ამბები

13:37 | 3.11.2013 | ნანახია 2073 - ჯერ

ინგლისმა ნოემბერი გამარჯვებით დაიწყო

დადგა ნოემბერი და რაგბის გულშემატკივარიც თვის ბოლომდე არაერთ საინტერესო ჯახს იხილავს. მომდევნო სამ შაბათ დღეს საკუთარ თამაშებს საქართველოს ნაკრებიც გამართავს, მანამდე კი, გასულ შაბათს ორი თამაში გაიმართა.

დიდ ინტერესს იწვევდა ლონდონში ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებების დაპირისპირება. ინგლისელებს მატჩში საუკეთესო თამაში არ უჩვენებიათ, მაგრამ მათ “კენგურუების” დამარცხება მაინც მოახერხეს - 20:13. მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მაგრამ რომ არა ავსტრალიელთა მიერ დაშვებული შეცდომები, ძნელად სავარაუდოა მათ მეტოქის დამარცხება მოეხერხებინათ.

პირველ ტაიმში ოუენ ფარელის მიერ გადატნილ ორ ჯარიმას, ქუადე კუპერმა ასევე ორი ჯარიმით უპასუხა, ხოლო მათ შორის, 30-ე წუთზე მეტ ტოომუამ ლელო გაიტანა და ავსტრალია შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმი ინგლისელთა იერიშებით დაიწყო, მცველებმა მარლენ იარდის გვერდით ხაზს იქით გადაყვანა მოახერხეს, მაგრამ ამ იერიშს ლელო მაინც მოყვა. ავსტრალიამ ჩათვლის მოედნიდან 5-მეტრში დერეფანში ბურთი ძალიან ცუდად ააგდო, კრის რობშოუ არ დაიბნა და 49-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ფარელიმ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

57-ე წუთზე ავსტრალიელი მცველები შეცდნენ, ისინი ფარელის ცრუმოძრაობაზე ბითუმად წამოეგნენ, ინგლისელმაც დერეფანი რომ შენიშნა ხაზი პრაქტიკულად სუფთად გაჭრა და გარდასახვით ანგარიში 20:13 გახადა. დრო საკმარისი იყო, მაგრამ გუნდებმა ქულის აღება ვეღარ მოეახერხეს და ინგლისმაც ავსტრალიასთან ბოლო ოთხ თამაშში მესამე გამარჯვება მოიპოვა. მომავალ შაბათს ავსტრალია იტალიას ჩააკითხავს, ხოლო ინგლისი არგენტინას დაუხვდება.

ამ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ტოკიოში იაპონია ახალ ზელანდიას დაუხვდა და რვა უპასუხო ლელო გაუშვა. მართალია იაპონელები 6:54 დამარცხდნენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა სულაც არაა, როდესაც იაპონელთა შერცხვენაზე შეიძლება საუბარი. მათ მსოფლიოს ჩემპიონებს, პრაქტიკულად დაუმარცხებელ “ოლ ბლექსს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლეს.

ჩარლზ პიუტაუმ პირველი ლელო მე-10 წუთზე გაიტანა და დენ კარტერმაც გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ 25-ე წუთამდე ზელანდიელებს მათთვის არადამახასიათებელი 7 შეცდომა ჰქონდათ დაშვებული, რაც უდავოდ მასპინძელთა თავდადებული თამაშის დამსახურებაცაა. შედეგად, მასპინძლებმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მერე “ოლ ბლექსმა” იხუვლა და ხუთი წუთის ინტერვალში, 31-ე წუთამდე სამი ლელო გაიტანა, რის შემდეგაც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მეორე ტაიმში ზელანდიელებმა კიდევ ოთხი ლელო მიითვალეს, დიდი სხვაობით იმარჯვეს და 9 ნოემბერს საფრანგეთს ეწვევიან, ხოლო იაპონელები ამავე დღეს ძალებს შოტლანდიაში მოსინჯავენ.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.121088