ფეხბურთი

2:15 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" და "აიაქსის" 100%-იანი შედეგი, "ატლეტიკო" მერვედფინალში გავიდა, ალე რეკორდსმენია

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტთა რიგებს შეუერთდა. სწორედ ერთი საგზური თამაშდებოდა, რომლისთვის ბრძოლაშიც დიეგო სიმეონეს გუნდმა „პორტუს“ და „მილანს“ აჯობა.

„ლივერპულმა“ და „აიაქსმა“ ჯგუფურ ეტაპზე ქულაც არ დაკარგეს, ხოლო „ბეშიქთაშმა“ პირიქით - ქულა საერთოდ ვერ მოიპოვა.

A ჯგუფი

აქ გასაკრვევი ბევრი არაფერი იყო, მხოლოდ მესამე ადგილი, რომელიც „ლაიფციგმა“ მოიპოვა. „პარი სენ ჟერმენმა“ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და პირველი ადგილის შანსი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ბელგიურ გუნდს მაინც მოუგო და თანაც ძალიან ადვილად.

კილიან მბაპემ საწყის შვიდ წუთში დუბლი შეასრულა და ყველაფერი მაშინვე გადაწყვიტა. ფრანგი შემტევისთვის ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე 30-ე და 31-ე გოლები, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (22 წლის და 253 დღის), ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 30-გოლიან ნიშნულს უწია. მან ლეო მესის მიღწევა გააუმჯობესა. იმ მესის, რომელმაც ამავე მატჩში დუბლი შეასრულა. თუ არგენტინელს ლიგა 1-ში უჭირს, ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 5 გოლი დაუგროვდა. მესის ლიგაზე 38 სხვადასხვა მეტოქესთან აქვს გატანილი, რაც რეკორდია, ხოლო ერთზე მეტი გოლი ამ ტურნირზე 35-ედ გაიტანა. „პარი სენ ჟერმენმა“ 11 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში პირველ მატჩს შინ ჩაატარებს.

„მანჩესტერ სიტი“ ჯგუფში პირველია, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში „ლაიფციგთან“ წააგო. პეპ გვარდიოლას გუნდს ეს პოზიცია განაღდებული ჰქონდა და ამიტომაც, მარცხს მის სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია. „ლაიფციგმა“ კი კარი გაიჯახუნა და 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპა ლიგაზე გადავიდა.

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბრიუგე“ 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 მბაპე (2), 2:0 მბაპე (7), 3:0 მესი (38), 3:1 რიტსი (68), 4:1 მესი (76, პენ)

„ლაიფციგი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 შობოშლაი (24), 2:0 ანდრე სილვა (71), 2:1 მაჰრეზი (77)

1. მანჩესტერ სიტი 6 4 0 2 18 10 8 12
2. პარი სენ ჟერმენი 6 3 2 1 13 8 5 11
3. ლაიფციგი 6 2 1 3 15 14 1 7
4. ბრიუგე 6 1 1 4 6 20 -14 4

B ჯგუფი

ერთადერთი ინტრიგა სწორედ ამ ჯგუფში არსებობდა - ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე. „ატლეტიკო“ გავიდა, რომელმაც „პორტუს“ პრობლემების მიუხედავად 3:1 მოუგო და ვინაიდან, პარალელურად „მილანი“ „ლივერპულთან“ დამარცხდა, დიეგო სიმეონეს გუნდი პლეი-ოფშია.

„მილანი“ ინგლისურ გრანდს, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა, უგებდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. უნდა ითქვას ისიც, რომ იტალიელებს ტრავმების გამო არაერთი მოთამაშე აკლდათ. „ლივერპულმა“ კი ჯგუფში 18 ქულა დააგროვა და პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ექვსივე მატჩ მოიგო. „მილანი“ 4 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა და ასე დაასრულა 7-წლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება. „ატლეტიკოს“ კი მეორე ადგილისთვის 7 ქულა ეყო, „პორტუ“ ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

„მილანი“ – „ლივერპული“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ტომორი (28), 1:1 სალაჰი (36), 1:2 ორიგი (55)

„პორტუ“ – „ატლეტიკო“ 1:3 (0:0)

გოლი: 0:1 გრიზმანი (56), 0:2 კორეა (90), 0:3 დე პაული (90), 1:3 ოლივეირა (90, პენ)

1. ლივერპული 6 6 0 0 17 6 11 18
2. ატლეტიკო 6 2 1 3 7 8 -1 7
3. პორტუ 6 1 2 3 4 11 -7 5
4. მილანი 6 1 1 4 6 9 -3 4

C ჯგუფი

ამსტერდამის „აიაქსი“ უბრალოდ დაფრინავს. ის პირველი ნიდერლანდური გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო. ამჯერად ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა უმოტივაციო „სპორტინგი“ 4:2 დაამარცხა. სებასტიან ალემ ისევ გაიტანა. მას ამ სეზონამდე ამ ტურნირზე ნათამაშები არ ჰქონდა, მაგრამ 6-ვე თამაშში გაიტანა და პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე საწყის 6 თამაშში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. გარდა ამისა, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე მოთამაშეა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრაში გაიტანა.

„აიაქსმა“ 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, „სპორტინგმა“ 9 ქულით - მეორე. აჯობა, რა ურთიერთშეხვედრებში „დორტმუნდს“, რომელმაც შინ „ბეშიქთაში“ 5:0 გაანადგურა და ერლინგ ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა. თურქულმა გუნდმა ჯგუფურ ტურნირზე ქულაც ვერ მოიპოვა...

„აიაქსი“ – „სპორტინგი“ 4:2 (2:1)

გოლები: 1:0 ალე (8, პენ), 1:1 სანტოსი (22), 2:1 ანტონი (42), 3:1 ნერეში (58), 4:1 ბერგუისი (62), 4:2 ტაბატა (78)

„დორტმუნდი“ – „ბეშიქთაში“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 მალენი (29), 2:0 როისი (45, პენ), 3:0 როისი (53), 4:0 ჰაალანდი (68), 5:0 ჰაალანდი (81)

1. აიაქსი 6 6 0 0 20 5 15 18
2. სპორტინგი 6 3 0 3 14 12 2 9
3. დორტმუნდი 6 3 0 3 10 11 -1 9
4. ბეშიქთაში 6 0 0 6 3 19 -16 0

D ჯგუფი

ამ ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილი თამაშდებოდა. „რეალს“ ფრე აწყობდა, „ინტერს“ მხოლოდ მოგება, მაგრამ ესპანელებმა იმარჯვეს და 15 ქულით ჯგუფი დამაჯერებლად მოიგეს. ტონი კროოსმა და მარკო ასენსიომ იტალიელებს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანეს. „ინტერი“ 10 წლის შემდეგ გავიდა პლეი-ოფში და კარგი შედეგია, რადგან მანამდე ბოლო სამი სეზონი ჯგუფიდან ვერ გადიოდა. მესამე ადგილი „შერიფმა“ დაიკავა, რომელმაც დონეცკის „შახტართან“ ფრედ ითამაშა და 7 ქულა დააგროვა.

„რეალი“ – „ინტერი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კროოსი (17), 2:0 ასენსიო (79)

„შახტარი“ – „შერიფი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ფერნანდო (42), 1:1 ნიკოლოვი (90)

1. რეალი 6 5 0 1 14 3 11 15
2. ინტერი 6 3 1 2 8 5 3 10
3. შერიფი 6 2 1 3 7 11 -4 7
4. შახტარი 6 0 2 4 2 12 -10 2
0.120433