ქართული

18:54 | 30.09.2017 | ნანახია 3574 - ჯერ

დავით ზირაქაშვილი: "არასდროს დამვიწყებია, რომ თამაში რუსთავში დავიწყე"

„რუსთავი არენა“ 1 ოქტომბერს „დავით ზირაქაშვილის ტურნირს“ მასპინძლობს, რომელშიც 12 წლამდე ასაკის მორაგბეთა 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ვეტერანი ბორჯღალოსანის და მსოფლიო ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული ბურჯის ტურნირი წელს პირველად იმართება და მასში 16 გუნდი მონაწილეობს: ხომლი, წიქარა, კახელები, ჩოხოსნები, ხარები, ვეფხვები, ხულიგანა, თბილისი, აკადემია, ხვამლი, ყოჩები, არმია, ლელო, არმაზი, ჯიქი და იუნკერები. თამაშები შუადღისას, 12 საათზე იწყება, ჯგუფური ეტაპი დაახლოებით საათნახევარში დასრულდება და პლეი-ოფები დაიწყება, ფინალი კი 15:45 საათზეა ჩანიშნული.

იგეგმებოდა, რომ ამ დიდ სარაგბო ზეიმს თავად ზირაქაშვილიც დაესწრებოდა, მაგრამ საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის (ორგზის) გეგმები მისდა უნებურად შეიცვალა.

„გუნდთან შეთანხმებული ვიყავი და ტურნირს მოუთმენლად ველოდი. ძალიან მინდოდა, რომ 1 ოქტომბერს რუსთავში ვყოფილიყავი და მონაწილე ბავშვებს პირადად შევხვედროდი. სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. კვირას ტოპ 14-ის უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს ‘კასტრთან’. ‘კლერმონს’ 4 მარჯვენა ბურჯი ჰყავს და მათგან ორი დამტვრეულია. კლუბმა მთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იყო დავრჩენილიყავი. გუნდს ასეთ რთულ სიტუაციაში მხოლოდ 1 ბურჯის ამარა ვერ დავტოვებდი და რუსთავშიც ამის გამო ვერ ჩამოვდივარ“ - გულდაწყვეტილია ზირაქაშვილი და იმედოვნებს, რომ გაისად რუსთავში აუცილებლად იქნება.

მისი სურვილია, რომ ტურნირი ტრადიციული გახდეს და ყოველ წელს ჩატარდეს. ამისათვის ზირაქაშვილი მზადაა, თუმცა იქვე დასძენს, რომ საფრანგეთიდან ტურნირის ორგანიზებას ვერ შეძლებს და ისევე, როგორც წელს, მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივების დახმარება:

„ჩემს თავზე არ მიყვარს საუბარი და არც ის მინდოდა, რომ ეს თასი ჩემი სახელის მატარებელი ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტეს და წინააღმდეგობა არ გამიწევია. მთავარია, რომ ეს ტურნირი ჩატარდება და ვისი სახელობის იქნება მნიშვნელობა არა აქვს. იდეა იყო ძალიან კარგი და მეც მის განხორციელებაში უყოყმანოდ ჩავერთე.

შესაძლოა, მე სახელი სხვაგან თამაშით გავითქვი, მაგრამ არასდროს დამვიწყებია, რომ თამაში სწორედ რუსთავში დავიწყე და მსურს ადგილობრივებს მაქსიმალურად დავეხმარო. ბავშვები გაერთობიან და ეს უმნიშვნელოვანესია.

ჩემი და ყველას სურვილია, რომ ტურნირმა რეგულარული ხასიათი მიიღოს და ყოველწლიური გახდეს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. მე საფრანგეთში ვარ, ვთამაშობ და ადგილობრივები რომ არ დამხმარებოდნენ ვერაფერს გავხდებოდი. თუ დავით კაკაბაძე, ლევან ობოლაძე და სხვა დანარჩენები გვერდში დამიდგებიან, საქართველოდან ორგანიზებაში დამეხმარებიან, მე ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებ! იმედია, რომ ამ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ბავშვებს გასართობად, რაგბის სათამაშოდ უფრო მეტი საშუალება ექნებათ“.

