შიდა რაგბი

17:15 | 18.02.2019 | ნანახია 828 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: ჩემპიონმა ლიდერობა შეინარჩუნა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მეორე წრე მატჩნაკლული ტურით დაიწყო. საკადრო პრობლემების გამო მარნეულის ‘არმაზმა’ ქუთაისში, ‘აიასთან’ გამგზავრება ვერ მოახერხა. ქვემოქართლელთა დამრიგებელმა დათო კიკნაძემ ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 10 მოთამაშე მოისაკლისა (7 მორაგბე დიდი 10-ის ბინადარ ‘არმაზსა’ და ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში იქნა მივლინებული, 3-ი მოთამაშე კი ტრავმირებულია). მართალია ‘არმაზმა’ რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი საქმის ყურში მატჩამდე ჩააყენა, თუმცა პირველობის დებულება შეხვედრის გადავადებას არ ითვალისწინებს და საქმეც განსახილველად სრკ-ს სადისციპლინარო კომიტეტს გადაეცა, რომელიც მომხდარზე უახლოესს დღეებში იმსჯელებს.

რუსთავის ‘ხარებმა’ პლეი ოფისკენ მძლავრი ნაბიჯი გადადგეს. თემურ ლობჟანიძის შეგირდები ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ ქვემოქართლის დედაქალაქში დაუხვდნენ და დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 8:7 იმარჯვეს. მეტოქეებმა ზამთრის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეს და ტურნირის მეორე წრეს ფიზიკურად კარგად მომზადებულნიც შეხვდნენ. ორივე გუნდმა დაცვაში თამაშს საგრძნობლად უმატა და თან ამაღლებული სათამაშო დისციპლინაც თვალშისაცემი გახლდათ. უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, ‘ხარები’ მხტომელ კახა დარბაიძის ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა ქვემოქართლელთა მგეზავ ბესო გაგიშვილს გარდასახვა გაუცუდდა. ‘რკინიგზელებმა’ ტემპს უმატეს და მესამეხაზელ მერაბ ფრუიძის ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს, მგეზავ ილია ბეკურაშვილის გარდასახვით კი გამარჯვებას მიუახლოვდნენ - 5:7. მასპინძლებმა მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე მოახერხეს. ‘ხარებმა’ მძლავრი შერკინების ხარჯზე გასატანი ჯარიმა გამოიმუშავეს. გაგიშვილს სამიზნე ამჯერად არ გამრუდებია და ქვემოქართლელებმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, 19 საცხრილო ქულას მოუყარეს თავი, მოწინავე კვარტეტში პოზიცია განიმტკიცეს და მდევარ ‘სამთას’ მთელი 9 ქულით გაუსწრეს. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ტიტულისა და საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას მოწინავე კვარტეტი პლეი ოფის პრინციპით განაგრძობს.

‘ხვამლმა’ დაუმარცხებელი ასპარეზობა მუხიანში, ‘სამთასთან’ დამაჯერებელი გამარჯვებით განაგრძო - 40:0. შეხვედრის წინ, მეტოქეებმა ‘ხვამლის’ რაგბის სკოლის აღსაზრდელ, 17 წლის ასაკში დაღუპულ შაკო ჯანხოთელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ძლიერი ქარის მიუხედავად, რატი ურუშაძის შეგირდები თამაშის მაღალი ორგანიზაციით გამოირჩნენ. დაცვაში საიმედო გარჯასთან ერთად მასპინძლები შეტევაში სწრაფად, არაორდინალურად მოქმედებდნენ და კიკეთელებს ორივე ტაიმში 3-3 უპასუხო ლელო გაუტანეს (ტარიელ გვიმრაძე; ლუკა პეტრიაშვილი; ლაშა გოგოშვილი; საბა კურტანიძე; გიორგი ჯობავა; ზურა ქობელაშვილი). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ხვამლის’ მგეზავის საუცხოო თამაში. ქობელაშვილმა გატანილ ლელოსთან ერთად, ურთულესი პოზიციებიდან 5 გარდასახვაც გამოიყენა, ფეხით ეფექტურად მოქმედებდა და ოვალსაც იუველირული სიზუსტით ანაწილებდა. მარცხის მიუხედავად, მატჩის რიგ ეპიზოდებში კიკეთელებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. ‘სამთას’ დამრიგებელ გიორგი ენუქიძეს სეზონის წინ პრაქტიკულად ახალი გუნდის შექმნა მოუხდა და ‘სენატორაც’ ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესს ძირითადი 15-ეულის როტაციით აგრძელებს.

მერვე ტური ქუთაისში, ‘არესისა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირებით დასრულდა. ჩემპიონი მამაქალაქს დიდი საკადრო პრობლემებით ეწვია. ‘ლელოს’ დამრიგებელმა ოთარ ბარკალაიამ მთლიანობაში, ქვეყნის ახაგაზრდულ და 18 წლამდელთა ნაკრებში მივლინებული 12 მოთამაშე მოისაკლისა! სათამაშო პრაქტიკას მოკლებულ ‘ლელოს’ მარქაფას თამაშის დალაგება კარგა ხნის მანძილზე უჭირდა, ვითარებას უამინდობაც ართულებდა. ლელოს გატანა პირველმა ‘არესმა’ შეძლო. თავი მარბიელმა ბექა თათვიძემ გამოიჩინა. კუხალაშვილის გარდასახვამ რიონისპირელებს 7-ქულიანი უპირატესობა არგუნა. ჩემპიონი გააქტიურდა, სტუმართა მღელვარებაც თანდათან დაცხრა და ‘ცოფიანის’ ბიჭებმა პირველ ტაიმში 3 ლელოს დადება მოახერხეს (საჯარიმო ლელო; პაატა ღარიბაშვილი; ბექა ყორიაული) და 19:7 დაწინაურდნენ. ჩემპიონი ფონს უპირატესად ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გადიოდა. მეორე ტაიმში ჩემპიონმა უპირატესობა ნიკა ქათამაძისა და რობი ნერსეზაშვილის ლელოთა მეოხებით 26 ქულამდე გაზარდა. ‘ლელომ’ 33:7 მოიგო და ლიდერობასთან ერთად აღებული პრემიით, მდევარ ‘ხვამლთან’ 2-ქულიანი უპირატესობაც შეინარჩუნა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069457