შიდა რაგბი

20:20 | 8.10.2018 | ნანახია 1372 - ჯერ

ფავორიტებმა ლიდერობა შეინარჩუნეს

მოწინავე რვეულის პირველივე შეხვედრებმა ნათლად ცხადჰყო, რომ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრათა უმრავლესობა დაძაბულ, უკომპრომისო ბრძოლაში ჩაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ ჭაბუკ მორაგბეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა/ძლიერი ქარი მთელ საქართველოში ძალუმად ქროდა/, ტურის ოთხივე შეხვედრა დაძაბული და კარგი საცქერიც გამოდგა.

‘ლელომ’ მესამე მასივში მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა და 46:10 დამაჯერებელ გამარჯვებასთან ერთად პრემიაც აიღო. ჩემპიონს პირველ ტაიმში პირქარში მოუწია თამაში, რამაც დავით კიკნაძის შეგირდებს მატჩის საწყის ნაწილში ფავორიტთან ტოლ-სწორი პაექრობის შესაძლებლობა მისცა. თავიდან არმაზი,შუამარბ მიშო ჩადუნელის ლელოთი დაწინაურდა კიდეც, რასაც ოთარ ბარკალაიას ბიჭების აფეთქება მოჰყვა. მასპინძელთა რიგებში გამორჩეულმა ფულბეკმა კობა ირემაძემ ანგარიში გაათანაბრა, რის შემდგომ ‘ლელომ’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა.

განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მასპინძლებმა ბორჯღალოსანი დამრიგებლის დავალება პირნათლად შეასრულეს. გაშლილ თამაშთან ერთად, მოკლე დარტყმებით მოპოვებულ უპირატესობას სტატიკაში ჩვეული სიმძლავრეც დაურთეს და ქვემოქართლელებს მთლიანობაში 7 ლელოც გაუტანეს. ირემაძის გარდა, სპეციალისტთა მოწონება ლელოს ახალწვეული კვაჭის გუგა ტაბატაძის თამაშმაც დაიმსახურა. მიმდინარე პირველობაზე ლელო, თამაშის ორგანიზაციითა და ხარისხით გამორჩეული გუნდი გახლავთ.

დებიუტანტის კვალობაზე ჩინებულად მობურთავე ‘ხვამლმა’ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოდიუმისკენ რეალური სწრაფვა. დედაქალაქურ დერბიში, მუხიანელებმა ‘ხვამლი არენაზე’ ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ 24:5 სძლიეს. შეხვედრის დასაწყისში, ‘რკინიგზელთა’ მგეზავ გიორგი ყუფარაძის დადებული ლელოთი, რატი ურუშაძისა და ერეკლე ფერაძის შეგირდებმა სეზონში პირველი სამატჩო ქულები გაუშვეს. შეხვედრას საქართველოს 18 წლამდელთა თავკაცები დავით ჩავლეიშვილი და მიხეილ სუჯაშვილი ესწრებოდნენ, რამაც ჭაბუკი მორაგბეები მეტისმეტად ააღელვა. მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან გადამეტებულმა ინდივიდუალურმა თამაშმა ხშირ შემთხვევაში ქაოტური ხასიათი მიიღო. ძლიერი ქარიც მოთამაშეთა უნებლიე შეცდომებს აორმაგებდა. ‘ხვამლის’ ბორჯღალოსან მთავარ მწვრთნელ რატი ურუშაძეს შეგირდთა თამაშის დასალაგებლად დიდი ძალისხმევა დაჭირდა.

