შიდა რაგბი

21:15 | 8.09.2018 | ნანახია 2580 - ჯერ

თემურ ბენდიაშვილი: “თანხა კვლავ არაა, მაგრამ “კონტინენტის ფარზე” მაინც გავალთ, თუნდაც გუნდის წევრების ხარჯებით!”

worldsport.ge-იმ შეიტყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისის “ლოკომოტივმა” “კონტინენტის ფარზე” გასვლისთვის საჭირო თანხა მოიძია და ევროტურნირებზე გასვლას შეძლებდა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წარმომადგენლებთან გადავამოწმეთ, თუმცა როგორც კლუბის მენეჯერმა ივანე დავითაშვილმა გვითხრა, თბილისურ კლუბს ამ მომენტისთვის “კონტინენტის ფარისთვის” თანხები კვლავ არ მოუძიებია. მისი თქმით, კლუბი კვლავ სპონსორების მოძიების პროცესშია, ხოლო მცირე თანხა “ლოკომოტივს” ტურნირის რეგლამენტის გათვალისწინებით ერგება.

ივანე დავითაშვილთან საუბრის შემდგომ, Worldsport.ge “რკინიგზელთა” მთავარ მწვრთნელს თემურ ბენდიაშვილს დავუკავშირდით, რომლისგანაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ. ქართული რაგბის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოღვაწემ გვითხრა, რომ ამ ეტაპისთვის “ლოკომოტივს” ფინანსურად კვლავ უჭირს, თბილისის მერიისგან დაფინანსებაზე უარი მიიღო და კვლავ სპონსორების ძიებაშია, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდი “კონტინენტის ფარზე” მაინც გავა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ოთხის ნაცვლად, სამი გუნდი იქნება, რაც თბილისელთა ხარჯებს შეამცირებს. ჯგუფში ორი იტალიური გუნდი და “ლოკომოტივი” იქნება, კალენდარიც თბილისელთათვის კარგად იქნება აწყობილი. ბენდიაშვილის თქმით, თუ საჭირო გახდა, კლუბის წევრები საკუთარ თანხებსაც გაიღებენ ევროტურნირზე სათამაშოდ.

ზემოთ თქმულის მიუხედავად, “ლოკომოტივის” “კონტინენტის ფარზე” გასვლის საკითხი ოფიციალურად დადასტურებული მაინც არაა და კლუბი კვლავ ფინანსების ძიებაშია. ძველი მონაცემებით თბილისელებს ევროტურნირზე სათამაშოდ 400 000 ლარი სჭირდებოდათ, ხოლო ხელსაყრელი კალენდრის გათვალისწინებით 250 000 ლარამდეა თანხა დაყვანილი.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონისთვის დახმარება ნებისმიერ ქომაგს შეუძლია და გთავაზობთ კლუბის საბანკო ანგარიშს: GE67VT7000000005803608 VTB banki. Lokomotivi rugby club


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:59 | 10.09.2018
GiorgiG83 (525)

ხოოო, მერია - მერი რაგბს დააფინანსებდა. აბა რა

10:13 | 10.09.2018
პანტელეიმონი (1218)

კიდევ ერთხელ ვიძახი; ასე არაფერი გამოვა ! ! !
ზაზას ოლ სტარში მონაწილეობაზე კამპანია, რომ იყო სახელი არ მახსოვს იმ კომპაანიის, მაგრამ უფასოდ უწევდა პიარ კოპანიას კოორდინირებას და წარმართვას.
აქაც ასე უნდა გაკეთებულიყო და თუ უფასოდ არა გულშემატკივრის მიერ მოგროვილი თანხით მაინც დაგექირავებინად პიარ კომპანია.
განა ამ საიტს რამდენი კითხულობს და იქიდანაც რამდენი მიიტანდა ამ პრობლემას გულთან? მითუმეტეს საიტზე მხოლოდ ორჯერ იქნა გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს რეკვიზიტი.
დარწმუნებული ვარ სპორტის და კერძოდ რაგბის გულშემატკივარის დიდმა უმრავლესობამ, ან არ იცის, ან სათანადოდ არ უხსნეს და პიარ ტექლოგიების გამოყენებით არ დაარწმუნეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს რაგბის კლუბების მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში და ზოგადად რაგბის განვითარებას რა დიდი ფინანსური და იმიჯური დივიდებტების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის ! ! !

16:49 | 09.09.2018
jora84 (183)

რეგლამენტი შეცვალა epcr-მ? მაგათ საიტზე მსგავსს ვერაფერს მივაკვლიე.

23:57 | 08.09.2018
თორღვა პანკელი (387)

გულშემატკივრები თუ არ დავუდექით გვერდში ჩვენს კლუბებს(რითაც შეგვიძლია)ისე არაფერი არ გამოვა.

13:04 | 09.09.2018
temuchin (431)

ფაქტია რომ მხოლოდ ერთეულები უდგანან მხარში

22:35 | 08.09.2018
temuchin (431)

საინტერესოა გულშემატკივრისაგან რამდენი მოგროვდა?

22:35 | 08.09.2018
dinamo222 (692)

მოიცადა აკი ბიძო აფინანსებს ქართულ რაგბსო ??

0.079734