ფეხბურთი

1:33 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სახედაკარგული "იუვენტუსი"

გასულ სეზონში „იუვენტუსის“ წარუმატებლობა გამოუცდელ ანდრეა პირლოს დაბრალდა, მაგრამ პრობლემა რომ მწვრთნელში არაა, მიმდინარე სეზონის სტარტი ნათლად ადასტურებს.

პირლო გაუშვეს, დააბრუნეს მაქს ალეგრი, რომელიც ხელფასის სახით წელიწადში 9 მილიონ ევროს იღებს, მაშინ, როცა პირლო მილიონსაც არ გამოიმუშავებდა და შედეგი უცვლელია. უფრო მეტიც, საქმე ისე მიდის, რომ „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ძალიან, ძალიან გაუჭირდება. არადა, პირლომ ეს შეძლო და გუნდს ორი ტიტულიც მოაგებინა. რა იქნება ალეგრისთან ერთად, ახლა პროგნოზირება მაინც რთულია, მაგრამ კონტურები გამოიკვეთა და ტურინელთათვის დამაიმედებელი არ არის.

„იუვემ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და მაქს ალეგრიმ მატჩამდე ეს თამაში აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიაში შეიყვანა, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა. პირველი ტაიმის ბოლოს „იუვემ“ გაუშვა, მეორე ნახევარში გააქტიურდა, რამდენიმე მომენტი გაანიავა, ხოლო 76-ე წუთზე ვესტონ მაკკენიმ გაათანაბრა. თუმცა, ბოლო წამზე (გადაუჭარბებლად) წინ წასულ „ბიანკონერის“ მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარა, რომელიც მაქსიმ ლოპესმა მატია პერინთან პირისპირ გასვლით და რაც მთავარია, გოლით დაასრულა - 1:2.

„იუვენტუსი“ ლიდერ „მილანს“ 13 ქულით ჩამორჩება და აქ სკუდეტოზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია, მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, რაც ძნელი იქნება, რადგან დიდი კონკურენციაა. „მილანი“, „ნაპოლი“ და „ინტერი“ ალბათ სამეულს გაინაწილებენ, აი, მეოთხე ადგილისთვის კი „იუვენტუსს“ ბევრი და ალბათ, მასზე ორგანიზებული კონკურენტები ჰყავს - „ლაციო“, „ატალანტა“, „რომა“ და ყველა მათგანი ქულებით უკვე უსწრებს. „იუვენტუსმა“ სამქულიან ერაში (1994 წლიდან) მესამედ წააგო სეზონის სტარტზე 10 ტურში 3 მატჩი (1995-1996 და 2015-2016 წლების სეზონშიც). გაუშვა 13 გოლი, რაც 1992 წლის შემდეგ მისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მაგრამ, „იუვეს“ პრობლემა დაცვაზე მეტად შეტევაა და უცნაურია, რომ ასეა, რადგან მისთვის 10 მატჩში 13 გოლის გაშვება კატასტროფაა. მაგრამ, თავდასხმაში ვითარება საერთოდ საშინლადაა - „იუვენტუსს“ 26 სექტემბრის შემდეგ თამაშში გოლზე მეტი არ გაუტანია! ფაქტია, ალეგრი საქმეს ვერ შველის და როგორც ჩანს, 9-წლიანი ჰეგემონის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას გაცილებით დიდი რეორგანიზაციის ჩატარება მართებს, ვიდრე უბრალოდ მთავარი მწვრთნელის შეცვლაა.

„იუვენტუსის“ წაფორხილებით მისმა ყველა კონკურენტმა ისარგებლა. „ატალანტა“ „სამპდორიასთან“ აგებდა, მაგრამ მერე 3 გოლი გაიტანა და დამაჯერებლად მოიგო, იგივე სცენარი იყო „რომას“ მატჩში, რომელიც „კალიარისთან“ აგებდა, მაგრამ დაქამბექება მოახერხა და ჟოზე მოურინიოს გუნდმა იმარჯვა. რომის „ლაციომ“ „ფიორენტინას“ პედროს ერთადერთი გოლით აჯობა, ხოლო „ინტერს“ სტუმრად „ემპოლისთან“ პრობლემა არ ჰქონია - 2:0.

მეათე ტური ხუთშაბათს, „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ მატჩით დასრულდება, რომელშიც ნეაპოლელებს შანსი ექნებათ ლიდერ „მილანს“ დაეწიონ და სატურნირო ცხრილში ისევ ორხელისუფლიანობა დამყარდეს.

„კალიარი“ – „რომა“ 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 პავოლეტი (52), 1:1 იბანიესი (71), 1:2 პელეგრინი (78)

„ემპოლი“ – „ინტერი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 დ’ამბროზიო (34), 0:2 დიმარკო (66)

„ლაციო“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პედრო (52)

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფრატეზი (44), 1:1 მაკკენი (76), 1:2 ლოპესი (90)

„სამპდორია“ – „ატალანტა“ 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 კაპუტო (10), 1:1 ასკილდსენი (17, ა.გ), 1:2 ძაპატა (21), 1:3 ილიჩიჩი (90)

„უდინეზე“ – „ვერონა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სუჩესი (3), 1:1 ბარაკი (83)

0.157736