სიახლეები

14:43 | 30.05.2018 | ნანახია 3396 - ჯერ

20წ | პირველი რაზმი ჩემპიონატზე

30 მაისს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავენ.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები პერპინიანში, შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან. მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს ის 23 მორაგბე, რომლებიც წლევანდელი ჩემპიონატის გახსნით მატჩში ითამაშებენ.

სასტარტო თხუტმეტეულში ყველაზე მეტი მოთამაშე ‘ლელო-სარასენსიდანაა’ - 5 (კიდევ ორი მარქაფაშია); ძირითადშია ქუთაისის ‘აიას’ 4 მორაგბე; ორი ‘არმაზიდან’ (ორიც მარქაფაშია); ერთი ‘ჯიქიდან’ (4 მარქაფაშია), ხოლო სამი ლეგიონერია - ორი საფრანგეთიდან და ერთი ინგლისიდან.

სასტარტო შემადგენლობაში 8 ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატი შარშანაც ითამაშეს: გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, ლაშა ჯაიანი, თორნიკე ჯალაღონია, არსენ მაჩალაძე, თედო აბჟანდაძე და გელა აფრასიძე. აფრასიძესთვის ეს მესამე მსოფლიოს ჩემპიონატია. კიდევ ორი გამოცდილი - თენგიზ ზამთარაძე და ლუკა დვალიშვილი თადარიგშია.

ნაცნობი მეტოქე

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მონაწილეობენ. შარშან და შარშანწინ გუნდმა თითო-თითო თამაში მოიგო, ორივე ჯერზე მე-10 ადგილი დაიკავა და 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

სამხრეთ აფრიკამ გასულ 10-ივე ჩემპიონატში ითამაშა და 8-ჯერ პრიზიორი გახდა. ‘ჯუნიორ ბოკემ’ 2012 წელს ჩემპიონობა იზეიმა, 2014 წელს ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ხოლო 6-ჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

უმცროსი ბორჯღალოსნებისა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელების გზები პირველად შარშან, საქართველოში გამართული ჩემპიონატის მეორე ტურში გადაიკვეთა და სტუმრებმა 38:14 იმარჯვეს.

ამა წლის აპრილში ქართველი 20-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე იმყოფებოდნენ და მეტოქესთან ორი საკონტროლო მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში არსენ მაჩალაძემ და ბექა მამუკაშვილმა ლელოები გაიტანეს, თედო აბჟანდაძემ ორივე გარდასახა, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 55:14.

მეორე მატჩი ქართველმა მორაგბეებმა უკეთ ჩაატარეს, მრისხანე მეტოქეს 60 წუთი ტოლსწორად ერაგბნენ, თუმცა დასკვნითი წუთები სამხრეთ აფრიკის იყო და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა - 48:23. უმცროსი ბორჯღალოსნების ყველა ქულა აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც 2 ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა.

შეგახსენებთ, „გ“ ჯგუფში საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გარდა საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები თამაშობენ; „ა“ ჯგუფში ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და იაპონია; ხოლო „ბ“ ჯგუფში ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამი მოწინავე და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილისთვის თამაშობს, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი და სამი აუტსაიდერი მე-9 ადგილისთვის და გაისად ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ელიტას ბოლო, მე-12 გუნდი ემშვიდობება და მის ადგილს ‘ალაფის’ გამარჯვებული იკავებს.

2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

30 მაისი - 17 ივნისი | საფრანგეთი | ბეზიე, პერპინიანი, ნარბონი

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:15 | 31.05.2018
buratino (480)

ჩინებულად იბრძოლეს ბიჭებმა და თუკი თამაშამდე არაუმეტეს 10 ქულით წაგებაზე ვიყავი თანახმა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე ნაღდად შეგვეძლო გამარჯვება გამოგვეგლიჯა. სწორედ რომ გამოცდილება დაგვაკლდა (ალბათ მეტოქის მიმართ ზედმეტმა რიდმაც თავისი როლი ითამაშა).
მოკლედ, მართლაც მაგარი თაობა მოდის რაგბში და მჯერა, რომ ეს ბიჭები სამომავლოდ ღირსეულად ჩაანაცვლებენ ჩვენი პირველი გუნდის დღევანდელ ლიდერებს

