ტესტ-მატჩები

11:35 | 17.02.2016 | ნანახია 1045 - ჯერ

რაგბის კვირეული ჩიკაგოში

2016 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებზე მსოფლიოს ჩემპიონი „ოლ ბლექსი“ ირლანდიასთან ორ თამაშს გამართავს. პირველი ჯახი ნეიტრალურ მიწაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, ხოლო ერთი კვირის თავზე ეს გუნდები დუბლინში, „ავივაზე“ შეიბმებიან.

აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია ამერიკის შეერთებულ შტატებში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება და ნოემბრის დასაწყისში, „რაგბის კვირეულის“ ფარგლებში, ორი მაღალი დონის თამაში დაიგეგმა. 5 ნოემბერს, ჩიკაგოს „სოლჯერ ფილდსის“ სტადიონზე, რომელიც ამერიკული ფეხბურთის გუნდს - „ჩიკაგოელ დათვებს“ ეკუთვნის და 61 500 მაყურებელს იტევს, ახალი ზელანდია ირლანდიას ეთამაშება. ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს, ჩიკაგოს 28 ათასიან „ტოიოტა პარკზე“ აშშ-ს ნაკრები „ახალზელანდიელ მაორებს“ შეხვდება. „რაგბის კვირეულის“ ბილეთების გაყიდვა 1 აპრილიდან იწყება.

ირლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ფილიპ ბრაუნი ნოემბერში დაგეგმილ ტესტ-მატჩთან დაკავშირებით ამბობს: „აშშ-ში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ირლანდიური ფესვებით ამაყობენ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ამერიკაში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ უამრავი ჩვენი თანამემამულე წავიდა. ვიცით, რომ მათი უმეტესობა ირლანდიური რაგბის დიდი გულშემატკივარია და მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას. ქომაგთა ნაწილი საგულშემატკივროდ ირლანდიიდანაც გამოგვყვება“.

ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჩიკაგოში მსგავსი დონის ნაკრებების შეხვედრის ჩატარება აშშ-ში რაგბის პოპულარიზაციას ერთი-ორად გაზრდის.

„ნოემბერში რაგბის გულშემატკივრებს ჩიკაგოში ზღაპრული საღამო ელით. ამ ქალაქმა არაერთხელ დაამტკიცა სპორტისადმი სიყვარული და ვფიქრობ, ნოემბრის შემდეგ რაგბის პოპულარობა და სიყვარული კიდევ უფრო ხელშესახები გახდება“ - თქვა აშშ-ს რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა ნაიჯელ მელვილმა.

ნემბრის ტესტ-მატჩებზე ირლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიასთან ორმატჩიანი სერიის გარდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ავსტრალიას და კანადის ნაკრებს შეხვდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073777