ბლოგი

11:46 | 25.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეზღუდვა, რომელიც ყველას დააზარალებს

რაიმეზე დამოკიდებულება ზოგადად ძალიან ცუდია. წიგნის კითხვაზე დამოკიდებულებაც კი არაა მთლად კარგი, რადგან ცუდად განათებულ ადგილას, ყველა პოზაში და ყველგან წიგნის კითხვამ შეიძლება მხედველობა დაგვიქვეითოს. არც კომპიუტერზე დამოკიდებულებაა კარგი, არც ბევრი ჭამა, არც ბევრი სმა და ბევრი ვარჯიშიც კი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ადამიანის ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა არც ლუდომანია და თამაშდამოკიდებულებაა კარგი, მაგრამ კაცობრიობა დიდი ხანია მიხვდა იმას, რომ ადამიანის ბუნება ასეთია. ზოგს ღვინის სმა უყვარს, ზოგს წიგნის კითხვა, ზოგს ვარჯიში და ზოგს აზარტული თამაშები. რაც არ უნდა მორალისტურად განვიხილოთ ეს საკითხი, მაინც იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ონლაინ-კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საბოლოოდ ვერც შედეგს გამოიღებს (საკითხავია ან რა შედეგს ელოდნენ?) და თამაშის მოყვარული ტიპებიც აუცილებლად ნახავენ სხვა გზას, რომელიც არც ისე რთულად სანახავია.

სხვადასხვა ეპოქაში ბევრჯერ და ბევრ ქვეყანაში ყოფილა თამაშების შეზღუდვის მცდელობა.მორალისტი იმპერატორები, ფარაონები, შაჰები, ხონთქრები, სულთნები თუ ქრისტიანი მეფეები მრავალგზის ცდილობდნენ სათამაშო სფეროსშეზღუდვას ანდა სულაც აკრძალვას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ეს მცდელობა წყალში იყრებოდა, რადგან ადამიანი თავისი ბუნებით თავისუფალი არსებაა და თუკი მას თამაში უყვარს, ყველა თამაში რომ აუკრძალო, ცხვრის კოჭს ააგდებს და იმით ითამაშებს. ეს ასე იყო და ასე იქნება მუდამ.

ბევრი კაცი ვიცი, რომლებმაც ტელეფონებსა და კომპიუტერებში უკვე გადმოწერეს უცხოური გეიმ-პროგრამები, სადაც ჩვეულებრივად თამაშობენ და მათი ფული უკვე მიდის სხვა ქვეყნების სათამაშო ბიზნესში და შესაბამისად სხვა ქვეყნების ბიუჯეტებში. ამას გარდა, ქართულმა სათამაშო ბიზნესმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ ქართული სპორტული კლუბების, ნაკრებების, სპორტსმენების და ზოგადად ჩვენი სპორტის სპონსორობა, რაც მძიმე დარტყმა იქნება მთელი რიგი სპორტის სახეობებისთვის, რომლებიც სწორედ სათამაშო ბიზნესის დახმარებით სულდგმულობენ.რამდენიმე დღის წინ შეკრებილმა სპორტსმენებმა ამის შესახებ უკვე გამოხატეს მათი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია. ხელისუფლების მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით პრობლემები შეექმნა ქართულ სპორტულ მედიასაც, რომლებიც ასევე უთმობენ ადგილს ტოტალიზატორების თუ ონლაინ-კაზინოების რეკლამას და ეს ფული სპორტული მედიისთვისაც სასიცოცხლოა.

გამოდის, რომ ამ აკრძალვით თუ შეზღუდვით თამაშდამოკიდებული ადამიანებისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ძალმოსილი ინტერნეტის საშუალებით ამჯერად უცხოურ საიტებზე ისევ უპრობლემოდ ითამაშებენ, იზარალებს “გეიმ-სფერო“და მასში დასაქმებული ათასობით ადამიანი,რომელთა უკან ცხადია ოჯახებია. იზარალებს ქართული სპორტი და სპორტული მედია, რომლებიც დაკარგავენ რეკლამის თუ სპონსორობის გზით შემოსულ თანხებს და აბა მაშ ვინ იქნება ამით მოგებული? მე თუ მკითხავთ, არც არავინ!

შეიძლება მავანს ჰგონია, რომ ესაა პოლიტიკური ქულების დაწერის გზა და ამ ხერხით გადაწყვეტილების მიმღებ მმართველ პარტიას მხარდამჭერები მოემატება. თავიდან შეიძლება საქმეში ჩაუხედავმა და გულუბრყვილო ხალხმა მართლა ირწმუნოს, რომ რეგულაციების გზით საქართველოში ლუდომანია დამარცხდა, მაგრამ სულ მალე ისინიც აღმოაჩენენ, რომ ვისაც თამაში უნდა, ის მაინც ითამაშებს, ოღონდ ფულს უცხოურ საიტებზე წააგებს და მერე ასევე დაინახავენ სამსახურდაკარგულ უამრავ ადამიანს, რომლებსაცყოველდღიური შემოსავალი მხოლოდ იმიტომ წაართვეს, რომ სადღაც ვიღაცას ეგონა (ან ეგონა რომ ეგონა) აბსურდული რეგულაციები ქვეყანას შეიძლება რამეში წაადგეს.

0.149469