ოთხი ქართველი სამატჩო რაზმში

ცხადია დავით ზირაქაშვილთან მხოლოდ რუსთავის ტურნირზე საუბრით არ შემოვიფარგლეთ და მას კლუბში მიმდინარე ამბებზეც ვკითხეთ.ის ‘კლერმონში’ 2004 წლიდან თამაშობს და ამ კლუბის ღირსებას 14(!) სეზონია იცავს.

ამ პერიოდში მან 10-ჯერ ითამაშა ფინალში: ორჯერ მოიგო ტოპ 14 (2010 და 2017 წლებში) და 4-ჯერ დამარცხდა გადამწყვეტ მატჩში, 3-ჯერ დათმო ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასის ფინალი (2013, 2015 და 2017) და 2007 წელს გახდა მეორე დონის ევროტურნირის, ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული.

2016-2017 წლების სეზონის ტოპ 14-ის ფინალურ მატჩში (ზირაქაშვილმა მოედანზე 78(!) წუთი გაატარა) ‘კლერმონმა’ ქართველების ‘ტულონი’ 22:16 დაამარცხა, თუმცა ახალი სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო. მიზეზების შესახებ ზირაქაშვილი გვიყვება:

„ძალიან ბევრი ფინალი გვაქვს ნათამაშები, 2010 წლის შემდეგ, მხოლოდ ახლაღა გავხდით ჩემპიონები და თითქოს „დავნაყრდით“. ეს იყო სუფთა ადამიანური, ფსიქოლოგიური მომენტი, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, წინ მთელი სეზონია, ნელ-ნელა დავლაგდებით და დარწმუნებული ვარ წელსაც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა კვირას, ‘კასტრთან’ გველის, რომელმაც ასევე ცუდად დაიწყო სეზონი და თუ მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ, შესაძლოა ჩვენი აღმასვლა სწორედ აქედან დაიწყოს“.

მიმდინარე სეზონში „ვულკანების“ კვართით უკვე 4-მა ქართველმა ითამაშა. ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის თამაში გასაკვირი სულაც არაა; პირველ გუნდში ფეხი მოიკიდა და გასაკვირი არც ოთარ გიორგაძის გამოჩენი იყო; აი 22 წლის ბურჯი ბექა კაკაბაძე კი, ესპუარებიდან ახლახანს დაწინაურდა და ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი 23 სექტემბერს, ‘რასინგის’ წინააღმდეგ გამართა.

„შემადგენლობა ჯერ არ გაცხადებულა, თუმცა უკვე ვიცით, რომ ‘კასტრთან’ მატჩში 23-კაციან განაცხადში ოთხივე ქართველი ვიქნებით და ეს ჩემთვის საამაყოა. ოთიასა და ბექას ძალიან დიდი პროგრესი აქვთ. ამ ასაკში, ასეთი ვარსკვლავების მხარდამხარ ვარჯიში უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და ისინი აუცილებლად მოუმატებენ. ოთიას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და მის შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა. თავდადებული, კარგი მონაცემების ბიჭია და თამაშებიც აუცილებლად ექნება. ჩვენს გუნდში, მესამე ხაზში ძალიან დიდი კონკურენციაა და შესაძლოა ყოველთვის განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ მოედანზე ხშირად ვიხილავთ.

ბექას ცოტა მეტი აქვს დასამტკიცებელი, მან კონტრაქტი უნდა დაიმსახუროს და ამისათვის ბევრი იშრომოს.შეიძლება ისე ჩანდა, რომ სადებიუტო მატჩში შერკინებებში მთლად კარგად ვერ იდგა, მაგრამ ეს მისი ბრალი არაა. ამ დროს შერკინების 2 მოთამაშე გვაკლდა და ხან ვინ დგებოდაშერკინებაში და ხან ვინ. მიხარია, რომ ეს მწვრთნელებმაც დაინახეს, ბექა ‘კასტრთანაც’ ითამაშებს და თავის შანსს აუცილებლად გამოიყენებს“.

