6 ერი

21:51 | 16.02.2016 | ნანახია 1114 - ჯერ

ჯონათან ჯოზეფი: „ორ საშინაო მატჩში ყველაფერი გადაწყდება“

ინგლისის ეროვნული ნაკრების შუამარბი ჯონათან ჯოზეფი მიიჩნევს, რომ ექვსი ერის მომდევნო ორი მატჩი, რომელსაც მისი გუნდი „თვიქენჰემზე“ ირლანდიასთან და უელსთან გამართავს, სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება.

„ჩვენ გასვლაზე ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და წინ ორი რთული საშინაო შეხვედრა გველის - ირლანდიასთან და უელსთან. რა თქმა უნდა, „თვიქენჰემზე“ მათ ძლიერ გაუჭირდებათ, მაგრამ ინგლისზეც, როგორც მასპინძელზე, დამატებითი ზეწოლა იქნება. გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა გავახაროთ გულშემატკივარი. და თუ ჩვენ შევძლებთ ორივე შეხვედრის მოგებას, ექვსი ერის თასს ვეღარავინ შეგვეცილება და ჩვენც გახარებულები ვიქნებით“ - თქვა ჯოზეფმა.

ინგლისის ნაკრებმა ექვსი ერის პირველ ორ შეხვედრაში სტუმრად შოტლანდია (15:9) და იტალია (40:9) დაამარცხა. ახლა ინგლისელები 27 თებერვალს ირლანდიას, ხოლო 12 მარტს უელსს უმასპინძლებენ, 2016 წლის ექვსი ერის გათამაშებას კი 19 მარტს, პარიზში საფრანგეთთან მატჩით დაასრულებენ. შეგახსენებთ, პირველი ორი მატჩი ფრანგებმაც მოიგეს, ინგლისელებივით 4 ქულა აქვთ და ლიდერს მხოლოდ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით ჩამორჩებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095992