ამბები

15:17 | 6.11.2013 | ნანახია 5363 - ჯერ

სარაგბო ტესტ-მატჩების წინ: ღია ვარჯიში პრესის გარეშე

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს დილით “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც არცერთი ტელევიზია არ დასწრებია. ამან ნაკრების შტაბის გეგმებიც შეცვალა და ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოთამაშეებთან ტრადიციული ინტერვიუების ჩაწერა აღარ მოხერხდა.

იმედია, ასეთი განწყობა შეიცვლება და “ბორჯღალოსნები” სამი ურთულესი თამაშის წინ მაყურებლისგან დამსახურებულ მხარდაჭერას მიიღებენ, თორემ ისე გამოდის, რომ ეს ბიჭები ქვეყნის სასახელოდ ძალ-ღონეს, ჯანმრთელობას არ იშურებენ, ჩვენგან კი იგივეს ვერ იღებენ. ახლა ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რომ ტრიბუნები სათანადოდ შეივსოს - ახლებური, ოთხგვერდიანი და ინფორმაციულად დატვირთული ბილეთები, რომელთა ფასიც თბილისში 3 და 1 ლარია, ხოლო რუსთავში 3 ლარი, ღირსეული და ჩვენი დარი მეტოქეები, რომელთანაც რევანში გვაქვს ასაღები და შეძრული მსოფლიო, რომელიც აღაფრთოვანა კანადა-“მაორების” მაყურებელთა სიმრავლემ.

22566 მაყურებელი - ჩრდილოამერიკის რეკორდი სარაგბო მატჩზე დასწრების კუთხით სულაც არაა ის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ შეგვიძლია, რასაც ჩვენი “ბორჯღალოსნები” იმსახურებენ და მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოში რაგბი სხვებზე მეტადაა დაფასებული და ყურადღება და ღირსეული მეტოქეებიც სხვებზე არანაკლებ ჭირდება.  

უშუალოდ ვარჯიშს რაც შეეხება, მწვრთნელებმა წინდაწინ გაცხადებულ შემადგენლობას კოკი თხილაიშვილი და ლევან გოგოლაშვილი დაუმატეს, რის შემდეგაც გამოძახებულთა საერთო რაოდენობა 30 გახდა და ამან მწვრთნელებს სრულფასოვანი ორმხრივი თამაშის იმიტირების საშუალება მისცა. თითქმის ორსაათანი ვარჯიშის დასაწყისში, მწვრთნელებმა ბიჭები რაქების გაწმენდაში ავარჯიშეს, მერე კი, მორაგბეები ორ ჯგუფად დაყვეს და კომბინაციების დამუშავება დაიწყო.

ახლა ძნელია იმ შემადგენლობის განსაზღვრა, რომელსაც მილტონ ჰეიგი კანადასთან სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს, რადგან 15-კაცა ჯგუფებს შორის ადგილები ხშირად იცვლებოდა. სამაგიეროდ, თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგი ჩხაიძე, რომელსაც ბოლო დროს ნაკრებში შერკინების მეორე ხაზში უწევდა თამაში, ამჯერად შემკვრელი იქნება, ანუ იმ პოზიციაზე გაირჯება, სადაც კლუბში უწევს თამაში. სულ ბოლოს ვარჯიშის პროცესში მსაჯიც ჩაერთო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ემსახურება და სწორედ ის საზღვრავდა წესების დარღვევას საკამათო სიტუაციებში, კომბინაციების დამუშავება კი, რეალურ თამაშთან მაქსიმალურად მიახლოვებულ აგრესიული დაცვისა თუ შეტევის ფონზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” 9 ნოემბერს თბილისში, “დინამო არენაზე” კანადის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშებიან და შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება. 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები აშშ-ს რუსთავში უმასპინძლებს და თამაში 14 საათზე დაიწყება, ხოლო 23 ნოემბერს სამოას ნაკრებს თბილისში, ამჯერად “მიხეილ მესხზე” 16:30 საათზე ვეთამაშებით.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

პირველი ხაზი: დავით ხინჩიგაშვილი (“რასინგ მეტრო”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), რევაზ ბელქანია (“ლელო”, თბილისი), დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი);

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი);

მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია);

9-10: გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი”), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი);

უკანა ხაზი: მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ.), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.208068