ფეხბურთი

19:57 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ“ უმაღლესი წალენჯიხაში გაიფორმა

ეროვნული ჩემპიონატის 1 ლიგის „ა“ ჯგუფის 29-ე, დღევანდელ ტურში მოხდა ის, რაშიც კარგა ხანია ეჭვი არავის ეპარებოდა - ლანჩხუთის „გურიამ“ ვადამდე, გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაიფორმა უმაღლესი ლიგის საგზური. ეს ოფიციალური პროცედურა სამეგრელოში, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე შედგა. გურულებმა 2:1 მოუგეს ადგილობრივ „სქურს“, 77 ქულა დააგროვეს და პრაქტიკულად მიუწვდომელნი გახდნენ მათი უახლოესი მდევრის, დედაქალაქური „სასკოსათვის“, რომელმაც დღეს ტყიბულში  1:2  წააგო „მეშახტესთან“.

ლანჩხუთელები 11-წლიანი ლოდინის შემდეგ ბრუნდებიან ქართული ფეხბურთის ზედა ეშელონში, სადაც 11 სეზონი გაუტარებიათ. შეგახსენებთ, „გურია“  ქვეყნის ჩემპიონატების 2-გზის ვერცხლის პრიზიორი(1990,1991) და თასის მფლობელი(1990) გუნდია.

სხვათა შორის, გურულები მიმდინარე სეზონში თასზეც ბეჯითობდნენ. მათ გათამაშება „სქურის“ ძლევით დაიწყეს, მერე ჯერ კიდევ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ზესტაფონი“ ჩამოიცილეს გზიდან, მეოთხედფინალში კი ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს თბილისის „დინამოს“. ლანჩხუთელებმა შინ  0:0 ითამაშეს, ხოლო დედაქალაში 2:3 წააგეს. ალბათ, გახსოვთ, უკანასკნელ წუთებზე  სტუმართა კიპერის მიერ ძნელად ასახსნელი შეცდომის შედეგად  გაშვებული ბურთი, თორემ, ვინ იცის, ეგებ „გურია“ ფინალშიც გვეხილა.

ასე იყო თუ ისე,  2012-2013 წლების სეზონი  უთუოდ „გურიას“ აქტივში ჩაიწერება. როგორც ვთქვით, ლანჩხუთელები  11-წლიანი განშორების შემდეგ  უბრუნდებიან უმაღლესს. საგულისხმოა, რომ „გურიას’ ახლანდელი თავკაცი თემურ ლორია, როგორც მოთამაშე და  ვიცე-კაპიტანი ტარიელ კუკულაძე, გუნდისთვის ბოლო „საბედისწერო“ სეზონშიც ირჯებოდნენ.

ორიოდე სიტყვით დღევანდელ მატჩზეც. თამაში მთლიანობაში სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა. მე-10 წუთზე ანგარიში სწორედ მათ გახსნეს - კობა შალამბერიძის ფლანგურ გადაცემას ტარიელ კუკულაძემ ზუსტი თავური შეაგება. წალენჯიხელებმა ეს გოლი 15 წუთის შემდეგ გაქვითეს - ვლადიმერ მორგოშიამაც თავურით გაიტანა. მასპინძლებისთვის ლიდერთან ყაიმი საპატიო იყო და ისინიც ყველაფერს აკეთებდნენ ანგარიშის შესანარჩუნებლად, მაგრამ თამაშის მიწურულს მაინც გაუშვეს გოლი. ზვიად კვარაცხელიამ მეტოქის  საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან ახლო ჩინებულად შეასრულა სტანდარტული და „გურიას“ გაამარჯვებინა.

„სქური“(წალენჯიხა) – „გურია“(ლანჩხუთი) -1:2(1:1)

წალენჯიხა.“საშა კვარაცხელია“ . 9 მაისი. 17 საათი. 200 მაყურებელი

„სქური“: ხარჩილავა, ღარიბაშვილი(კვირკვია,87), ყურუა, ბოჯგუა, მიქენაია, სართანია, ქვარცხავა, გაბუნია, მორგოშია, რაფავა, ჭკუასელი

მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ ბოჯგუა

„გურია“: ძაძამია, მაისაშვილი, ს.თოდუა, ჯანგიძე, ვართაგავა(ჩუენსუ,46), გოგობერიშვილი, დარჩიძე, შალამბერიძე(კვარაცხელია,65) შენგელია(კილაძე,86), კუკულაძე, კაკალაძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლი: 0:1 კუკულაძე(11), 1:1 მორგოშია(25), 1:2 კვარაცხელია(87)

გაფრთხილება: ბოჯგუა(72)

არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი

 

გუნდი გგ მგ
1           გურია                   29        25        2        2        79          17       77
2 სასკო 29 19 3 7 80 32 60
3 დინამო-2 29 18 5 6 83 41 59
4 გაგრა 29 16 3 10 54 35 51
5 იმერეთი 29 11 6 12 32 38 39
6 მეშახტე 29 10 6 13 33 55 36
7 ქედა 29 10 3 16 35 63 33
8 ჭიათურა 29 9 6 14 30 44 33
9 სტუ 29 10 2 17 55 68 32
10 სქური 29 8 7 14 29 47 31
11 რაჭა 29 7 3 19 37 67 22
12 სულორი 29 6 4 19 26 60 22

 

ავტორის ფოტოები

0.144171