რაგბი

15:44 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰაინეკენის თასი” ტულონელი ქართველებისაა

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის “ჰაინეკენის თასის” ფინალში, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” 16:15 დაამარცხა. 2013 წელი განსაკუთრებულია ქართული რაგბის ისტორიაში, რადგან სწორედ ამ წელს პირველად შემართა ქართველმა ეს პრესტიჟული ჯილდო და გახდა მე-18 ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც “ჰაინეკენის თასს” შეხებია.

მიქაუტაძესა და ჩილაჩავას არც ფინალში და არც მანამდე “ჰაინეკენის თასის” გათამაშების მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, ქუბრიაშვილმა კი, 9-დან 8 შეხვედრაში იასპარეზა, ფინალში მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა და საკუთარ გუნდს დარჩენილ სამ წუთში მეტოქის გააფთრებული იერიშების მოგერიებაში დაეხმარა.

ეს ტურნირი 1995 წელს დაარსდა, წლეულს მე-18 ფინალი გაიმართა და ფრანგულ, ინგლისურ და ირლანდიურ კლუბებს ის 6-6-ჯერ აქვთ მოპოვებული. “ტულუზასა” და “ბრივის” შემდეგ, “ტულონი” მესამე ფრანგული კლუბია, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო, არადა, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, წესით, ეს სიტყვები “კლერმონზე” უნდა დაგვეწერა.

დიახ, დუბლინში, “ავივა სტედიუმზე” გამართულ ფინალში კლერმონელები დომინირებდნენ, მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ ბურთს, ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, გაიტანეს ორი ლელო და ერთი მიიღეს კონტრშეტევაზე, მაგრამ “ტულონი” უფრო დისციპლინირებული იყო დაცვაში, მათ ჰყავდათ ჯონ უილკინსონი და ამ ლეგენდამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გადამწყვეტი მატჩის ბედი, არამხოლოდ იმიტომ, რომ მან 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა გაიტანა, რითაც იმ დღეს 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა, არამედ იმიტომაც, რომ ბოლოსწინა წუთზე დევიდ სკრელას არეკნზე დაუფარა და ამით საკუთარი გუნდი იმ 3 ქულისგან იხსნა, რომელიც მატჩის ბედს დიდი ალბათობით მეორე გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტდა.

ირლანდიაში ორივე გუნდს მრავლად ჩაჰყვა გულშემატკივარი. გარდა ამისა, ორივე ფრანგულ ქალაქში დიდი ეკრანები დამონტაჟდა და სამშობლოში დარჩენილი გულშემატკივრები იქ შეიკრიბნენ.

“ტულონთან” ერთად, დუბლინში ჩავიდნენ ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე, რომლებიც განაცხადში არ იყვნენ. ქუბრიაშვილზე უკვე ვთქვით, რომ სათადარიგოთა შორის იყო და დასკვნითი 3 წუთი ითამაშა.

“კლერმონის” სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ზირაქაშვილი და ის 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვიტო კოლელიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.

თამაში “კლერმონის” აქტიურობით დაიწყო, “ტულონი” მე-3 წუთზე დაჯარიმდა, მბოჭავმა შებოჭილს ხელი არ გაუშვა და “ჰაინეკენის თასის” მეოთხე ფრანგულ ფინალში მორგან პარამ დაახლოებით 45 მეტრიდან ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა. ჯონ უილკინსონმა წონასწორობა მე-15 წუთზე ჯარიმიდან აღადგინა და წინდაწინ გეტყვით, რომ ტაიმი 3:3 დასრულდა.

ზირაქაშვილი კარგად იდგა შერკინებაში და მეტოქე მასზე საწყის ათ წუთში ორჯერ დაჯარიმდა. ქართველმა პირველხაზელმა ბურთი პირველად 30-ე წუთზე, გვერდითი ხაზის სიახლოვეს მიიღო, ჩათვლის მოედნამდე დაახლოებით 10 მეტრი რჩებოდა, მან ორი მბოჭავი მოიცილა და მცირედით წაიწია წინ, მაგრამ რაც მთავარია, ფეხზე დარჩა, მეტოქეს თავი გვერდით ხაზს იქით არ გააყვანინა და ბურთი თამაშში დატოვა. ტაიმის ბოლოს დათომ მეტოქის 22-თან ტულონელთაგან ფეხით გადაკიდებული ბურთის დაჭერა სცადა, მაგრამ ის წინ დაუვარდა. ქართველი ლეგიონერი კარგი იყო ბოჭვებისას და მეორე ტაიმში, ერთ ეპიზოდში ზედიზედ ორი მოიერიშე ადგილზე გააქვავა.