10:16 | 31.05.2018
BEERTRANCE (1073)

მაინც რო გული დამწყდა ამათთან მარცხზე. ნამდვილად უნდა დაიწყონ ფიქრი რომ მოგება შეგვიძლია, მართლა კინაღამ მოვუგეთ

08:32 | 31.05.2018
ogafa (407)

კარგი ბიჭები

01:04 | 31.05.2018
Datodachi (18)

არჩილ სოხუმელი ბოდიშიეხლა ვნახე თქვენი მესიჯი რუგერ რაგბიზე ვუყურებ

00:12 | 31.05.2018
NIKA..01 (335)

აი ხო ვიცი,რომ უძლიერეს გუნდთან წავაგეთ,ხო ვიცოდი,რომ მოსალოდნელი იყო მარცხი,მარა მიუხედავად ყველაფრისა ძალიან დამწყდა გული....ბოლო წუთებში სულ თვალწინ მედგა,როგორ ჩრის ჩვენი მორაგბე აფრიკის დაცვის ხაზს და ვდებთ ლელოს...ისევ და ისევ მეორდებოდა ჩემ გონებაში ის,რაც რეალობაში ძალიან მინდოდა მომხდარიყო...ძალიან გულდაწყვეტილი ვარ,თუმცა ამავე დროს ამაყიც..ამაყი იმით,რომ ასე მაგრად იბრძოლეს ჩვენმა ბიჭებმა.მადლობა მათ ამისთვის და შემდეგ თამაშებში გასამმაგებული მონდომებითა და კონცენტრირებულად თამაშს ვთხოვ...უნდა დაიჯერონ,რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ,იმიტომ რომ მართლა შეუძლიათ.....

23:52 | 30.05.2018
qomagi (248)

მადლობა ბიჭებს ასეთი მაგარი თამაშისთვის!!! მართლაც ფსიქოლოგიური განწყობის გამო წავაგეთ ეს თამაში, რადგან მწვრთნელების აზრია ასეთი - ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ და არა ის რომ უეჭველი მოსაგებად გავალთ თუნდაც სამხრეთ აფრიკასთან. ვიდრე შიშის და რიდის ოდნავი გრძნობაც კი იქნება, თამაშს ვერ მოვიგებთ. ბოლომდე უნდა ირწმუნონ ჩვენმა ბიჭებმა, რომ ნებისმიერ მეტოქეს მოუგებენ და არა ის, რომ მხოლოდ მაგრად ითამაშებენ. ეს მწვრთნელებმა უნდა ჩაუნერგონ და თვითონვე უნდა სჯეროდეთ ამის. ბობოლების კომპლექსის მქონე მწვრთნელი ან მოთამაშე ნებისმიერ სპორტში ვერაფერს მიაღწევს. ამ კომპლექსისგან თავისუფალი მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელები გვჭირდება ყველა ასაკობრივ ნაკრებში სასწრაფოდ.

23:48 | 30.05.2018
geogoli (367)

ძალიან მაგარი თამაში იყო, დიდი მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის. აი მწვრთნელების გაკრიტიკების კი ნამდვილად არ მესმის, გუნდი გაცილებით წინ არის შარშანდელზე ვერ ხედავთ? 3 ლელო დავუდეთ აფრიკად წარმოიდგინეთ და ერთიორად გამეხარდა რო სამივე უკანახაზელმა დადო - ესეთი რამე ხშირად გინახავთ ქართველების შესრულებით? დერეფანი არ წაგვიგია ამ აყლაყუდებთან და ფიზ მომზადების გარდა აარაფერი დაგვითმია. რაქები Kიდე ზოგადად ჩვენი სისუსტეა და Aმაზე უნდა იმუშაონ

00:18 | 31.05.2018
თორღვა პანკელი (387)

