რაგბი

18:44 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნდნენ და ითამაშეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, სამოასთან ისტორიული და გმირული გამარჯვების შემდეგ, საკუთარ კლუბებს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილნი დაუბრუნდნენ და მათმა უმეტესობამ გასულ უქმეებზე საფრანგეთის პირველ და მეორე ელიტარულ დივიზიონში ითამაშა.

ტოპ 14-ში დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” გალიდერდა, რომელმაც გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” სტუმრად 30:23 დაამარცხა. ზირაქაშვილს მუხლი აწუხებს და ვერ თამაშობს, თუმცა ნაკრების მატჩს მაინც დაესწრო. მან კლუბის შემადგენლობაშიც სწორედ ტრავმის გამო არ ითამაშა. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, ჟღენტი ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა გადაწყდა, რომ მას ოპერაცია ჭირდებოდა და “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში ვერ ჩამოვიდოდა, მაგრამ მას შემდეგ კლუბში აგერ უკვე მეორე თამაში ჩაატარა.

“კლერმონთან” მატჩში მასპინძელთა პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს მისი გუნდი 16:10 იგებდა. “პერპინიანმა” მეტოქის ლელო-გარდასახვას ლელო-გარდასახვითვე მე-60 წუთზე უპასუხა და ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში ორი ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაუშვა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. “კლერმონმა” კონკურენტის მარცხით ისარგებლა და პირველი წრის შემდეგ 40 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა, ხოლო “პერპინიანი” 30 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

კლერმონელებმა ლიდერის პოზიცია “ტულონს” ჩამოართვეს, რომელიც “სტად ფრანსესთან” პარიზში 0:23 დამარცხდა. პარიზელთა რიგებში კვლავ არ უთამაშია კლუბში დაბრუნებულ ზურაბ ჟვანიას, ხოლო “ბორჯღალოსანი” დავით ქუბრიაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. სტუმართა განაცხადში არ იყვნენ ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე. მასპინძლებმა ტაიმი 3:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისშივე კიდევ 2 ჯარიმა გაიტანეს. 58-ე წუთზე “სტად ფრანსემ” ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაზარდა და ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელო-გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შედეგად, “ტულონი” 36 ქულით მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა, ოღონდ წინა ორ საფეხურზე მყოფ გუნდებს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, ხოლო “სტად ფრანსე” 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

36 ქულით მეორე ადგილზეა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, რომელიც სტუმრად “გრენობლთან” 18:25 დამარცხდა, მაგრამ ერთი პრემიალური ქულა ამ ეტაპზე წინსვლისათვის საკმარისი აღმოჩნდა. ქართველმა ლეგიონერებმა მძიმე ტრავმები სეზონის სტარტზევე მიიღეს და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ.

ამდენივე ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელმაც “ბაიონს” 46:16 სძლია და დამატებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 51 წუთი გაატარა. მისმა გუნდმა პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანა და 13:6 დაწინაურდა, ფეიქრიშვილის შეცვლამდე კი, მონაგარს კიდევ 2 ლელო და 12 ქულა შესძინა და 25:9 იგებდა. დარჩენილ დროში სტუმრების ერთ ლელოს მასპინძლებმა კიდევ სამით უპასუხეს დიდი ანგარიშით იმარჯვეს.

“ბორჯღალოსანთა” დაბრუნებამ ვერ უშველა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელმაც სტუმრად დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროსთან” 12:17 წააგო. შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და სამოასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გორგოძემ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78 წუთი გაისარჯა ნარიაშვილი. მასპინძელთა საწყის 15-ში იყო ხინჩაგიშვილი, რომელიც კლუბს აშშ-სთან მატჩის შემდეგ დაუბრუნდა და მან მოედანზე 64 წუთი გაატარა.

“მონპელიემ” ტაიმი 9:3 მოიგო და 54-ე წუთზე 12:6 დაწინაურდა, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე ლელო გაუშვა. დარჩენილ დროში “რასინგ მეტრომ” კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 4 ქულა ჩაიწერა, რის შემდეგაც ჯამში 31 გაუხდა და მე-8 საფეხურამდე აღზევდა. მიუხედავად ზედიზედ ორი მარცხისა, “მონპელიე” 34 ქულით საპლეიოფო მე-6 ადგილს ინარჩუნებს.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გოდერძი შველიძე, მაგრამ უკვე მე-8 წუთზე ისევ დაშავდა და ის კარლენ ასეიშვილმა შეცვალა. ქართველთა “ბრივი” “უაიონს” ეწვია და 9:28 დამარცხდა. ბრიველებმა ორი ჯარიმა და ერთი არეკნი პირველსავე ტაიმში გაიტანეს, მაგრამ შესვენებაზე ექვსქულიანი დეფიციტით გავიდნენ, მერე კი, 13 უპასუხო ქულა მიიღეს. “ბრივს” 28 ქულა დარჩა და მე-11 ადგილამდე დაეშვა.

სტუმრად “ბიარიცთან” უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” (22:15) და 30 ქულით მე-10 ადგილზე დაწინაურდა. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო. ახლა ფრანგული კლუბები ევროთასებზე გადაერთვებიან და საფრანგეთის ჩემპიონატი 21 დეკემბერს განახლდება.