“კლერმონი” მეტოქეზე უკეთ ირჯებოდა და პირველ ტაიმში რამდენჯერმე გაჭრა “ტულონის” დაცვის ხაზი, რითაც ხიფათი შექმნა, მაგრამ ამით ვერანაირი ხეირი ვერ მიიღო. კლერმონელებს პირველი ლელოს გატანა 35-ე წუთზე შეეძლოთ. “ტულონმა” ცენტრის სიახლოვეს დაკარგა ბურთი, “კლერმონმა” სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა, ბროკ ჯეიმსმა ბურთი ფეხით გადაიკიდა და დაიძრა, ორ მცველს სისწრაფეში აჯობა და ბურთი დაამიწა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გამეორებისას ცხადყო, რომ დამიწების მომენტში ბურთი უკვე კიდით ხაზს შეეხო - შემტევს ჩათვლის მოედნის სიგრძე არ ეყო. ზედ შესვენების წინ მანვე არეკნით სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ დაუფარეს.

მეორე ტაიმი უკეთ მობურთალმა “კლერმონმა” კარგად დაიწყო და მალევე ეს შედეგში აისახა. მარცხენა ფლანგზე მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, ნაპოლეონ ნალაგამ “დანის წვერზე” ისე გაიარა, გვერდით ხაზს არ შეხებია, სისწრაფე აკრიფა და ორი მბოჭავის მცდელობის მიუხედავად ჩათვლის მოედანში შეფრინდა. რეფერიმ ყოველი შემთხვევისთვის ეს ეპიზოდი ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმა, მაგრამ ყველაფერი წესრიგში იყო და “კლერმონი” 8:3 დაწინაურდა. გარდასახვა არაზუსტი გამოდგა.

განახლდა თუ არა თამაში, “კლერმონი” მოლის ჩაქცევისთვის დაჯარიმდა, უილკინსონმა გასატანი პოზიციიდან კარში დაჰკრა და სხვაობა შეამცირა - 6:8.

48-ე წუთზე მეორე ლელო გავიდა. ბროკ ჯეიმსმა მეტოქის ნახევარზე ცარიელ ადგილას ფეხით მოკლეზე გადაკიდა, ბურთს რუჟრი დაეუფლა, მცველები მიიზიდა, ჯეიმსს გადაცემა დაუბრუნა, ის მბოჭავს დაუსხლტა და ლელო გაიტანა. გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში 15:6 გახდა.

“ტულონმა” მომენტალურად ცვლილებებს მიმართა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამან გაამართლა, თუმცა, სათამაშო უპირატესობა მაინც “კლერმონის” მხარეს რჩებოდა. შეცვლაზე შესულმა ფრედერიკ მიშალაკმა “კლერმონის” ზურგსუკამ ცარიელი ადგილი ნახა და ბურთი ფეხით ჩაკიდა, მას ჯეიმსი დაეუფლა, მაგრამ სამი მოწინააღმდეგე დააცხრა თავს და ჩახურვისთვის დაჯარიმდა, უილკინსონმა კი, მეტოქის საჩუქარი კარგად შეირგო და ანგარიში 9:15 გახდა.

64-ე წუთზე სრულიად ალოგიკური რამ მოხდა და ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა. “კლერმონმა” რაქში დაკარგა ბურთი, აქ ფერნანდეს-ლობემ იყოჩაღა და დელონ ერმიტაიჯი მოძებნა, რომელიც დაუცველ ფლანგზე გაიჭრა და საპასუხო ლელო გაიტანა. უილკინსონმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა და “ტულონი” წინ გაიყვანა - 16:15. არგენტინელის კარგი თამაში და თერნოვერი მოგვიანებით მატჩის გადამწყვეტ მომენტად აღიარეს და ასეც იყო.

დარჩენილმა წუთებმა ტულონელთა ნახევარზე ჩაიარა, მაგრამ მათ უჯარიმოდ დაიცვეს თავი. უილკინსონმა ბასტაროსთან ერთად სკრელას არეკნი დაუფარა, მერე “კლერმონმა” მარჯვება ფლანგზე უპირატესობა შექმნა, მაგრამ მოიერიშემ გადაწყვეტილების მიღებაში ძვირფასი წამები დაკარგა, სალელოვე შეტევის წამოწყება არ მოხერხდა და მატჩიც “ტულონის” გამარჯვებით დასრულდა.

0.155662