კალათბურთი

19:32 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-მ ოლიმპს სძლია და სუპერლიგაში გალიდერდა

სუპერლიგის ფავორიტების მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა “ოლიმპი” დაამარცხა – 83:76 (სტატისტიკა). ტრავმების გამო ორივე გუნდს დანაკლისი ჰქონდა, თუმცა “ოლიმპი” მეტად დაზარალებული გახლდათ. დავით როგავას გუნდს სასტარტო ხუთეულის მთელი უკანა ხაზი აკლდა: ეროვნული ნაკრების წევრები გივი ბაქრაძე და კახა ჯინჭარაძე, ასევე ლეგიონერი კენდრიკ ტომპსონი.

რაც შეეხებათ უნივერსიტეტელებს, მათ ერთი და მთელს სუპერლიგაში გამოკვეთილი მოთამაშე აკლდათ: ეროვნული ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე. თსუ-ელებს, რომლებსაც განაცხადში 9 მოთამაშე ჰყავთ, ნებისმიერი კალათბურთელის დაკლება დიდი მინუსია და მით უმეტეს, გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალის არყოფნა უნივერსიტეტელთათვის დიდი თავსატკივარი იყო.

ცინცაძის ტრავმა ხანგრძლივია და ის ვერც თსუ-ს და ვერც ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 6-8 თვის მანძილზე ვერ დაეხმარება. ლექსო ლაფანაშვილი გუნდს სხვა ყაიდაზე ათამაშებს, სადაც დირიჟორი ამერიკელი ლეგიონერი ლოველ ქაბილია. პირველ ტურში, როცა თსუ-მ “დინამო” დაამარცხა, ქაბილმა 34 ქულა მიითვალა, ხოლო დღევანდელ გამარჯვებაში მისი წილი ასევე სოლიდური იყო – 29 ქულა, 8 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 პასი.

ოლიმპი იოლად არ დანებებულა. როგავას გუნდი განსაკუთრებულად კარგად პირველ ნახევარში თამაშობდა და პერიოდულად ლიდერობდა კიდეც. ბოლო წამზე აბდულაი ბუნდუმ ორქულიანი ჩააგდო და ოლიმპელები დიდ შესვენებაზე ლიდერებად გავიდნენ – 49:47. მე-3 პერიოდში თსუ-მ დაცვა გაამაგრა და აქცენტი პერიმეტრზე გადაიტანა. შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით თსუ-მ ლიდერობა დაიბრუნა, მესამე პერიოდი 19:12 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 5 ქულით დაწინაურდა.

ბოლო პერიოდში უნივერსიტეტელებმა ლოველ ქაბილის, ახალგაზრდა ლევან ქვარცხავასა და მეორე ამერიკელის, დარელ ოუენსის მექულეობით უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა და შეხვედრის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა. ქაბილის 29 ქულის კვალზე ოუენსმა 15, ქვარცხავამ – 12, ხოლო ივანე მეგენეიშვილმა 10 ქულა მოაგროვა. ოლიმპში 21 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბუნდუ აბდულაი, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.

GBF.GE

0.141694