რაგბი

16:08 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული 7-ქალა: პირველი ოფიციალური

 

რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, შინაურ ასპარეზს ოფიციალურად კიდევ ერთი შეჯიბრი შეემატა - 7-ქალას ეროვნული ჩემპიონატი. გამარჯვებულის გამოსავლენად სულ 4 ტურის ჩატარებაა ნავარაუდები. ქუთაისურ „დინამოზე“ კი დღეს სასტარტო ტური შედგა.

ქუთაისი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, სენაკი, ბათუმი - ასეთია ჩემპიონატის გეოგრაფია, თუმც ორგანიზატორებმა ზღვისპირული გუნდი ობიექტური მიზეზით მოისაკლისეს და გამოტოვებულ მატჩებს მას მოგვიანებით ათამაშებენ. საქმე ის არის, რომ ბათუმელთა ორი მოთამაშე (და ამავდროულად მწვრთნელი) 7-ქალა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა და ქუთაისური ტურისთვის ბათუმელებმა მომზადება ვერ მოახერხეს.

7-ქალა ეროვნული ნაკრები ვახსენეთ და დღევანდელ ქუთაისურ ბატალიებს მისი დამრიგებელი ჯაბა მალაღურაძეც ესწრებოდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს ექვსივე  თამაშს, რომლებიც ასეთი შედეგებით დასრულდა:

ქუთაისი - ოზურგეთი           50:0

ლანჩხუთი - სენაკი                35:0

სენაკი - ქუთაისი                    0:15

ოზურგეთი  - ლანჩხუთი      0:20

ქუთაისი - ლანჩხუთი            10:10

სენაკი - ოზურგეთი                0:15

 

ჯაბა მალაღურაძე: „წლეულს პირველად მიწევს ქალთა რაგბიში მუშაობა. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატს ვატარებთ. მე ვხედავ ქალთა რაგბის განვითარების დიდ სურვილს და სადაც ხუთ ქალაქში არის საამისო მზადყოფნა, სხვაგანაც სავსებით შესაძლებელია გუნდების ჩამოყალიბება, მთავარია მონდომება.

რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშის გვარი ჩავინიშნე. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში ისინი ნაკრებშიც მოხვდნენ. ახლა მთავარია, ჩემპიონატს და სხვა ტურნირებს  რეგულარული სახე მივცეთ.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, როგორც იცით, ახლა შეკრებაზე ვართ  და 8-9 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის „ა“ დივიზიონში შესარჩევი თამაშებისთვის ვემზადებით. ჩეხეთში გამგზავრებამდე ჰოლანდიაში, ამსტერდამის ტრადიციულ კომერციულ ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც 17-18 მაისს ჩატარდება.“

რამაზ მაღლაფერიძე (ქალთა რაგბის კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში): „ნამდვილად მისასალმებელი ამბავია - წლეულს პირველად ვატარებთ ეროვნულ ჩემპიონატს 7-ქალაში. აქამდე მხოლოდ სხვადასხვა ასაკობრივი ტურნირებით ვკმაყოფილდებოდით. ჩემპიონატი ხუთგუნდაა, მაგრამ სამომავლოდ მონაწილეთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. ამის გარანტიაა, რომ მალე ამოქმედდება გოგონათა საწვრთნელი ჯგუფები წყალტუბოში, ჩოხატაურში, ქობულეთში, სამტრედიაში და შესაძლოა, სხვა ქალაქებშიც. კარგი იქნება, თუ ქვეყნის აღმოსავლეთშიც გააქტიურდებიან. არ შეიძლება დედაქალაქს ქალთა რაგბის გუნდები არ ჰყავდეს.

ჩემპიონატის მომდევნო ტურები ივნისში, ივლისში და სექტემბერში ჩატარდება, აგვისტოში კი ქვიშის რაგბის ჩემპიონატიც გაიმართება.“

0.150248