ფეხბურთი

22:18 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მთავარი მაინც შედეგია

4 დღის წინ, „ჩიხურამ“ ამავე სტადიონზე თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ბოლნისის „სიონს“ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა და თუ საპასუხო შეხვედრაშიც ისეთივე მონდომებით გაისარჯა, ფინალს აუცილებლად უწევს. საჩხერელებს მეორე ფრონტზე - ჩემპიონატშიც რჩებათ თავის გამოჩენის, ანუ  საპრიზო ადგილზე გასვლის  შანსი და, წესით და რიგით, დარჩენილ ტურებში ყველაფერი უნდა იღონონ  მის გამოსაყენებლად. თასზე წარმატებული თამაშის, ან ჩემპიონატში მოწინავე სამეულში მოხვედრის  შემთხვევაში კი, როგორც იცით, ზემოიმერლები ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებენ. ჰოდა,  დღევანდელ მატჩში „ჩიხურამ“ ის ჰქნა, რასაც  ლამობდა  - პლეი ოფის  ბოლოადგილოსანი  გუნდი ივანწმინდიდან  ხელცარიელი გაისტუმრა.

მასპინძლებს გამარჯვება იოლად არ მოუპოვებიათ, თუმც დავიდან ისე ჩანდა, ,,ზუგდიდს“ განადგურება ვერ ასცდებოდა - მე-12 წუთისათვის ,,ჩიხურა“ უკვე 2:0 იგებდა.

სტუმრებმა საჩხერელთა მწვავე სადებიუტო შეტევებს ვერ გაუძლეს. პირველი გოლი, მარცხენა ფლანგზე დავით ბოლქვაძის წაქცევისთვის ჯარიმას მოჰყვა. სტანდარტულიდან ჩაწოდებული, ზუგდიდლებმა თითქოს გამოიტანეს საკუთარი საჯარიმოდან, მაგრამ უხეიროდ, ბურთი  რევაზ გოცირიძეს მიუვიდა,  რომელმაც  10 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და არჩილ მაქაცარიაც უძლური აღმოჩნდა. მეორე შემთხვევაში, გოცირიძე საგოლე გადაცემის ავტორად მოგვევლინა. მისი ზუსტი პასის შემდეგ, ზუგდიდელთა საჯარიმოში შეჭრილი დათო კირკიტაძე ოსტატურად გაისარჯა და ,,ჩიხურას“ უპირატესობა გაზარდა.

ამგვარ დასაწყისს, ერთი შეხედით, ,,ზუგდიდი“ საბოლოოდ უნდა გაეტეხა, ოღონდ სტუმართა სასახელოდა უნდა ითქვას, ხელები არ ჩამოუშვიათ და შემდგომში  მეტოქეს  ტოლსწორად ეთამაშებოდნენ, ეპიზოდურად კი სჯაბნიდნენ კიდეც ჩიხურელებს.

შესვენებამდე დარჩენილ დროში, სტუმარ-მასპინძლებმა 2-2 საგოლე მომენტი შექმნეს. ზუგდიდელთაგან ირაკლი ეხვაია ცდილობდა გატანას, ჯერ საჯარიმოს წინა ხაზიდან, მეორედ კი ახლოდან, ოღონდ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. მასპინძელთაგან თავის გამოჩენის შანსი ბესიკ დეკანოიძეს ჰქონდა. საჩხერელს ერთი დარტყმა გაუცუდდა, მეორე კი ზუგდიდელთა მეკარემ, თავგანწირულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

მე-2 ტაიმში ბურთს უფრო ხშირად სტუმრები ფლობდნენ, ოღონდ ამ უპურატესობის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ. ,,ჩიხურამ“ აშკარად კონტრშეტევებზე ააგო თამაში და 53-ე წუთზე დავით ოდიკაძემ მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძე ჩართო  იერიშში, რომელმაც დროულად შენიშნა ზუგდიდელთა საჯარიმოში შესული დეკანოიძე და კარგი გადაცემა გაუკეთა პარტნიორს, დეკანოიძემაც მოასწრო კარში დარტყმა, მაგრამ ბურთი მცველისგან კუთხურზე გადავარდა. მერე, სტუმართა უკანახაზელების შეცდომით, ბოლქვაძეს უნდა ესარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მაქაცარიამ იმარჯვა და ფეხიდან ააცილა ბურთი საჩხერელს.