„...სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას ვიმსახურებთ“

უზარმაზარი გამოცდილების მქონე მორაგბე, სიტუაციას რეალურად აფასებს და ამბობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება და 2 წლის წინანდელი შედეგის გამეორება უდიდესი მიღწევა იქნება.

„საქართველოს ნაკრები ყოველთვის მომენატრება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ თბილისში გამოსამშვიდობებელ მატჩში უნდა მივიღო მონაწილეობა. მე გულშემატკივარს უკვე გამოვემშვიდობე 2015 წელს, როგორც იყო ისე მოხდა და აღარაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება მომავალ მსოფლიო თასს, არ მიყვარს თვალებში ნაცრის შეყრა, ამით გულშემატკივარი არ გაიზრდება და რეალობის შეგრძნებაც არ უნდა დავკარგოთ. დღეს ჩვენ მიზნად მეოთხედფინალში გასვლა რომ დავისახოთ, ეს ტყუილი იქნება.იაპონიაში 2 თამაშის მოგება გადასარევი შედეგია და არც ეს იქნება იოლი მისაღწევი. ფიჯისდა კანადის ნაკრებები ძალიან კარგი გუნდები არიან და მათი დამარცხება იოლი არ იქნება“ - ამბობს ზირაქაშვილი და მიიჩნევს, რომ ნაკრების პროგრესისთვის უმაღლესი დონის გუნდებთან მეტი თამაში და სახელმწიფოს თანადგომაა საჭირო:

„ძალიან გამიხარდა ამ ზაფხულს კანადისა და ამერიკის ნაკრებები რომ დავამრცხეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის ძლიერ გუნდებთან მეტი თამაში ესაჭიროება. სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია, ჩვენზე ძლიერ ნაკრებებს კი 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო თასზე და წელიწადში ერთხელ ნოემბერში ვეთამაშებით. ეს საკმარისი არაა.

საფრანგეთში საქართველოს მორაგბეებით იცნობენ, აქ ყველაზე მეტი ლეგიონერი საქართველოდან ვართ და ვფიქრობ, სახელმწიფომ რაგბს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩვენ რომ საფრანგეთში არ ვთამაშობდეთ, ქართული რაგბი ამ დონეზე ვერ იქნებოდა. გული მისკდებოდა ლაპორტი ტოპ 14-ში ლეგიონერების რაოდენობის შემცირებაზე რომ საუბრობდა. ღმერთმა ნუ ქნას ეს შეზღუდვა დაწესდეს და ფრანგებმა კარი დაგვიხურონ. კლუბს მხოლოდ 3-4 ლეგიონერის აყვანის უფლება თუ ექნებათ, ბურჯებს საფრანგეთში მოხვედრის შანსი ალბათ მაინც ექნებათ, მაგრამ სხვა პოზიციების მოთამაშეებისთვის ეს შანსი პრაქტიკულად აღარ იარსებებს და განვითარების ნაცვლად უკუსვლა გვექნება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რაგბს ყურადღება სახელმწიფო დონეზე მიექცეს“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:10 | 01.10.2017
პანტელეიმონი (1218)

დავით, ერთი სურვილი მაქვს მარტო, შენ და მამუკა გიხილოთ "ბორჯღალოსნები"-ს შემადგენლობაში იტალიასთან.

22:07 | 01.10.2017
პანტელეიმონი (1218)

დავით გაიხარე ! ! !

14:35 | 01.10.2017
geogoli (367)

ნამდვილი პროფესიონალია ზირაქა, წარმატებებს ვუსურვებ

20:44 | 30.09.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.086446