ფეხბურთი

19:50 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

As: "ვალენსია" მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხის გაზრდაზე მუშაობს, გიორგისაც კლუბში დარჩენა სურს"

ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი წერს, რომ „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას აპირებს და მის გამოსასყიდ თანხასაც, რომელიც ახლა 20 მილიონ ევროს შეადგენს, გაზრდის.

ესპანურ ვებგვერდზე ვრცელ წერილში ნათქვამია, რომ მხარეებს შორის პირველი კონტაქტი ამ საკითხზე უკვე შედგა და მამარდაშვილსაც „ვალენსიაში“ დარჩენა სურს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბების დაინტერესებული არიან.

„ერთ-ერთი კარგი ამბავი, რომელიც ამ სეზონში „ვალენსიასთვის“ მოხდა, გიორგი მამარდაშვილის გასაოცარი გამოჩენაა. ქართველი ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ იჯარით მოვიდა და „ვალენსიამ“ 2021 წლის ბოლოს 850 000 ევროდ გამოისყიდა. თავიდან მეორე გუნდისთვის შეძენილი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო, შემდეგ კი იასპერ სილესენის მერე მეორე მეკარე გახდა, თუმცა მან სასტარტოში ადგილი დაიბრუნა. „ვალენსიას“ მის კონტრაქტში გამოსასყიდ ფასად 20 მილიონი ევრო აქვს მითითებული და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, კლუბს ცალმხრივად შეუძლია მისი 2025 წლამდე განახლებაც, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველი მეკარის დონიდან გამომდინარე 20 მილიონი ევროს გამოსასყიდი ძალიან ცოტაა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მისი დონე კიდევ უფრო გაიზარდა. ლა ლიგაში შესანიშნავმა თამაშებმა, ესპანეთის თასის ფინალში გაყვანამ და ფინალში დამაჯერებელმა თამაშმა, სადაც ის თავის გუნდში საუკეთესო იყო, ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად აქცია, მან სილესენი უკან ჩააჩოჩა. „ვალენსიაში“ მიხვდნენ, რომ ის არა მარტო მომავლის, არამედ აწმყოს მეკარეა. რა თქმა უნდა, მისი თამაშის გაუმჯობესება კონტრაქტის გაუმჯობესებასაც გულისხმობს.

ამიტომაც, „ვალენსიამ“ და ფეხბურთელმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლებასა და პირობების გაუმჯობესებაზე. მართალია, ეს საკითხი ახლა კლუბისთვის პრიორიტეტული არ არის, სანამ კარლოს სოლერისა და ხოსე გაიას კონტრაქტის საქმეები არ მოგვარდება და სანამ გონსალო გედეში არ გაიყიდება, თუმცა მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და მოლაპარაკებებში ჰარმონია იგრძნობა. მამარდაშვილი ბედნიერია „ვალენსიაში“ და სურს ამ კლუბში თამაში გააგრძელოს, მიუხედავად უცხოური კლუბების ინტერესისა. ფეხბურთელი კარიერისთვის საკვანძოდ მიიჩნევს ისეთ დიდ კლუბში დამკვიდრებას, როგორიც „ვალენსიაა“ და საკუთარ თავს მომავალშიც ამ გუნდში ხედავს.

მოსალოდნელია, რომ „ვალენსია“ მის გამოსასყიდ ფასს 30 მილიონ ევრომდე გაზრდის („ვალენსიამ“ ამაზე მაღალ ფასად თავის ისტორიაში მხოლოდ 6 ფეხბურთელი გაყიდა). გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ მამარდაშვილი „მესტალიაზე“ ფორმალურ ფასად გადავიდა, ასე რომ, მის გაყიდვით კლუბი წმინდა მოგებას ნახავს. 21 წლის და თითქმის 2 მეტრის სიმაღლის მეკარე ლა ლიგაში იმდენად ძლიერად შემოიჭრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსია“ ლიგაში მეოთხე ადგილზეა ყველაზე მეტი გაშვებული გოლით, მამარდაშვილი, როცა იცავდა კარს, ის მშრალად 8-ჯერ შეინახა. კონტრაქტის გაუმჯობესება სავარაუდოდ მომდევნო კვირებში მოხდება“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (18 ლა ლიგაში და 8 მშრალი მატჩი, 3 ესპანეთის თასზე და 1 მშრალი შეხვედრა).

0.121512