ფეხბურთი

14:49 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მერანის" დიდი ნაბიჯი ეროვნული ლიგისკენ, "ტორპედო" რთულ ვითარებაში ჩავარდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა, რის შედეგადაც მარტვილის „მერანი“ ძალიან ახლოსაა ელიტაში დაბრუნებასთან, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ - დაქვეითებასთან.

მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ცოტნე მონიავას გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს კომფორტული უპირატესობით 2:0 აჯობა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-13 წუთზე კიჭი მელიავას ჩინებული პასით შეიკნე სილა კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და ანგარიშის გახსნა მოახერხა. მალელი ფორვარდის შეჩერება იმერლებს პირველ ნახევარში ძალიან უჭირდათ და სილამ 34-ე წუთზე პენალტიც მოიპოვა. ის საჯარიმოში მეკარე ლევან შოვნაძემ წააქცია. თერთმეტმეტრიანი შოვნაძემ მელიავას აუღო, მაგრამ დამატებაზე მარტვილელი ფეხბურთლი პირველი იყო და სხვაობა გაზარდა.

„ტორპედოს“ თუნდაც ერთი გოლის გასატანად დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ გია ცეცაძის გუნდმა გარდატეხა ვერ შეიტანა თამაშში, ეგ კი არა, ყველაზე კარგი შანსი მე-80 წუთზე ისევ მეგრელებს ჰქონდათ, როდესაც წულაიას შორეული დარტყმის მერე „ტორპედო“ ძელმა გადაარჩინა. სტუმრები გოლთან ძალიან ახლოს 90-ე წუთზე იყვნენ. თორნიკე ახვლედიანი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გიორგი ბეგაშვილმა დიდებული სეივით იხსნა თავისი გუნდი და მერე ძელიც დაეხმარა. ამრიგად, 2:0 და „მერანი“ ძალიან ახლოს მივიდა ეროვნულ ლიგასთან. თუმცა, ცხადია, ჯერ წინ 90 წუთია, რომელიც ქუთაისში გაიმართება და „ტორპედოს“ მაქსიმალურად დახარჯვა მოუწევს, თუ მომდევნო სეზონის ეროვნულ ლიგა 2-ში გატარება არ სურს.

ქობულეთში „შუქურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შედეგად, წყვილში ყველაფერი ისევ ღია დარჩა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მე-20 წუთიდან ლაშა თოთაძის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ, მაგრამ თავის კარგად დაცვა მოახერხეს და სტუმრად უგოლო ფრეს გამორჩნენ.

ხსენებული წყვილებში საპასუხო მატჩები 12 დეკემბერს გაიმართება.

„მერანი“ – „ტორპედო“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 სილა (13), 2:0 მელიავა (34)

„შუქურა“ – „გაგრა“ (0:0)

0.14504