მე პირადად ყოველთვის ვიყავი და ვარ ილია მაისურაძის და ლადო კილასონიას მადლიერი, მაგრამ ფაქტია ჩვენ რომ უფრო გამოცდილი მწვრთნელები გვყავდეს, შედეგი არა მე-9-ე ან მე-10-ე დგილი გვექნებოდა, არამედ გაცილებით უკეთესი და ამ თამაშმა ეს დაამტკიცა, აქ ბიჭებმა ითამაშეს და სამწუხაროდ მწვრთნელებმა წააგეს. თუნდაც ის დასანანი ლელო რად ღირს, სადაც ბიჭებმა მოლში არ შევიდნენ და თან აშკარად არასწორად იმოქმედეს, შანსი არაა ასეთი გადაწყვეტილებები მწვრთნელებთან შეუთანხმლებლად ხდებოდეს, რაქებში სუსტი თამაშიც სწორედ მწვრთნელების ლაფსუსია ერთმნიშვნელოვნად, კიდევ ერთხელ ვამბობ, მწვრთნელები იმიტომ კიარ ავითვალწუნე რომ თვალში არ მომდის ან ასეთი დასანანი მარცხის შემდეგ განტევების ვაცს ვეძებ, არავითარ შემთხვევაში პირიქით, კიდევ ერთხელ განვმეორდები ამ ხალხს უდიდეს პატივს ვცემ, ლადო კიდე მწვრთნელობას რომ თავი დავანებოთ ქართულ რაგბში სხვა მხრივაც ძალიან დიდი და საყვარელი პიროვნებაა ყველასათვის. უბრალოდ უკვე კაი ხანია ამ რესურსით და ასეთი ოქროს თაობით აშკარად სხვა დონეზე უნდა ვიყოთ, ეს ხალხი გასაყრელი კი არ არის, პირიქით ხელში აყვანილი უნდა გავაცილოთ და ისე უთხრათ მადლობა ყველაფრისთვის, ვინ ეშმაკი შეეჯიბრება ამ ხალხს საქართველოს და ამ ბიჭების სიყვარულში, მაგრამ რაგბი მთელს ერს ეკუთვნის და მისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავიღოთ, დროა რაგბს დაფინანსება მინიმუმ გაუორმაგდეს და მაღალი დონის მწვრთნელები და სპეციალისტები იქნან მოზიდული, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან ან მოწინავე ევროპული ქვეყნებიდან.

23:41 | 30.05.2018
temuchin (431)

ახლა კიდევ უფრო მაღიზიანებს დამკვიდრებული შეგონება რომ გრანდებთან მხოლოდ ბოლომდე საბრძოლველად გავდივართ და არა მოსაგებად. ამ თამაშში ისეთივე და მეტი შანსიც კი გვქონდა ვიდრე მრისხანე მოწინააღმდეგეს. შეწყდეს ბობოლების მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება, დროა უკვე! ბიჭებს ამას აღარ უნდა აკადრებდეს არავინ რადგან უკვე ნათელია რომ უშუალოდ ჩვენი მებრძოლები არათუ ჩამოუვარდებიან ვინმეს, არამედ ჯობნიან კიდეც ბევრ რამეში! ბავშვურად ნაჩუქარი ლელოს წყალობით მოიგეს დღეს შეშინებულმა აფრიკელებმა, რომლენიც ჩემპიონობის კანდიდატად მოიაზრებიან წელს.

23:12 | 30.05.2018
beeq.777 (63)

მადლობა ბიჭებს ასეთი ბრძოლისთვის და ემოციებისთვის, საოცარი თამაში იყო. ჩვენ შეგვიძლია გრანდების დამწუხრება და დროა უკვე! გაიხარეთ და წარმატებები. თქვენს გვერდითაა მთელი საქართველო!

23:05 | 30.05.2018
maxo_65 (458)

ჰა რა ბიჭები გვყავს, ვენაცვალე მაგათ მე..ყოველ წელს უკეთესი ბიჭები მოდიან, ჩემპიონატის ერთერთ ფავორიტს ასე ეთამაშო, ყოჩაღ..


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354