ამ ბოლო ნახსენებ ეპიზოდს, ზუგდიდელთა სწრაფი შეტევა მოჰყვა, რომელიც საჯარიმოს წინა ხაზიდან ზვიად სიხარულიას ძლიერი სახიფათო დარტყმით დასრულდა - სტუმართა კაპიტანმა მცირედით ააცილა მიზანს. ბოლო 20 წუთი, თამაში ზუგდიდელთა უპირატესობით წარიმართა. გიორგი გაბედავას ეფექტური გოლის მერე, ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებს თამაშის გადარჩენის იმედი მიეცათ,  მით უფრო მას შემდეგ, რაც არბიტრმა საჩხერელთა ცენტრალური მცველი ედიკ საჯაია, მეტოქის შეტევისას ბურთზე ხელით თამაშისათვის მოედნიდან გააძევა.

კაცნაკლული მასპინძლები,  დარჩენილ დროში მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და საბოლოოდ, უპირატესობა შეინარჩუნეს.

ელგუჯა ქომეთიანი: ,,ძალა აღმართს ხნავს, ,,ჩიხურა“ კარგად დაბალანსებული, შეთამაშებული გუნდია და ეს მისი შედეგებიდან ჩანს. ჩვენ კი პრობლემები არ გველევა. ტრავმებს ტრავმები ემატება, გამოუცდელი ბიჭების დაყენება გვიწევს. ივანწმინდაში, თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩამოვედით. მარცხის მიუხედავად, ბიჭებზე აუგს ვერ ვიტყვი. გულიანად იბრძოლეს. დასაწყისში მივიღეთ 2 ბურთი, თორემ  შემდეგ  ინიციატივა  არ დაგვითმია და მატჩის გადარჩენაც შეგვეძლო, მაგრამ  იღბალმა ზურგი გვაქცია.“

სოსო ფრუიძე: ,,ზუგდიდს“ დასაკარგი არაფერი აქვს და დღეს მისგან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით. ბოლოსკენ გაგვიჭირდა და ამას, მხოლოდ საკუთარ თავს თუ დავაბრალებთ. 2:0-ზე გუნდმა საქმე მოთავებულად ჩათვალა და საბრძოლო განწყობა დაკარგა. მეტოქეს შემართებას დავუფასებ. სამწუხაროა, რომ საჯაია გასაძევებელი შეიქნა. ის ჩემპიონატის მომდევნო თამაშზე და „სიონთან“ საპასუხო სათასო მატჩზე დაგვაკლდება.“

„ჩიხურა“(საჩხერე) – „ზუგდიდი“  -  2:1(2:0)

საჩხერე. ივანწმინდის სტადიონი. 27 აპრილი. 16 საათი. 500 მაყურებელი

„ჩიხურა“: სომხიშვილი(კ), ოდიკაძე, საჯაია, რეხვიაშვილი, კაშია, დიღმელაშვილი, ლომაშვილი, ბოლქვაძე, კირკიტაძე(ქიმაძე, 85), გოცირიძე, დეკანოიძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

„ზუგდიდი“: მაქაცარია, რ. ონიანი, აფაქიძე, აქუბარდია, კანკია, შ. ლომია, ხუბუა, ფარჯიკია(კ. ქომეთიანი, 73), ეხვაია(კუკავა,83), გაბედავა, სიხარულია(კობერიძე, 64)

მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი

გოლი: 1:0 გოცირიძე(7), 2:0 კირკიტაძე(12), 1:2 გაბედავა(70)

გაფრთხილება:გოცირიძე(75), ფარჯიკია(65), საჯაია(75), დეკანოიძე(79), აქუბარდია(90)

გაძევება: საჯაია(75)

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, კ.გაბრიაძე, ა.კოკაია, დ.ხარიტონაშვილი

 

ავტორის ფოტოები

 

 

0.159982