ფეხბურთი

10:29 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი "ბენფიკასთან" ფრის შემდეგ: "შესანიშნავად ვითამაშეთ და ასეთი "ბარსას" ნახვა მსურს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ბენფიკასთან“ ფრის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს არის „ბარსა“, რომლის ნახვაც სურს. ჩავის განცხადებით, მხოლოდ გოლი დააკლდათ და მომენტების რეალიზაციაში მოსამატებელი აქვთ.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ და სწორედ ამისკენ ვისწრაფვით. ერთადერთი რაც დაგვაკლდა - გოლია. პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებთ, წინ კიდევ ერთი მატჩია. გოლი რომ გაგვეტანა, ვიტყოდით, რომ შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ ამის გარეშეც ასე იყო. ნამდვილად ვფიქრობ, რომ შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს არის „ბარსელონა“, რომლის ნახვაც გვსურს. გუნდს ესმის ჩვენი იდეები. ორ თამაშში მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ, ისიც პენალტი და ამიტომ, ამ მხრივ უნდა მოვუმატოთ, დიახ.

„ბარსელონა“ ვართ და უნდა მოვიგოთ. ვსაუბრობ არა მხოლოდ „ბაიერნთან“ მომავალ თამაშზე, არამედ ყველა თამაშზე. მატჩები ისეთივე შემართებით უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს. მიუხედავად შედეგისა, ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. მიუნხენში გამარჯვებისთვის უნდა წავიდეთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. შეგვიძლია კონკურენცია ნებისმიერ გუნდს გავუწიოთ და ვიფიქროთ გამარჯვებაზე. ეს ამბიცია ნამდვილად გვაქვს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ E ჯგუფში ბოლო ტურის წინ 7 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში თუ „ბენფიკა“ საკუთარ მოედანზე კიევის „დინამოს“ მოუგებს, ჩავის გუნდს მიუნხენში, „ბაიერნთან“ მხოლოდ გამარჯვება გაიყვანს ჯგუფიდან. თანაბარ ქულებზე მერვედფინალში ლისაბონური გუნდი გავა და „ბარსა“ ევროპა ლიგაზე გადაერთვება.

0.130393