ამბები

20:42 | 10.03.2014 | ნანახია 4513 - ჯერ

კანადასთან გატოლების შანსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, მადრიდში ესპანელთა 24:17 ძლევით რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში 0,314 ქულა მიიღო და კანადასთან ჩამორჩენა შეამცირა.

წლევანდელ ერთა თასზე დარჩენილია ბოლო თამაში, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ რომელი ადგილით გავლენ “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე და იქ რომელ ჯგუფში მოხვდებიან. გარდა ამისა, 15 მარტს “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩს სარეიტინგო მნიშვნელობაც ექნება და მაქსიმუმ, რისი მიღწევაც ქართველ მორაგბეებს ამ კუთხით შეუძლიათ, ეს ჩრდილოამერიკელებთან ქულებით გატოლებაა.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მილტონ ჰეიგის შეგირდები რუმინეთს 15 და მეტი ქულის სხვაობით დაამარცხებენ. ასეთ შემთხვევაში მატება 0,867 ქულა იქნება და ნეკერჩხლებს და ჩვენ ერთნაირი სარეიტინგო მაჩვენებელი გვექნება. 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით მოგებისთვის, ნამატი მხოლოდ 0,578 ქულა იქნება და საქართველოს ნაკრები კუთვნილ მე-16-ე ადგილს შეინარჩუნებს.

ფრის შემთხვევაში 2014 წლის ერთა თასის გამარჯვებული რუმინეთი გახდება, ნოემბერში ირლანდიაში თამაშის უფლება მას დარჩება და ის გავა მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდან ინგლისში ჩვენთვის სასურველ ჯგუფში, ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულთან მოხვდება. ამასთან, საქართველოს ნაკრები 0,422 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და რუმინელებს ჩამორჩენის შემცირების შანსი მიეცემათ.

მარცხის შემთხვევებში ვარდნა გარდაუვალია. 15 და ნაკლები ქულით წაგება 1,422 ქულა დაგვიჯდება და რუმინეთი მე-17-ე საფეხურზე ჩაგვაჩოჩებს. უფრო დიდი ანგარიშით მარცხი 2,133 ქულის ტოლფასი იქნება, თუმცა, ერთ ადგილზე მეტ ვარდნას არც ეს შედეგი გამოიწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმედია საქართველოს ნაკრები გამარჯვებას მოიპოვებს და სხვა სიკეთეებთან ერთად, რეიტინგში ქულებიც მას ჩაეწერება.

გასული უქმეების შედეგებმა მოწინავე გუნდებს შორის რამდენიმე ცვლილება გამოიწვია. პორტუგალიას რუსეთთან 18:34 მარცხი ძვირი დაუჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი საქართველოსთან დამარცხდა, მან მეტოქეს 21-ე ადგილი ჩამოართვა. ეს იმიტომ, რომ პორტუგალიელებმა ესპანელებზე მეტი, 0,84 ქულა დაკარგეს. ამდენივე ქულა მიიღო რუსეთმა, მაგრამ ისინი საკუთარ პოზიციაზე დარჩნენ. რუმინეთს ბელგიის პრემიალური ქულით, 29:10-მა ძლევამ ვერაფერი შემატა.

საფრანგეთმა სტუმრად, ბოლოსწუნა წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით შოტლანდია 19:17 რომ დაამარცხა, 0,88 სარეიტინგო ქულა მიიღო და ორი კვირის წინ დაკარგული მეხუთე ადგილი დაიბრუნა. ქულების დაკარგვა არ ასახულა შოტლანდიის რეიტინგზე და ის მე-10-ე დაფეხურზე რჩება.

ფრანგებმა ირლანდიას და უელსს გადაასწრეს. ირლანდიელებმა იტალიას ლამაზ სტილში 46:7 კი მოუგეს, მაგრამ ამით რეიტინგს ვერაფერი შემატეს, ხოლო უელსი ინგლისში 18:29 დამარცხდა და 0,22 ქულა დაკარგა. ინგლიი კვლავ რჩება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდად, სარეიტინგო ცვლილებები კი, მომავალ ორშაბათს, ერთა თასისა და ექვსი ერის დასკვნითი ტურის შემდეგ მოხდება.  

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 10 მარტისთვის

1      (1). ახალი ზელანდია                93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა                  89,34

3      (3). ავსტრალია                         86,88

4      (4). ინგლისი                              85,68

5      (7). საფრანგეთი                         81,44

6      (5). ირლანდია                           80,76

7      (6). უელსი                                 80,38

8      (8). სამოა                                   77,34

9      (9). არგენტინა                           76,44

10    (10). შოტლანდია                        75,47

11    (11). ფიჯი                                  74,21

12    (12). ტონგა                                73,21

13    (13). იაპონია                              72,06

14    (14). იტალია                              72,05

15    (15). კანადა                               70,75

16   (16). საქართველო                    69,88

17    (17). რუმინეთი                         68,66

18    (18). აშშ                                    67,41

19    (19). რუსეთი                             62,04

20    (20). ურუგვაი                           60,77

21    (22). ესპანეთი                          59,39

22    (21). პორტუგალია                    58,99

23    (23). ნამიბია                             58,79

24    (24). კორეა                                58,10

25    (25). ჰონკონგი                           56,35

26    (26). გერმანია                           56,20

27    (27). ჩილე                                 55,44

28    (28). მოლდოვა                          55,11

29    (29). ბელგია                              54,44

30    (30). ზიმბაბვე                           53,56

31    (31). ჰოლანდია                         52,86

32    (32). პოლონეთი                        52,32

33    (33). უკრაინა                            52,17

34    ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.138327