ბლოგი

13:43 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უმჯობესია დაურეკოთ რაულს

ბოლო წლების მანძილზე ფეხბურთში ბევრი უსმართლობის მხილველნი ვართ და მსგავსი რამ თითქოს არც კი გვიკვირს. გაიხსენეთ, როგორ მოექცნენ რაულ გონსალესს და იკერ კასილასს მადრიდის “რეალში“, როდესაც ეს ამხელა დამსახურების ხალხი მობერებისთანავე კლუბიდან მეზობლის წუწკი ძაღლებივით გაყარეს და ბედის ირონიით დიდი ფეხბურთიდან დიდი რაული მეშახტეების ქალაქ გელზენკირხენიდან გააცილეს და არა მისი მშობლიური მადრიდიდან.

მართალია “რომასთვის“ თავშეწირული ფრანჩესკო ტოტი დიდი ფეხბურთიდან სწორედ “ოლიმპიკომ“ გააცილა, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ამ კაცს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა “რომაში“ რაიმე თანამდებობაზე დარჩენილიყო, თუმცადირექტორატმა იმდენი ქნა, რომ ტოტი “მგლებს“ ცრემლებით გამოემშვიდობა და ბედის საძიებლად სხვა ალაგებს მიაშურა.

კარიერის დასრულების შემდეგ, არც ალესანდრო დელ პიეროს მოექცნენ კარგად ტურინში და არც რივალდოს და რონალდინიოს მიეცათ კატალონიურკლუბში მოღვაწეობის გაგრძელების საშუალება. რობერტო კარლოსი საერთოდ დაღესტანში გააცილეს დიდი ფეხბურთიდან, რაზეც მახსოვს მაშინ მსოფლიო პრესამ იხუმრა, იქილიკა დაბოლოს ეს ამბავიც ყველამ მიივიწყა.

აგერ ახლახანს, ლეო მესი წავიდა პარიზში და მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას“ ქომაგები ცრემლებით გამოეტირნენ და მესიც ძახდა, არ მინდა ბარსელონადან წასვლაო, საბოლოოდ მაინც ფრანგულ მიწაზე მოუწია ბურთის გორება და სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე კარგად გამოსდის ეს საქმე, როგორც ესპანეთში ან თუნდაც ბოლო დროს არგენტინის ეროვნული ნაკრებში.

ფეხბურთელისადმი უსამართლო დამოკიდებულებაში არც ქართველები ჩამოვრჩით სხვებს. როგორც გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისპრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მის ყოფილ თანაგუნდელზე და მეგობარზე, საქართველოს ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი გოლის გამტან შოთა არველაძეზე თქვა: “ნუ პროფესორობს და ნაკრების წაგებებზე კომენტარებს ნუ აკეთებსო“. ვის ვის და შოთა არველაძეს თუ არა აქვს საქართველოს ნაკრებზე საუბრის უფლება, აბა ვის აქვს? იმაზე მეტი შეურაცხყოფა როგორ უნდა მიაყენო ვეტერან ფეხბურთელს (და ახლა უკვე მწვრთნელს) რომ აუკრძალო საუბარი გუნდზე, სადაც წლები გამოდიოდა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სწორედ ამ გუნდის მაისურში გაუტარებია?!...

როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები ხედავენ, რომ დიდი დამსახურების მქონე ყოფილ ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევიან და ეს თითქოს ჩვეულებრივ ამბად ჩამოყალიბდა, შემდეგ რთულია დაარწმუნო ეს ბიჭები, რომ ფეხბურთი დიდებული თამაშია, სადაც ღირსება უპირველესია და დამსახურებულ ფეხბურთელებს ხალხი ხელის გულზე ატარებს. უსამართლობის ცქერა აუფასურებს ღირებულებებს და ამცირებს მოტივაციას, რომ მომავალში შენც ისეთივე გახდე, როგორიც მრავლისმნახველი ლეგენდარული ვეტერანები იყვნენ.

არადა, შეიძლება სულ მარტივად მოგვარებულიყო ყველაფერი. მაგალითად, როდესაც რაული ფეხბურთიდან მიდიოდა, “რეალიდან“ დაურეკავდნენ მას და შესთავაზებდნენ, “სანტიაგო ბერნაბეუდან“ გაცილებას. ეს იქნებოდა დანაშაულის გამოსყიდვის კარგი მცდელობა. ფრანჩსკო ტოტისაც არ დააყვედრიდნენ რაიმე პატარა თანამდებობას “რომაში“ და ლევან კობიაშვილიც მოუხდიდა შოთის ბოდიშს მისი სიტყვების გამო. მაგრამ ასე თითქმის არასოდეს ხდება. სამწუხაროდ...

0.177286