კელტების ლიგის, იგივე „გინეს პრო 12“-ის გათამაშებას 14 ტურის შემდეგ სამი ირლანდიური და ერთიც უელსური კლუბი ლიდერობს. ისინი მდევრებს არა გადამწყვეტი, მაგრამ საგრძნობი უპირატესობით უსწრებენ და საჩემპიონო პლეი ოფში გასვლის მთავარი პრეტენდენტები არიან.
მე-14 ტურში ლიდერებმა - „კონახტმა“ და „ოლსტერმა“, შესაბამისად, „ნიუპორტი“ და შალვა მამუკაშვილის „გლაზგო“ რომ დაამარცხეს უკვე ვწერდით და ახლა თვალი დანარჩენ შეხვედრებს გადავავლოთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიურმა „ლენსტერმა“ იტალიური „ძებრესგან“, რომლის ბირთვიც ეროვნულ გუნდში იყო გამოძახებული, ქვა-ქვაზე არ დატოვა, 8 უპასუხო ლელო გაუტანა და 52:0 გაანადგურა. ირლანდიელებმა პრემიის მომტანი 4 ლელო პირველსავე ტაიმში გაიტანეს.
ცენტრალურ მატჩში უელსურმა „სკარლეტსმა“ საპლეიოფო ზონაში მოხვედრის მთავარ კონკურენტს, შოტლანდიურ „ედინბურგს“ უმასპინძლა და დაძაბულ თრილერში 22:21 სძლია, რითაც მდევარს სატურნირო ცხრილში 6 ქულით დაშორდა. მასპინძლები ადრეული ლელოთი დაწინაურდნენ და ტაიმი 13:3 მოიგეს, ხოლო 57-ე წუთისთვის ანგარიში 19:6 იყო. აქ სტუმრებმა ძალა მოიკრიბეს, 73-ე წუთამდე ორი ლელო გაიტანეს, მათ შორის ერთხელ ჯარიმით იხეირეს და გარდასახვით 21:19 დაწინაურდნენ. მაგრამ „სკარლეტსმა“ მობილიზება შეძლო და 76-ე წუთზე გატანილი ჯარიმით უმნიშვნელოვანესი თამაში 22:21 მოიგო.
საპლეიოფო ზონის სიახლოვეს დარჩენის შანსი ხელიდან გაუშვა კიდევ ერთმა ირლანდიურმა გუნდმა „მანსტერმა“, რომელმაც უელსურ „ოსპრეიზს“ უმასპინძლა, 17:21 დამარცხდა და 8 ათასამდე გულშემატკივარი იმედგაცრუებული დატოვა. საწყის 50 წუთში მასპინძლებს საქმე კარგად მისდიოდათ. ამ პერიოდში მათ სამი ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვიდან მხოლოდ ერთხელ იხეირეს, თავად ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაუშვეს და 17:10 იგებდნენ. სტუმრებმა 55-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 4 წუთში ლელოთი დაწინაურდნენ. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ჯარიმა მიითვალეს და „მანსტერს“ მხოლოდ პრემიალური ქულა დაუტოვეს.
სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა იტალიურმა „ბენეტონ ტრევიზომ“, რომელმაც „კარდიფს“ 13:7 სძლია, მაგრამ ეს მოულოდნელობად არ უნდა ჩაითვალოს. აგერ უკვე მეოთხე მატჩია, უელსელები იტალიას გამარჯვების გარეშე ტოვებენ და ეს უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა. მასპინძლების ორ ჯარიმას „კარდიფმა“ ტაიმის ბოლოს ლელო-გარდასახვით უპასუხა და ტაიმი 7:6 მოიგო, მაგრამ თამაში რომ განახლდა მეტოქის შერკინებას ვერ გაუძლო, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და რაღა თქმა უნდა გარდასახვაც ზუსტი იყო. სათამაშო ნახევარ საათზე მეტი რჩებოდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბენეტონმა“ 13:7 მოიგო.
2015/2016 წლების გინეს პრო 12 (კელტების ლიგა). XIV ტური
ნიუპორტი (უელსი) - კონახტი (ირლანდია) 21:26
ლენსტერი (ირლანდია) - ძებრე (იტალია) 52:0
ოლსტერი (ირლანდია) - გლაზგო (შოტლანდია) 13:10
სკარლეტსი (უელსი) - ედინბურგი (შოტლანდია) 22:21
ბენეტონი (იტალია) - კარდიფი (უელსი) 13:7
მანსტერი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) 17:21
1. | ოსლტერი | 14 | 9 | 0 | 5 | 265:177 | 45 |
|
2. | კონახტი | 14 | 9 | 0 | 5 | 311:260 | 45 |
|
3. | სკარლეტსი | 14 | 10 | 0 | 4 | 303:258 | 44 |
|
4. | ლენსტერი | 13 | 10 | 0 | 3 | 284:147 | 44 |
|
5. | ედინბურგი | 14 | 8 | 0 | 6 | 241:195 | 38 |
|
6. | მანსტერი | 13 | 8 | 0 | 5 | 233:250 | 37 |
|
7. | ოსპრეიზი | 14 | 7 | 1 | 6 | 270:265 | 34 |
|
8. | გლაზგო | 12 | 5 | 1 | 6 | 242:234 | 30 |
|
9. | კარდიფი | 13 | 5 | 0 | 8 | 289:284 | 28 |
|
10. | ნიუპორტი | 14 | 4 | 0 | 10 | 231:278 | 22 |
|
11. | ძებრე | 13 | 4 | 0 | 9 | 176:350 | 18 |
|
12. | ბენეტონი | 14 | 1 | 0 | 13 | 198:345 | 11 |
XV ტური. 19-21 თებერვალი
ოსპრეიზი - ედინბურგი, ბენეტონი - ნიუპორტი, გლაზგო - მანსტერი, კარდიფი - ლენსტერი, ძებრე - კონახტი, ოლსტერი - სკარლეტსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მადლობა ბატონო ზურა ყველა წამყვან ჩემპიონატს რო აშუქებთ.