ფეხბურთი

12:11 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ჯერ ასეთი დონისთვის მზად არ ვართ, მაგრამ ეს მატჩები გაზრდაში დაგვეხმარება"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ლივერპულთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ჯერ გამარჯვებისთვის მზად არ არის და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩები „მილანს“ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„მილანმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპაში მართლაც მაღალი დონეა. ვიცოდით, რომ რთულ ჯგუფში ვიყავით, ნამდვილად ძლიერ მეტოქეებს ვხვდებოდით, ვიცოდით დღევანდელი მატჩის სირთულეც, თუმცა, შეცდომები ზოგჯერ ძვირად გვიჯდება.

სინანულს განვიცდი, რადგან საკუთარ მოედანზე „ატლეტიკოსთან“ და „პორტუსთან“ ცოტა უფრო მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ ეს მატჩები ჩვენი ზრდისთვის მნიშვნელოვანი იქნება. დიდი იმედგაცრუებაა, რადგან გვინდოდა ევროტურნირებზე დარჩენა, ეს ჩვენი მიზანი იყო.

მეგონა, რომ „პორტუ“ ცოტა უფრო სუსტი იქნებოდა, მაგრამ დონე ასეთია. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს შეჩვეულები არიან. პირველ მატჩებში მომზადებაც რთული იყო. დღევანდელ შეხვედრაში შეგვეძლო უფრო ხარისხიანად გვეთამაშა, მეორე გოლმა ყველაფერი დაასრულა, მაგრამ გოლები ჩვენივე შეცდომებით გავუშვით. მინდვრის ხარისხი არ იყო კარგი, თუმცა, ორივე გუნდისთვის ერთნაირი გახლდათ. მაგრამ, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ „სან სიროს“ მოედანი არ არის კარგ მდგომარეობაში, კლოპს ველაპარაკე და მითხრა, რომ „ენფილდზე“ ყველაფერი სხვაგვარადაა.

ჩვენ ჯერ არ ვართ მზად გამარჯვებისთვის. კლოპს ოთხი წელი დასჭირდა რაღაცის მოსაგებად. გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ, ჩვენ კი ვეცდებით ვიმუშაოთ და ერთად გავიზარდოთ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ B ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს გამოეთიშა. პლეი-ოფში „ლივერპული“ და „ატლეტიკო“ გავიდნენ, „პორტუმ“ კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

0.161882