ფეხბურთი

2:20 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ჯგუფში ჩარჩა, "ბენფიკა", "ლილი" და "ზალცბურგი" პლეი-ოფში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან „ატალანტა“ – „ვილიარეალის“ მატჩი ერთი დღით გადაიდო და ამ დროისთვის მხოლოდ 15 მერვედფინალისტია ცნობილი.

სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ ტურნირი „ბარსელონას“ გარეშე გაგრძელდება, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს „ბენფიკამ“, „ლილმა“ და „ზალცბურგმა“, „ჩელსიმ“ კი ჯგუფში პირველი ადგილი ბოლო წუთზე დაკარგა.

E ჯგუფი

„ბარსელონა“ უმოტივაციო „ბაიერნს“ ესტუმრა, მაგრამ ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა, რაც ვერ შეასრულა. ჩავის გუნდმა ცარიელ „ალიანს არენაზე“ უბრძოლველად 0:3 წააგო და კიევის „დინამომაც“ ვერაფრით გაახარა, შედეგად, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

„ბაიერნმა“ ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა ტომას მიულერისა და ლეროი სანეს გოლებით, ხოლო მეორე ნახევარში ჯამალ მუსიალამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პარალელურად „ბენფიკამ“ უნიკალური შანსი გამოიყენა და საკუთარ მოედანზე პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლით კიევის „დინამო“ 2:0 დაამარცხა.

შედეგად, „ბაიერნმა“ ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ, 18 ქულით დაასრულა, „ბენფიკას“ 8 ქულით მეორე ადგილი ერგო, ხოლო „ბარსელონამ“ 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც ბოლოს 2003-2004 წლების სეზონში თამაშობდა. „ბარსამ“ კატასტროფულად ითამაშა, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა ექვს მატჩში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კიევის „დინამოს“ და „მალმიოს“ აჯობა, რომლებმაც თითო გოლი გაიტანეს...

„ბაიერნი“ – „ბარსელონა“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 მიულერი (34), 2:0 სანე (43), 3:0 მუსიალა (62)

„ბენფიკა“ – „დინამო კიევი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 იარემჩუკი (16), 2:0 ჟილბერტო (22)

1. ბაიერნი 6 6 0 0 22 3 19 18
2. ბენფიკა 6 2 2 2 7 9 -2 8
3. ბარსელონა 6 2 1 3 2 9 -7 7
4. დინამო კიევი 6 0 1 5 1 11 -10 1

F ჯგუფი

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯგუფში პირველობა განაღდებული ჰქონდა და „იანგ ბოიზთან“ გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ინგლისელებმა 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, შვეიცარიელებმა 5 ქულით - ბოლო.

მეორე ადგილის ბედი ხუთშაბათს გაირკვევა, რადგან თოვლის გამო „ატალანტა“ – „ვილიარეალი“ გადაიდო. აქ საკითხი მარტივადაა: გამარჯვება „ატალანტას“ პლეი-ოფში გაიყვანს, ფრე - ესპანური გუნდის სასარგებლო შედეგი იქნება.

„მანჩესტერი“ – „იანგ ბოიზი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 გრინვუდი (9), 1:1 რიდერი (42)

„ატალანტა“ – „ვილიარეალი“ - დიდთოვლობის გამო გადაიდო

1. მანჩესტერი 6 3 2 1 11 8 3 11
2. ვილიარეალი 5 2 1 2 9 7 2 7
3. ატალანტა 5 1 3 1 10 10 0 6
4. იანგ ბოიზი 6 1 2 3 7 12 -5 5

G ჯგუფი

ეს იყო ჯგუფი, სადაც ოთხივე გუნდს ჰქონდა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი, საბოლოოდ კი „ლილმა“ და ‘ზალცბურგმა“ იხეირეს. საფრანგეთის ჩემპიონმა გერმანიაში „ვოლფსბურგს“ 3:1 მოუგო და 11 ქულით არა მარტო ჯგუფიდან გავიდა, არამედ პირველი ადგილიც დაიკავა, ხოლო „ზალცბურგმა“ „სევილიას“ 1:0 მოუგო და პირველად გავიდა მერვედფინალში, რაც ავსტრიული გუნდისთვის უდიდესი შედეგია. „სევილიამ“ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, „ვოლფსბურგი“ ევროთასებს დაემშვიდობა.