მუხიანელებმა ხაზში საიმედო თამაშთან ერთად მეტოქეს სტატიკაშიც აჯობეს და ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, მასპინძელთა ფრთა გიორგი ჯობავასა და შუამარბების: ზურა ლუტიძისა და ბესო თაყნიაშვილის 3 უპასუხო ლელო მოჰყვა. ‘ხვამლის’ მგეზავმა’ ნიკა ცინცაძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა. მეორე ტაიმში, პირქარში თამაშის მიუხედავად, მასპინძლები უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა მუხიანელთა ბოლო წუთებში მიძალებას შედეგი არ მოჰყოლია და ‘ხვამლმა’ მეორე ეტაპზე, მეორე გამარჯვებაც ბონუსის გარეშე გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ‘ლოკომოტივს’ ძირითადი შემადგენლობის ვირუსშეყრილი 8 მოთამაშე აკლდა, მიუხადავად ამისა ‘რკინიგზელებმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვეს, რაც გუნდის მწვრთნელთა კვარტეტის (გია კურატიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი, გოშა შკინინი) ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ქუთაისში. ადგილობრივმა ‘არესმა’ ამბიციური რუსთავის ‘ხარების’ 10:7 დამარცხება მოახერხა. პირველი ტაიმი ქვემოქართლელებს ცუდს არაფერს უქადდათ. შუამარბ ზურა ბენდელიანის ლელო ფულბეკმა ბესო გაგიშვილმა გარდასახა და ‘ხარები’ 7-ქულიან უპირატესობასთან ერთად თამაშსაც მყარად აკონტროლებდნენ. ტაიმის მიწურულს რიონისპირელთა ბურჯმა გიორგი კიკვაძემ საკუთარი 22-მეტრიანი დერეფნიდან 60 მეტრიანი ულამაზესი სოლო გარღვევა მოაწყო და მართალია ლელოს გატანა ვერ მოახერხა, სანაცვლოდ თანაგუნდელებს გამარჯვების რწმენა დაუბრუნა.

მეორე ტაიმში კი გიორგი მინაძემ და ირაკლი დგებუაძემ თამაშში ‘არესის’ერთ-ერთი ლიდერი ბაკურ კუხალაშვილი ჩართეს, რამაც მასპინძლებს მატჩის შემოტრიალების შესაძლებლობა მისცა. ბაკური დაცვაში ფულბეკად მოქმედებდა, თავდასხმაში კი ჩვეული მგეზავის პოზიციას იკავებდა. კუხალაშვილმა ჯერ თანაგუნდელ მარბიელ ბექა თათვიძის ლელო გარდასახა, მატჩის მიწურულს კი 35 მეტრიდან ეფექტური არეკნით ‘არესს’ მოწინავე რვეულში პირველი გამარჯვება და ქულები მოუტანა, ქვემოქართლელები კი ოდენ ნუგეშს დააჯერა.

ტური, ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘სამთას’ შეხვედრით დასრულდა. რიონისპირელებმა პირველ ტაიმში 5 ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 31-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ვიცე-ჩემპიონი ხელდახელ თამაშს პირველივე წუთებიდან ეშურებოდა და კარგადაც გამოსდიოდა. ‘აიას’ ბურჯმა ლევან სანიკიძემ ‘დუბლი’ შეასრულა. მეორე ტაიმში მასპინძელთა დამრიგებელმა გაგა გურეშიძემ უამრავი ცვლილება განახორციელა, რამაც მეტოქეზე უმცროსს ‘სამთას’/უმეტესესად 20001 წელს დაბადებულნი თამაშობენ/ ამოსუნთქვის შესაძლებლობა და კონტრიერიშების განხორციელების შესაძლებლობა მისცა. გიორგი ენუქიძისა და სპირიდონ ლიპარტელიანის გუნდში გამორჩეულმა მარბიელმა და კაპიტანმა გიორგი ნოდიამ წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. მატჩის საბოლოო ანგარიში ნიკა ძნელაძემ დააფიქსირა. რიონისპირელთა შუამარბმა 40 მეტრიანი ულამაზესი სოლო გარღვევა გატანილი ლელოთი დაასრულა 48:20.

2 ტურის შემდეგ მაქსიმალური 10-10 ქულით მთავარი ფავორიტები, ‘ლელო’ და ‘აია’ ლიდერობენ. 2 მოგებითა/ბონუსის გარეშე/ და 8 ქულით მესამე ადგილზე მყარად ‘ხვამლი’ იმყოფება. მოწინავე კვარტეტის(პლეი ოფის ზონის) ბოლო საფეხურზე კი 5 ქულით რუსთავის ‘ხარები’ განთავსდა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075135