ბლოგი

13:20 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკულ-ქართული პანდემიური ამბები

პანდემიას თუკი ვინმე მოუმზადებელი შეხვდა, ეს სამხრეთ ამერიკა და იქაური ფეხბურთია. მარტო ის რად ღირს, რომ გასულ ზაფხულს ბრაზილიაში უმაყურებლოდ ძლივს ჩატარებული კოპა ამერიკის გათამაშება წესით ჯერ არგენტინასა და კოლუმბიაში, შემდეგ მარტო არგენტინაში და ბოლოს ურუგვაიში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ როგორც იცით ეს ტურნირი ბოლოს ბრაზილიაში გაიმართა, ისიც უმაყურებლოდ და შესაბამისად ქომაგების მრისხანების ფონზე.

მაგრამ მხოლოდ ეს როდია საკმარისი ოკეანისგაღმელთა უცნაურობანი რომ გავიგოთ. პანდემია ჯერ ისევ მრისხანებს, ვირუსმა მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეიწირა და ბრაზილიის გადარეული პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო არათუ ვაქცინაციისთვის საჭირო პიარ-კამპანიას ატარებს, არამედ დღენიადაგ დასცინის აცრის მსურველ ხალხს და მათ ხან მშიშრებად და ხან “სირისტიანებად“ მოიხსენიებს. ბრაზილიაში არსებულ სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, მოახლოვებულ არჩევნებზე ბოლსონაროს მალე გადაირჩევენ. ბრაზილიელების უმეტესობა მას ისედაც აღარ აღიარებს პრეზიდენტად და არც ემორჩილება პრეზიდენტის გიჟურ განკარგულებებს.

ანტივაქსერ პრეზიდენტს არ ემორჩილება არც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაა, რომელიც სამაგიეროდ მეორე უკიდურესობაშია გადაჭრილი და ადგილობრივი ექიმების რეკომენდაციით თავად აწესებს უცნაურ შეზღუდვებს. ბრაზილიაში ჯერ საერთოდ არ უშვებდნენ სტადიოზე ქომაგებს, მერე ქომაგთა 15%-ს დართეს ფეხბურთზე დასწრების უფლება. შემდეგ ისევ გაამკაცრეს რეგულაციები და ამ პერიოდს დაემთხვა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩი ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის.

ეს შეხვედრა მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ კოვიდუსაფრთხოების ნორმების (რასაც პრეზიდენტი ბოლსონარო უბრალოდ არ აღიარებს) დარღვევის გამო ქვეყანაში უკანონოდ შესულად ცნეს რამდენიმე არგენტინელი ფეხბურთელი და მათ თამაშის უფლება ბრაზილიელმა “მუშკეტერებმა“ უკვე დაწყებულ მატჩში აღარ მისცეს.

მსგავსი უპრეცედენტო სიგიჟე სამხრეთ ამერიკის ამბების კარგად მცოდნე ადამიანებსაც კი შოკში აგდებს. უკვე დაწყებული მატჩის შეწყვეტის ფაქტს კონმებოლი ჯერ კიდევ განიხილავს და დიდი შანსია რომ ბრაზილიის ნაკრებს სახლში ტექნიკური მარცხი - 0:3 ჩაეთვალოს. თუმცა ეს ხომ სამხრეთ ამერიკაა და არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მავანმა უბრალოდ თვალი დახუჭოს ბრაზილიელი სამართალდამცველების და ადგილობივი ფეხბურთის ბოსების სითავხედეზე და არგენტინა-ბრაზილიის მატჩი ყოველგვარი სანქციების დაწესების გარეშე ხელახლა ჩაინიშნოს.

არ იფიქროთ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდის სიგიჟეებში ბრაზილიელებს მათი მეზობელი ქვეყნები ჩამოუვარდებიან. აგერ არგენტინა, რომელსაც ძირითადად ტურიზმით უდგას სული, უკვე მეორე წელია ყველანაირი სტუმრისთვისაა ჩაკეტილი და არაა გამორიცხული მალე ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსოს. ჩილეში იქაურმა ფეხბურთის “ბრძენმა“ ხელმძღვანელმა თქვა, სასურველია თამაშებზე ოჯახებიდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა იაროსო, თითქოს ვინმე გააკონტროლებს კაცი სტადიონზე შვილთან ერთად წავა თუ ქვისლს წაიყოლებს.

ბრაზილიის მსგავსად კოლუმბიაშიც ხალხს სტადიონზე ხან უშვებენ და ხან არა. იგივე სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც. ერთადერთი ქვეყანა ურუგვაია, სადაც სტადიონებზე ხალხს ჩვეულებრივად უშვებენ და მხოლოდ მათ, ვინც აცრილია. მაგრამ იქ ადგილობრივი აუცრელები ბობოქრობენ და სხვებსაც დასძახიან - ნუ იცრებით, თქვე ეშმაკის კერძებოო.

ერთი სიტყვით, სამხრეთ ამერიკაში პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა (პრინციპში იქ არც ადრე იყო მდგრადი სიტუაცია) მაგრამ ჩვენ ვისზე რა უნდა ვთქვათ? აი, ახლა ამ ტექსტს თქვენ კითხულობთ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, სადაც ყველაზე დიდ საზღვაო ქალაქში ძლივს გაიხსნა ახალი სტადიონი, რომელზეც ეროვნულმა ნაკრებმაც ჩაატარა რამდენიმე მატჩი, მაგრამ რად გინდა? ცარიელი ტრიბუნების წინ გინდა ბათუმში გირბენია, გინდა თბილისში და გინდა წალენჯიხაში. რა აზრი აქვს?...

0.144562