„ვოლფსბურგი“ – „ლილი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ილმაზი (11), 0:2 დავიდი (72), 0:3 გომესი (78), 1:3 სტეფენი (89)

„ზალცბურგი“ – „სევილია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ოკაფორი (50)

1. ლილი 6 3 2 1 7 4 3 11
2. ზალცბურგი 6 3 1 2 8 6 2 10
3. სევილია 6 1 3 2 5 5 0 6
4. ვოლფსბურგი 6 1 2 3 5 10 -5 5

H ჯგუფი

H ჯგუფში ბოლო ტურის წინ თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაინც დრამატული ფინიში გამოვიდა. მხოლოდ ის ირკვეოდა პირველ ადგილზე ვინ გავიდოდა - „ჩელსი“ თუ „იუვე“, ხოლო „ზენიტს“ ევროპა ლიგის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, შესაბამისად, „მალმიო“ ყველა ვარიანტში მეოთხე ადგილზე გადიოდა.

„იუვეს“ და „ჩელსის“ თანაბარი ქულები გააჩნდათ, მაგრამ ინგლისელები ურთიერთშეხვედრებში (4:0, 0:1) უპირატესობას ფლობდნენ და თუ ორივე მოიგებდა პირველობა ლონდონურ კლუბს დარჩებოდა. „იუვენტუსმა“ შინ „მალმიოს“ გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა და მოიზე კინის ერთადერთი გოლით გამარჯვება მოიპოვა, სამაგიეროდ, ვერ მოიგო „ჩელსიმ“!

ტომას ტუხელის გუნდმა, რომელიც ამ სეზონში გოლებს პრაქტიკულად არ უშვებდა, პრემიერლიგის ბოლო ტურში „ვესტ ჰემისგან“ 3 გოლი გაუშვა და ახლა იგივე მოხდა უმოტივაციო „ზენიტთან“. ლონდონელები მეორე წუთზე ტიმო ვერნერის გოლით წინ გავიდნენ და ეს „ჩელსის“ ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს რუსებმა ორჯერ გაიტანეს (კლაუდიონიომ და სერდარ აზმუნმა) და „ზენიტი“ დაწინაურდა. მეორე ნახევარში ცხადია, ტუხელის ბიჭებმა შეუტიეს და ჯერ რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე ვერნერმა დუბლი შეასრულა და თითქოს მის გუნდს პირველი ადგილი მოუტანა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე მაგომედ ოზდოევმა გაიტანა და „არისტოკრატებს“ პირველი ადგილი დააკარგვინა.

შედეგად, „იუვენტუსი“ მერვედფინალში 15 ქულით და პირველი ადგილით გავიდა, „ჩელსიმ“ პლეი-ოფის საგზური 13 ქულით მოიპოვა, „ზენიტი“ ევროპა ლიგაზე გადავიდა, ხოლო „მალმიო“ ევროთასებზე ასპარეზობა დაასრულა.

„იუვენტუსი“ – „მალმიო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კინი (18)

„ზენიტი“ – „ჩელსი“ 3:3 (2:1)

გოლები: 0:1 ვერნერი (2), 1:1 კლაუდინიო (38), 2:1 აზმუნი (41), 2:2 ლუკაკუ (62), 2:3 ვერნერი (85), 3:3 ოზდოევი (90)

1. იუვენტუსი 6 5 0 1 10 6 4 15
2. ჩელსი 6 4 1 1 13 4 9 13
3. ზენიტი 6 1 2 3 10 10 0 5
4. მალმიო 6 0 1 5 1 14 -13 1
0.120063