სხვა

19:50 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგონებშიც და ვაჟებშიც მასპინძლებმა იმარჯვეს

ქუთაისის სპორტის სასახლეში ღვაწლმოსილი პიროვნების, მრავალმხრივი სპორტსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჩვენს ქვეყანაში ბალახის ჰოკეის დამფუძნებლის, თემურ არჩაიას სახელობის ტრადიციული, რიგით მე-9 ტურნირი ჩატარდა. ეს შეჯიბრება აქამდე საერთაშორისო სტატუსს ატარებდა, თუმც ამჯერად ქალაქის მერიის სპორტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო გეგმიური ღონისძიების დაფინანსება, რის გამოც შეუძლებელი გახდა უცხოელთა მოპატიჟება. მიუხედავად ამისა, ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მასში ვაჟთა და გოგონათა 4-4-მა გუნდმა იასპარეზა.

ვაჟებს შორის ფინალში თამაშის უფლება ქუთაისელმა და ლანჩხუთელმა ჰოკეისტებმა მოიპოვეს, რომლებმაც მანამდე შესაბამისად ბათუმის (3:1) და აბაშის (7:6) წარმომადგენლებს აჯობეს. გადამწყვეტი მატჩი ქუთაისის გუნდის (მწვრთნელები დავით მოდებაძე, ხვიჩა ჯავახაძე) უპირატესობით მიმდინარეობდა და მისივე გამარჯვებით - 6:2 დასრულდა.

ვაჟების მსგავსად, პირველობა არავის დაუთმეს ქუთაისელმა გოგონებმაც (მწვრთნელი მარინა მახარეიშვილი, მოთამაშე მწვრთნელი ბელა ბასილაძე). მათ ჯერ აბაშის გუნდი დაამარცხეს - 3:0, შემდეგ ბათუმელებს მოუგეს - 2:0 – და მთავარი ჯილდო დაისაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ აჭარლებმა ფინალამდე ლანჩხუთელებთან მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დაასრულეს და მეტოქეს პენალტების სერიაში სძლიეს.

ტურნირის საუკეთესო მათამაშეებად მასპინძელი გუნდების წევრები გრიგოლ გერაძე და ლელა სვინტრაძე დასახელდნენ.

 

ავტორის ფოტოები

 

0.143483