“კელტების ლიგაში” დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა” ირლანდიური “კონახტი” 43:10 გაანადგურა, ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველმა მეორეხაზელმა თითი ჯერ კიდევ კანადასთან მატჩამდე, ვარჯიშზე მოიტეხა და განაცხადში არ იყო. შოტლანდიურ კლუბს 17 ქულა აქვს და 12 გუნდს შორის მე-8 ადგილზეა. მომდევნო შაბათ კვირას ის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასზე” ითამაშებს.

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ს 12 თამაშიდან 11 მოგებით კვლავინდებურად გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონი” ლიდერობს. გასულ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ტიმ ლეინის გაწვრთნილმა გუნდმა “დაქსს” ხუთი ლელო გაუტანა, 31:8 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. კოლელიშვილმა კანადასთან მატჩში წითელი ბარათი რომ მიიღო, ერთთვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და კიდევ ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს, ხოლო კავთიძე ტრავმირებულია. “ლიონს” 51 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს მთელი 11 ქულით უსწრებს.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” უშუალო კონკურენტს, ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” სტუმრად 25:17 მოუგო და 40 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ლა როშელი” 38 ქულით მესამე საფეხურზე დაეშვა. ქართველ ლეგიონერებს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” სტუმრად “პოსთან” 9:20 დამარცხდა და ბოლო ოთხ მატჩში სამი წაგების შემდეგ, 32 ქულით მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა მეორეხაზელმა პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო პირველხაზელი ნაცარაშვილი სამი წუთით ადრე შეცვალეს. “ორიაკი” მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტს ეთამაშება და მოგებით საპლეიოფო ხუთეულში დაბრუნების კარგი შანსი ექნება.

სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ გიორგი ჩხაიძე და გიორგი ნემსაძე, მაგრამ მათმა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა”, “მონ-დე-მარსანთან”სტუმრად გამართულ მატჩში მხოლოდ პრემიალური ქულის აღება მოახერხა. სამივე სანაკრებო მატჩში ნაომარ ჩხაიძეს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს, ნემსაძემ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ხოლო მირცხულავა პირველიდან 49-ე წუთამდე გაისარჯა. სტუმრები 77-ე წუთზე გაშვებული არეკნის შემდეგ უქულოდ რჩებოდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ჯარიმიდან შანსი ხელიდან არ გაუშვეს, სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანეს (15:21) და აქტივს 1 ქულა შემატეს. ახლა “ტარბს” 24 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესი” საქართველოს ნაკრების უკანახაზელების გარეშე ბექა შეყლაშვილის “ბეზიესთან” 18:25 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა პირველხაზელმა შეყლაშვილმა. თამაში დაძაბული გამოდგა, სტუმრები 55-ე წუთისთვის 12:9 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ლელო-გარდასახვა გაუშვეს და 4 ქულით ჩამორჩნენ. “ბურგ-ან-ბრესმა” ორჯერ შეძლოს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ორი ჯარიმა გაუშვა და 7 ქულით მარცხისთვის მხოლოდ პრემიალური ქულა ჩაიწერა.

“ბეზიე” 23 ქულით მე-11 პოზიციაზეა, ხოლო “ბურგ-ან-ბრესი” 16 ქულით ბოლო მე-16 ადგილს იკავებს. მას მხოლოდ დამატებითი მაჩვენბლებით ჯობნის თორნიკე ლომიძის “ოში”, რომელიც ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბის” დაუხვდა და მასთან ქულები გაიყო - 29:29. სტუმართა რიგებში გარემარბმა თოდუამ სრულად ითამაშა, თეთრაშვილმა კი, მოედანზე 39 წუთი გაატარა. ახალგაზრდა პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო და მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გასულა. “ალბი” 74-ე წუთისთვის 10 ქულას იგებდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ჯერ ჯარიმა გაუშვა, სამ წუთში ლელო მიიღო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ფრეს დასჯერდა. მას 20 ქულა აქვს და გასავარდნი ზონის სიახლოვეს, მე-14 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 7 დეკემბერს გაიმართება.   

თეგებიმამუკა გორგოძედავით ქუბრიაშვილილევან ჩილაჩავაკოტე მიქაუტაძედავით ზირაქაშვილივიტო კოლელიშვილიანტონ ფეიქრიშვილიგიორგი ნემსაძევასილ კაკოვინიჯაბა ბრეგვაძემიხეილ ნარიაშვილიგიორგი ჟღენტიზურაბ ჟვანიაგოდერძი შველიძეკარლენ ასეიშვილიზაზა ნავროზაშვილიდავით ხინჩაგიშვილიPro D2გურამ კავთიძეტარიელ რატიანიძებექა შეყლაშვილიგიორგი ჩხაიძეირაკლი მირცხულავალექსო ყაულაშვილითამაზ მჭედლიძევახტანგ ახობაძეხვიჩა ბუჯიაშვილივახტანგ მაისურაძეგიორგი თეთრაშვილისანდრო თოდუაკახა კობერიძელევან დათუნაშვილიგიორგი ნაცარაშვილითორნიკე ლომიძემერაბ შარიქაძეტოპ 14
0.141699