ამბები

14:59 | 7.11.2013 | ნანახია 2919 - ჯერ

კანადა გაძლიერებული და დანაკლისით გვეწვია

კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 9 ნოემბერს “დინამო არენაზე” “ბორჯღალოსნებს” 16:30 საათიდან დაუპირისპირდება, თბილისს 6 ნოემბერს, გამთენიისას ეწვია. გუნდი სასტუმრო “რედისონში” დაბინავდა და “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ინტენსიურად ემზადება.

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, რომელმაც ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის მზადება 3 ნოემბერს დაიწყო, კანადალები უკვე დიდი ხანია ევროპული ტურნესთვის ემზადებიან. მის ფარგლებში საქართველოსთან მატჩის შემდეგ “ნეკერჩხლის ფოთლები” 16 ნოემბერს რუმინეთს, ხოლო 23-ში პორტუგალიას ეთამაშებიან.

მანამდე კანადელებმა ერთი თამაში უკვე გამართეს და ახალზელანდიელ “მაორებს” ტორონტოში უმასპინძლეს. სტუმრებმა მასპინძლებს ორის წილ ექვსი ლელო გაუტანეს და 40:15 იმარჯვეს. ეს მატჩი არა მხოლოდ კანადის, არამედ ჩრდილოამერიკული რაგბის ისტორიაში შევიდა, რადგან მას სარეკორდო რაოდენობის - 22566 მაყურებელი დაესწრო. ჩრდილოელებს უკეთესი შედეგის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ რადგან თამაშის ჩატარების დღე რაგბის საერთაშორისო საბჭოს საერთაშორისო ტესტ-მატჩების კალენდარში არ ჯდებოდა, ამის გამო რამდენიმე მორაგბე მოისაკლისეს და მათ ნაწილი ახლა ევროპულ ტურნეზე მოყავთ.

სამაგიეროდ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კიარან კროულიმ საქმეში უახლოესი რეზერვი ნახა. თბილისური თამაშისთვის გუნდს ისეთი მორაგბეები დაემატებიან, როგორებიც ჯეიმს პრიტჩარდი, ჯებ სინკლერი, ბრეტ ბეუკებუმი, ფილ მაკკენზი და ტეილორ ჰოტსონი არიან. სამაგიეროდ, სტუმრებს ტრავმის გამო დააკლდება კაპიტანი აარონ კარპენტერი. გარდა ამისა, 7-კაცა ნაკრებში ითამაშებენ და შესაბამისად, თბილისში არ იქნებიან მაიკ შულცი და პეტ პარფრეი. კანადას პირადი სახის პრობლემების გამო დააკლდება ვან დერ მერვე, ხოლო ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ჯეიმი კუდმორი, ჯეისონ მარშალი, შონ დუკე, ტომ დოლეჟალი და ნათან ჰირაიამა.

სამაგიეროდ, პირველ გუნდში დაწინაურდნენ ახალგაზრდა პირველხაზელები ბენუა პიფერო და ჯასტიკ სეარს-დურუ. გუნდთან ერთად იქნება ვეტერანი მორკინალი ადამ კლებერგერი, რომელსაც 2005 წლიდან დღემდე ნაკრების მაისურით 35 თამაში აქვს ჩატარებული. ის ინგლისის ჩემპიონშიპში თამაშობს და მისთვის ევროპული ტურნე უცხოური ხილი არაა. 29 წლის მორაგბე ეროვნულ გუნდს 2010 წელს თბილისშიც ახლდა.

“მაორებთან” ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რისი იმედიც გვქონდა, მაგრამ მომავალი ტურნეს წინ მაინც კარგი დასაწყისი გვქონდა. მე გუნდს ევროპულ ტურნეზე ადრეც ვახლდი და მაშინ პორტუგალიის, ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებები დავამარცხეთ, მაგრამ საქართველოსთან თავად დავმარცხდით. ის ძლიერი მოწინააღმდეგეა და თბილისში ურთულესი თამაში გველის”.

“მაორების” წინააღმდეგ ითამაშა და ქართველებთან საბრძოლველად ემზადება კანადის ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ფედერალ 1-ის “ლილის” მეორეხაზელი ჯონ ფელანი:

“მაორებთან” მძიმე მარცხი განვიცადეთ. გარკვეული დავალებები კარგად შევასრულეთ და თამაშიც საუცხოოდ დავიწყეთ, მაგრამ განსაკუთრებით დაცვაში, რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, ერთი კვირის განმავლობაში ამ შეცდომების გამოსწორება თავისუფლად შეგვიძლია და თბილისშიც ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგში ჩვენს ქვემოთაა, გამარჯვებისათვის აუცილებელია, რომ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვიყოთ, მეტოქეს შერკინებაში არაფერი დავუთმოთ და “მაორთან” დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. საქართველოს ნაკრები ერის სიამაყეა და ისინი საკუთარი გულშემატკივარის თვალწინ კიდევ უფრო დიდ ძალას წარმოადგენენ. რადგან ევროპაში ჩასასვლელად ხანგრძლივი მოგზაურობა გვიწევდა, სამედიცინო პერსონალმა გრაფიკი სპეციალური შეგვიდგინა. ჩვენ შევცვალეთ ძილის და ცხოვრების რეჟიმი და ვფიქრობ, შაბათს ამ კუთხით პრობლემები არ გვექნება”.

კანადის ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებზე: ტეილორ არდრონი (“ოსპრეიზი”, უელსი), რეი ბარკვილი (“ნიაგარა”), ბრეტ ბეუკებუმი (“პლიმუთი”, ინგლისი), ნიკ ბლევინსი (“კალგარი”), ჰუბერტ ბაუდენსი (“მანავატუ”, ახალი ზელანდია), ნანიაკ დალა (“პრაირიე ვოლფი”), მეტ ევანსი (“კორნიშ პირატესი”, ინგლისი), ჯეფ ჰასლერი (“ოსპრეიზი”, უელსი), კიარან ჰერნი (“კასტავეი ვანდერერსი”), ტაილერ ჰოტსონი (“ლონდონ სკოტიში”, ინგლისი), ჯეკ ილნიცკი (“უილიამს ლაკე რუსტლერსი”), ჰარი ჯონსი (“კაპილანო”), ადამ კლებერგერი (“კასტავეი”), ფილ მაკი (“ვიკესი”), ჯეიმი მაკკენზი (“ვიკესი”), ფილ მაკკენზი (“სეილი”, ინგლისი), რაიან მარში (“აბოტსფორდი”), ჯონ მონლაიტი (“ჯამეს ბაი”), ჯონ ფელანი (“ლილი”, საფრანგეთი), ბენუა პიფერო (“ბარნდეი ლაკე”), ჯეიმს პრიტჩარდი (“ბედფორდი”, ინგლისი), ჯასტიკ სეარს-დურუ (“კასტავეი”), ჯებ სინკლერი (“ლონდონ აირიში”, ინგლისი), ენდრიუ ტიდემანი (“კასტავეი”), ლონორ ტრაინორი (“რავენსი”), ლიამ უნდერვუდი (“ქუინსი”).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083501