რაგბი

11:51 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანამ ნაკრებში წამოვიდოდნენ

 

სანამ საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში მოთამაშე ქართველი მორაგბეები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის გეზს სამშობლოსკენ აიღებდნენ, მათ Pro D2-ში მე-9 ტურის თამაშები მოილიეს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონს” უმასპინძლა. თამაში დაძაბული გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 11:9. საწყის 15 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 22-ე წუთზე “ორიაკი” არეკნით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე “ლიონმა” ლელო გაიტანა და ტაიმი 8:6 მოიგო. მასპინძლები 52-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ 69-ე წუთზე ჯარიმა თავადაც გაუშვეს და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ.

“ლიონის” შემადგენლობაში მესამეხაზელმა კოლელიშვილმა, ხოლო “ორიაკის” რიგებში მეორეხაზელმა დათუნაშვილმა ტრადიციულად სრულად ითამაშეს. პირველიდან 56-ე წუთამდე გაისარჯა ნაცარაშვილი, ხოლო კავთიძე განაცხადში არ იყო. ახლა “ლიონს” ცხრა თამაშიდან რვე მოგება აქვს და 36 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ორიაკი” 27 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” სტუმრად “ნარბონს” დაუზავდა. სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ნემსაძემ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, მესამეხაზელი ჩხაიძე 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მირცხულავამ 49 წუთი ითამაშა. “ნარბონი” 35-ე წუთისთვის 13:3 იგებდა, მაგრამ “ტარბმა” პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ორი ჯარიმა, ხოლო 46-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაიტანა და 16:13 დაწინაურდა. მასპინძლებმა ჯარიმები 68-ე და 74-ე წუთებზე გაიტანეს, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე თავადაც დაჯარიმდნენ და გუნდებმა 2-2 ქულა გაიყვეს - 19:19. “ტარბი” 18 ქულით მე-9 ადგილზეა.

ფრედ და თანაც 19:19 დასრულდა თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესისა” და “მონ-დე-მარსანის” შეხვედრაც. ორივე ქართველი უკანახაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშეს. შუამარბი შარიქაძე, რომელსაც ფრანგულ გუნდში დებიუტი წინა ტურში ჰქონდა, ამჯერად მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს. გარემარბმა მჭედლიძემ 77 წუთი ითამაშა, რადგან საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

61-ე წუთისთვის სტუმრები 10 ქულას იგებდნენ (16:6), მაგრამ მასპინძლებმა 10 წუთში წონასწორობა აღადგინეს. “მონ-დე-მარსანი” 77-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მსაჯის დამატებულ წუთებზე ჯარიმის შესრულების უფლება “ბურგ-ან-ბრესმაც” მიიღო და 2 ქულა ჩაიწერა. ქართველთა გუნდს ჯამში 13 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

13 ქულით მე-13 ადგილზეა ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბი”, რომელიც გასულ ტურში “დაქსთან” 8:22 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გარემარბმა თოდუამ, პირველხაზელი თეთრაშვილი კი, შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა ტაიმი 16:3 მოიგეს და მერე 22:3 დაწინაურდნენ. სტუმრებმა 65-ე წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” დაუხვდა და 18:20 დამარცხდა. შეყლაშვილმა 32-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა, ხოლო ყაულაშვილი განაცხადში არ იყო. “ბეზიეს” თამაშის მოგებაც შეეძლო, მაგრამ ორი მარტივი შეცდომა დაუშვა, ორი ლელო მიიღო და ერთი გარდასახვით დამარცხდა. მასპინძლებმა ტაიმი 10:6 მოიგეს, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე მათ 10 ნომერს 22-ში დაუფარეს და ლელო გაუშვეს. მერე შეყლაშვილის გუნდი 18:13 დაწინაურდა, თუმცა, 77-ე წუთზე ფეხით შეცურებული ბურთი ვერავინ აიღო და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. შედეგად, “ბეზიე” 16 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “ლა როშელს” 33 ქულა აქვს და მე-2 საფეხურზეა.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” “კარკასონს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა, 41:13 იმარჯვა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. თორნიკე ლომიძის “ოში” ასევე ქართველის გარეშე ეწვია “კოლომიეს” და 6:29 დამარცხდა. “აჟენი” 31 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “ოში” 10 ქულით ბოლო, მე-16 საფეხურს იკავებს. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 9-10 ნოემბერს გაიმართება.  

 

 

0.136169