ფეხბურთი

22:28 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფლიქტი ქეცბაიასა და კაჭარავას შორის: მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ, გუნდს ნინუაც დატოვებს

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ დატოვება ნიკა კაჭარავას მოუწევს. კვიპროსული მედიის ცნობით, თემურ ქეცბაიას გეგმებში ქართველი ფორვარდი აღარ შედის და მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ.

როგორც goal.philenews-ი იტყობინება, ქეცბაიამ გუნდიდან ჩრდილოეთ ირლანდიელი თავდამსხმელი კაილ ლაფერტი გარიცხა, ხოლო მეორე ფეხბურთელი, რომელმაც იგივე ბედი გაიზიარა კაჭარავაა. გავრცელებული ცნობით, ორივე მოთამაშესთან ქართველ მწვრთნელს „ოლიმპიაკოსთან“ (2:3) ბოლო მატჩის შემდეგ კონფლიქტი მოუვიდა.

ამდენად, კაჭარავა აღარ არის გუნდის ნაწილი და აღარც ვალდებულია, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშოს. ყოველშემთხვევაში, ამ დროისთვის გუნდთან ერთად ვარჯიში ნიკას აკრძალული აქვს. ახლა მხარეები საუკეთესო გამოსავალზე მუშაობენ, რაც კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ქეცბაია კაჭარავას ნათლიაა.

წყაროს თანახმად, ქეცბაიას გეგმებში არც ნიკა ნინუა შედის, რომელსაც გუნდის დატოვება იანვარში მოუწევს, თუ მანამდე, სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, რაც მოსალოდნელი არაა.

მიმდინარე სეზონში ნიკა კაჭარავამ „ანორთოსისის“ რიგებში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ნინუამ მხოლოდ სამჯერ ითამაშა, ბოლოს - სექტემბერში. „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 9 ტურის შემდეგ 12 ქულით მეცხრე ადგილზეა.

0.118386