ბორჯღალოსნები

22:26 | 28.07.2021 | ნანახია 958 - ჯერ

U18 საერთაშორისო სერია - საქართველო v სამხრეთ აფრიკა

1 აგვისტოს საქართველოში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდე ნაკრები ჩამოდის, რომელთანაც უმცროსი ბორჯღალოსნები სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სტუმრებს და საქართელოს ნაკრებს გარკვეული დროით თვითიზოლაციაში მოუწევთ ყოფნა და თამაშები 7, 11 და 14 შევარდენზე, თელავში და მარტყოფში გაიმართება. მატჩების დაწყების დრო მოგვიანებით დაზუსტდება. ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე, მატჩებზე მაყურებლები არ დაიშვებიან.

მეგობრობის შედეგად

საერთაშორისო სერია საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირების მეგობრობის ფარგლებში დაიგეგმა და ის კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩაივლის. სტუმრები იზოლაციაში მარტყოფის, ხოლო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები „შევარდენის“ ბაზაზე ჩაიკეტებიან და ყოველი მატჩის წინ, როგორც მოთამაშეებს, ასევე მენეჯმენტს და ბაზის მომსახურე პერსონალს, კოვიდ-ტესტები ჩაუტარდება.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ თუ კოვიდ-რეგულაციები ტურნეს ხელს არ შეუშლის, შესაძლოა, რომელიმე მატჩი რეგიონში გაიმართოს:

„ეს ტურნე დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როდესაც სამხრეთ აფრიკელებთან მოლაპარაკება გვქონდა ეროვნული ნაკრებების დონეზე ტესტ-მატჩების გამართვასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ კოვიდ-პანდემიის მხრივ ძალიან რთული სიტუაციაა და მაქსიმალურად ვიცავთ და დავიცავთ კოვიდ-რეგულაციებს, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი მაღალი დონის თამაშებზე უარი ვთქვათ“.

„კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, აფრიკელები იზოლაციაში მარტყოფის ბაზაზე, ხოლო ქართველები „შევარდენზე“ იქნებიან და თამაშებიც სავარაუდოდ ამ მოედნებზე გაიმართება. თუ ტურნეს ბოლომდე ვირუსმა ხელი არ შეგვიშალა, შესაძლოა, დასკვნითი მატჩი სხვა სტადიონზე, რომელიმე რეგიონში ჩატარდეს“.

უმცროსი ბორჯღალოსნები ოქტომბერში კალინინგრადში გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და სამხრეთ აფრიკელებთან სამი ჯახი ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

„ჩვენი 18-წლამდელები ოქტომბერში კალინინგრადში, რაგბი ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში ითამაშებენ და ეს შეხვედრები მათთვის მომზადების ერთადერთი საშუალებაა. ბიჭებს დიდი გამოცდა ელით, რადგან სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მოდის“ – ამბობს ხურციძე.

მზადება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

გარდა რაგბი ევროპის ჩემპიონატისა, სამხრეთ აფრიკელებთან მატჩები 2022-2023 წლების მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპიცა და ქართველთა გაფართოებულ, 47-კაციან რაზმში, მრავლად არიან 2003 წელს დაბადებული მორაგბეები (ასევე 2004 წელს დაბადებულები), მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს.

სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც და მიხეილ სუჯაშვილთან ერთად, კონკრეტულად ამ თამაშებისთვის, მზადებაში უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელები – ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი არიან ჩართული.

მომავალ შეხვედრებთან დაკავშირებით კილასონია ამბობს:

„ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო რაგბში პირველ ნაბიჯებს დგამენ, ეს უმნიშვნელოვანესი ტურნეა. სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის. რადგან ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ერთი წლით უმცროს მორაგბეებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, 18-წლამდელთა ამ ფორმაციის გუნდში დიდი დოზით არიან წარმოდგენილი 2003 წელს დაბადებული მორაგბეები“.

„გარდა ამ თამაშებისა, მათ ოქტომბერში მოუწევთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი კალინინგრადში და სამომავლოდ, 20-წლამდელებს ბევრად უფრო გამოცდილი მოთამაშეები შეავსებენ. ტურნეს სამხრეთ აფრიკაც სერიოზულად უდგება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მათ გუნდს მოყვება 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი ბაფანა ნჰლეკო, რომელიც დააკვირდება და შეარჩევს კანდიდატებს“.

სამხრეთ აფრიკა საქართველოს 38 მოთამაშით და სტაფის 8 წარმომადგენლით ეწვევა. მათი კავშირის რაგბი დირექტორი რასი ერასმუსი ამბობს, რომ ამ ტურნეს მომავალი „სპრინგბოქსელების“ მომზადების კუთხით დიდი ყურადღება ეთმობა:

„18-წლამდელთა ნაკრები ჩვენი განვითარების პროგრამის განუყოფელი ნაწილია და ამ მოთამაშეებისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო რაგბისთან ზიარება. კოვიდ-პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია ვერ ვატარებთ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიას და ალტერნატივის სახით საქართველოს შემოთავაზება მივიღეთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ ახალგაზრდებთან მუშაობა არ შეგვიწყვეტია და ესენი არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ჯერ უმცროს და შემდგომში უფროს ‘სპრინგბოკს’ შეავსებენ. სწორედ ამ მიზნით, სამწვრთნელო შტაბში 20-წლამდელთა თავკაცი ბაფანაცაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, თამაშები 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსგავსადაა გაწერილი, რაც მოთამაშეებს ასეთ ინტენსივობასთან შეჩვევის შესაძლებლობას მისცემს“.

გუნდის მთავარი მწვრთნელი კატლეხო ლინჩი ადასტურებს, რომ მათი სამიზნე 2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებაა:

„ამ ბიჭებს 15 წლიდან ვაკვირდებით. შემადგენლობაში 17-18 წლის მორაგბეები გვყავს, რომლებმაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ 20-წლამდელთა ნაკრების შევსება“.

თამაშები რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის წესებით ჩატარდება. გუნდებს განაცხადში 26-26 მოთამაშე ეყოლებათ და მარქაფაში მყოფი 11 მორაგბიდან, შეცვლაზე მხოლოდ 8 შევა. ტაიმების ხანგრძლივობა 35 წუთია.

საქართველოს 18 წლამდელთა შემადგენლობა

პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), ემზარ ხუჭუა (ხვამლი), თორნიკე ბოყოველი (ლელო); ბადრი ციხისთავი (ლელო), დავით მჭედლიძე (ლელო), გიგა თუთისანი (აია);

მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ზურაბ ტალახაძე (ხარები), ნიკა ლომიძე (ხარები), ლუკა სულუაშვილი (ლელო);

მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), დავით ბერიძე (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ჯაბა ოდიშარია (ლელო), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);

9: დავით ხუროშვილი (ლელო), მათე ჩქარეული (ყაზბეგი), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები), ლუკა ჭინჭარაული (ლელო), გელა ხელაძე (ლელო);

12-13: თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), ერეკლე იორდანიშვილი (აკადემია), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), ლევან ბაჩილავა (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ხარები), საბა ციხელაშვილი (ლელო);

11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა კობაური (აკადემია), საბა ცხვარიაშვილი (ვეფხვები), საბა არჩვაძე (ლელო);

15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), არჩილ კვარაცხელია (აშშ), ემზარ მინდიაშვილი (აია).

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083462