ამბები

15:05 | 3.12.2013 | ნანახია 8026 - ჯერ

გამოხმაურება ისტორიულ გამარჯვებაზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას სამოასთან (16:15), ინგლისურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოყვა. ჟურნალისტმა ალისთერ უეთმა დაწერა სტატია - “საქართველოს ნაკრების ბრძოლა სამოას ნაკრებზე ისტორიული გამარჯვებისთვის”.

მისი თარგმანი საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

“ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე გრძელი ბოლო წუთები იყო. საქართველომ გაუძლო შეტევებს, რათა 23 ნოემბერს, “მესხის” სტადიონზე  სამოასთან მიეღწია დაუჯერებელი გამარჯვებისათვის ანგარიშით 16:15.

მატჩის მეორე ნახევარში მერაბ შარიქაძის ლელომ და მერაბ კვირიკაშვილის 11-მა ქულამ საქართველოს ნაკრებს მოუტანა თავისი, როგორც დამოუკიდებელი რაგბის კავშირის 24 წლიან ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება.

სამოელები, რომლებიც მატჩის დაწყებამდე მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილს იკავებდნენ, ძნელად თუ დაიჯერებდნენ ასეთ ფინალს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მატჩის პირველ ნახევარში კარგად გამოიყენეს მასპინძელთა დაცვაში არცთუ დამაჯერებელი თამაში და ორი ლელო დაამიწეს.

საქართველოს დედაქალაქში საღამოვდებოდა და დაახლოებით 15 ათასმა ქომაგმა “ლოკომოტივის” სტადიონის ღია ტრიბუნებს მიაშურა, სადაც შეძახილებით დახვდნენ სამოელთა წინა სამატჩო რიტუალს - ტრადიციულ საბრძოლო ცეკვა “სივა ტაუს”. საბრძოლო ცეკვამ ცოტა არ იყოს აახმაურა ქომაგი და ყველაზე დაძაბული და დრამატული მატჩისათვის შესაბამისი ატმოსფერო შექმნა.

ირლანდიასთან დამარცხების მიუხედავად, სამოას მათი ბოლოდროინდელი გამარჯვებებით იტალიის, შოტლანდიის, უელსის და 2 წლის წინ ავსტრალიის ნაკრებებთან, მსოფლიო რაგბიში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი.

ამავდროულად, საქართველო ჯერ კიდევ გონზე მოდიოდა წინა კვირაში რუსთავში აშშ-ს ნაკრებთან ბოლო წუთზე წაგებული მატჩის შემდეგ. უკან გადადგმული ნაბიჯის გამოსწორების დიდი სურვილით, მასპინძლებმა მინდორზე “პირველი სისხლი”
მატჩის დებიუტში მერაბ კვირიკაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმით “დაღვარეს”, რომლითაც საქართველო 3:0 დაწინაურდა.

საქართველოს მხოლოდ რამდენიმე წუთი მიჰყავდა ანგარიში. მასპინძელთა დაცვაში არადამაჯერებელი თამაშით, ჯეკ ლემმა რამოდენიმე მბოჭავისგან თავი დაიძვრინა და ბურთი ალაფატი ლეიუას გადააწოდა, რათა მას შეხვედრის პირველი ლელო დაემიწებინა.

ღერძის მოთამაშე ტუსი პისიმ ლელოს გარდასახვა ვერ მოახერხა და მალევე საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ  მამუკა გორგოძეს სახიფათო ბოჭვის გამო მოედანი 10 წუთით დაატოვებინეს, კაპიტნის არყოფნაში, კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა მიიღო ჯარიმის დარტყმის უფლება, რომელიც კვირიკაშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა.

შეხვედრის 26-ე წუთზე სტუმართა გუნდმა კვლავ ისარგებლა მასპინძელთა გაცუდებული ბოჭვებით და შეხვედრაში თავიანთი მეორე ლელო დაამიწეს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში - მესამეხაზელმა ლემმა ხაზი გაჭრა, რათა სამოას ანგარიში 10:6 გაეხადა. მას შემდეგ, რაც ტუსი პისიმ ლელოს გარდასახვა შესძლო, ანგარიში 12-მდე გაიზარდა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილს სხვაობის შემცცირება შეეძლო. მან საკმაოდ დიდი მანძილიდან დაარტყა საჯარიმო, მაგრამ ბურთს რამოდენიმე მეტრი დააკლდა სამოელთა ძელებამდე.

მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სამოელებმა თავიანთ სასარგებლოდ სრულად გამოიყენეს მასპინძელთა სუსტი მხარეები და ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ სტუმრები კიდევ ბევრ ქულას ვერ მოიხვეჭდნენ მეორე ნახევარში.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები თითქოს ხელახლა შეიკრა და გუნდი თავიდან დაიბადა. მასპინძელთა ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რაც არ უნდა ეთქვა მოთამაშეებისათვის შესვენებისას, ამან თავისი ნაყოფი გამოიღო - თუ პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები მოედანზე მორჩილი სპანიელივით გამოიყურებოდა, მატჩის მეორე ნახევარში გუნდი ნამდვილი კავკასიური ნაგაზივით ათამაშდა.

8 ნომერზე მოთამაშე გიორგი ჩხაიძემ სამოელთა ხაზს გადაუარა, ხოლო გიორგი ბეგაძისა და ლაშა ხმალაძის ზუსტი გადაცემებით, მერაბ შარიქაძემ საუცხოო ტექნიკისა და ჟინის დემოსნტრირებით სამოელთა ჩათვლის მოედანში ლელო დაამიწა.

კვირიკაშვილმა ლელო გარდასახა და მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ - 13:12. ტრიბუნები მთელი ძალითა და ღონით ქომაგობდნენ თავიანთ გმირებს, ხმამაღლა ამხნევებდნენ მათ და თითქოს წინ მიუძღოდნენ წარმოუდგენელი წარმატებისკენ.

მასპინძელთა იმედები თითქოს გაცამტვერდა მას შემდეგ, რაც პისის მიერ შესრულებულმა საჯარიმომ სამოა წინ გაიყვანა, როდესაც მატჩის დასრულებამდე თხუტმეტიოდე წუთი რჩებოდა.

მაგრამ, შეძახილი “სა-ქარ-თველო” უკვე არა მხოლოდ სტადიონზე, არამედ მთელს ქვეყანაში ისმოდა და შესაბამისად, “ბორჯღალოსნები” ძალას არ იშურებდნენ გამოეყენებინათ ეს ისტორიული შესაძლებლობა.

უშედეგო არეკნის შემდეგ, კვირიკაშვილმა ჯარიმა გაიტანა, რომელიც სამოელთა მორკინალების უდისციპლინო თამაშით იყო გამოწვეული. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სარეკორდო ოდენობის - 478 ქულის მომხვეჭისათვის უკანასკნელი სამი ქულა ალბათ უმნიშვნელოვანესია მის კარიერაში.

გამარჯვება უკვე ჰორიზონტზე მოსჩანდა. გულშემატკივარიც ისე ქომაგობდა, როგორც არასდროს, მაგრამ საქმე დასამთავრებელი იყო.

მატჩისათვის განკუთვნილმა დრომ 80 წუთს მიაღწია და სამოელებმაც წნეხს მოუმატეს. ისინი ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანს. ერთადერთი რაც მასპინძლებს დარჩენოდათ ის იყო, რომ ბუთს დაუფლებოდნენ და აუტში დაერტყათ, ან ელოცათ სამოელებს რაიმე შეცდომა დაეშვათ.

80 წუთს უკვე 10 წუთით გადაცილებული იყო, როდესაც სამოელებს ქართველთა ჩათვლის მოედნამდე 15 მეტრში ბურთი დაუვარდათ და ფრანგი არბიტრის საფინალო სასტვენმა ენით აუწერელ ზეიმს და გამარჯვების სიხარულს მისცა დასაბამი, როგორც მინდორზე, ასევე ტრიბუნებზე.

მატჩის შემდეგ აღფრთოვანებულმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს დაუღალავი ქომაგობისათვის. მან განაცხადა: “ქომაგობა განსაკუთრებულად მოქმედებს მოთამაშეებზე და მინდა ყველა ქომაგს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ ამ შეხვედრაში”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც ჰქონდა, რომ შეხვედრა გიორგობას გაიმართა - “რაღა თქმა უნდა, წმინდა გიორგის მადლი დაგვეხმარა ამ გამარჯვების მიღწევაში”.

მან ასევე დაამატა, რომ ეს იყო სასწაულის ტოლფასი გამარჯვება - “დღეს ჩვენმა გუნდმა სასწაული მოახდინა, ბიჭებმა ენით აუწერლად ითამაშეს. მე ნამდვილად არ მინახავს საქართველოს ნაკრების ასეთი თამაში”.

დამარცხებული სამოას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სთივენ ბითემმა განაცხადა, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან უფრო ხშირად თამაშსო.

მან დაამატა: “ყოჩაღ საქართველოს ნაკრებს! სხვა მეორე ეშელონის გუნდებთან ერთად, საქართველოს ნაკრებს უნდა ეძლეოდეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან თამაშის შანსი”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.150338