკონგში გასამართი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურსაც მოიპოვებენ. მეტოქის დამარცხება მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ბელგიასთან გვიწევს, დავით ვართანიანის შეგირდებს იოლი ბრძოლის გადატანა სულაც არ ელით.

მეოთხედფინალში ქართველებმა ჩეხეთს იოლად - 69:8 სძლიეს და ნახევარფინალში ესპანეთი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს (31:3), მაგრამ ამ უკანასკნელ თამაშს დიდი ენერგია შეალიეს და მეტოქესთან ერთად მსაჯის დამარცხებაც მოუხდათ. თავის მხრივ ბელგიელებმა ჯერ რუსეთს სძლიეს 33:12, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელთა გუნდს, პორტუგალიას 13:11 აჯობეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს პორტუგალიელებმა ჯარიმის დარტყმა იუკადრისეს, ლელოს გატანაზე ითამაშეს, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს და საკადრისადაც დაისაჯნენ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართიანიანმა, ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტს განუცხადა: “ფინალში გავედით და ეს ნებისმიერი მწვრთნელსათვის უდიდესი ბედნიერებაა. დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ესპანეთთან თავდაუზოგავად იბრძოლეს. თამაშით კმაყოფილი დავრჩი. მეოთხედფინალური მატჩის მსგავსად, ბიჭებმა სამწვრთნელო შტაბის დავალებები ბოლომდე შეასრულეს. მართალია, პირველი ტაიმის ბოლოს ცოტათი ავირიეთ და მოწინააღმდეგეს თამაშში ავყევით, მაგრამ მეორე ნახევარში მდგომარეობა მალევე გამოვასწორეთ. ახლა მთავარია ბიჭებმა სრულფასოვნად აღიდგინონ ძალები.

მომავალ მეტოქეზე მინდა ვთქვა, რომ ბელგიის ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია - გააზრებულად და პრაგმატულად თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრები ბევრად უფრო ორგანიზებულია და ბელგიის ნაკრებს ჩვენს სრულ პოტენციალს დავუპირისპირებთ. წინ ფინალია და მწამს, გავიმარჯვებთ!”.

საქართველოს ნაკრები ბელგიელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. დავით გულიტაშვილი, 11. ბადრი ლიპარტელიანი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. გიორგი ტორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.

სათადარიგოები: 16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზაშვილი, 18. ბექა კაკაბაძე, 19. ნიკოლოზ გიგაური, 20. დავით პაპავაძე, 21. გიორგი ნათელაშვილი, 22. ანზორ სიჭინავა, 23. ირაკლი სვანიძე.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის

პორტუგალია. ლისაბონი. 2 ნოემბერი. ფინალი

საქართველო - ბელგია (21:00 საათი. თბ. დრ.)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085819