ამბები

3:28 | 14.03.2014 | ნანახია 3284 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა ცნობილია

გია ნიჟარაძე: “გულშემატკივრობის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ექნება”


წლევანდელი სანაკრებო სეზონის უმთავრეს მატჩამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. შაბათს, 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება 2014 წლის ევროპის ერთა თასის/2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალური მატჩი – საქართველო რუმინეთის წინააღმდეგ.

მთელი სარაგბო ევროპის ყურადღება 15 მარტს თბილისში გასამართი მატჩისადმი არის მიმართული. “ბორჯღალოსნებისა” და “მუხების” მომავალ შეხვედრას, ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენისა და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელის გარდა, 2015 წლის მსოფლიო თასზე C ა D ჯგუფებში მონაწილეთა გარკვევის მნიშვნელობა აკისრია.

“ბორჯღალოსნებსა” და “მუხებს” ჯერჯერობით 17 ურთიერთშეხვედრა აქვთ გამართული – ორივე გუნდს 8-8 მატჩი აქვთ მოგებული, შარშან ბუქარესტში გამართული თამაში კი 9:9 დასრულდა. ამრიგად, გუნდებს შორის ანგარიში ფრეა.

მომავალი მატჩის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი “ბორჯღალოსნებისა” და რუმინელი “მუხების” შეხვედრის “სთრიმი”, მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებ-გვერდ Rugbyworldcup.com-ზე განთავსდება.

საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 10 მარტიდან დაიწყო. მსურველებს ბილეთების შეძენა ყოველდღიურად 11:00 საათიდან 19:00 საათამდე მიხეილ მესხის სტადიონზე შეეძლებათ. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

ტრადიციულად მატჩამდე 48 საათით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების  სამწვრთნელო შტაბმა შაბათის მატჩისათვის “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა.

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

ღერძი

9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე.

ხაზი

11. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 15. მერაბ კვირიკაშვილი.

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ანტონ ფეიქრიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედორე ზიბზიბაძე, 23. ლაშა მალაღურაძე.

მომავალ ბატალიებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე გამოეხმაურა: “შესანიშნავი მოვლენაა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო თასი ჩამოიტანეს და გულშემატკივარს მისი ხილვის და სურათების გადაღების საშუალება მიეცა. ეს ყველაფერი რაგბის პოპულარიზაციისთვის კეთდება.

ორგანიზატორები ცდილობენ, რომ მსოფლიო თასის წინ ის ყველა მონაწილე ქვეყანაში ჩაიტანონ. ეს ფაქტი და ის, რომ შაბათის თამაში ინტერნეტის საშუალებით მთელს მსოფლიოში გადაიცემა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი და რუმინეთის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.

ყველა ხვდება, რომ ორივე ეს ნაკრები უკვე ისე გაიზარდა, რომ ერთა თასის დონეს ასცდა. ლონდონში ყოფნისას ეს თემაც განვიხილეთ და ვფიქრობ, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ სერიოზულად დაიწყება საუბარი იმაზე, თუ სად უნდა იასპარეზონ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებმა.

რაც შეეხება უშუალოდ მომავალ თამაშს, ყველა გულშემატკივარმა იცის მისი ფასი. გამარჯვებული იღებს ყველაფერს და პლიუს დიდ პატივისცემას მსოფლიო სარაგბო საზოგადოებისგან და აქედან გამომდინარე, ბევრ სიკეთეს.

თანაბარი ძალის გუნდებს შორის უმნიშვნელოვანესი თამაშია და ჩემი ღრმა რწმენით, აქ უდიდეს მნიშვნელობას იძენს გულშემატკივარის ფაქტორი. ეჭვი არ მეპარება, რომ სტადიონი გაივსება და ჩვენი ერთგული გულშემატკივარი მეთქევსმეტე მოთამაშის ფუნქციას შეასრულებს”.

დღეს, მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტრადიციულ კაპიტნის ვარჯიშსა და წინა სამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ, რომელზეც ასევე იქნება შესაძლებელი ვებ ელისის თასის ნახვა.

რუმინეთის ნაკრების ვარჯიში 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო პრესკონფერენციას ისინი 16:15 საათზე გამართავენ.

“ბორჯღალოსნების” პრესკონფერენცია 16:30 საათზე დაიწყება, ხოლო ვარჯიში სტარტს 17:00 საათზე აიღებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078228