ფეხბურთი

19:14 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩემზე ცუდად თუ საუბრობენ, იმიტომ რომ ჩემი პოტენციალი იციან"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ Sky Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კრიტიკოსების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან საუკეთესოები არ უყვართ.

რონალდუს განცხადებით, მას შეუძლია გუნდის დახმარება დაცვაშიც, მაგრამ მისი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა და გუნდის გამარჯვებაში ამ გზით დახმარებაა.

„ვიცი, როდის სჭირდება გუნდს დაცვაში ჩემი დახმარება. თუმცა, კლუბში ჩემი როლი გამარჯვებაა, გუნდს გამარჯვებაში და გოლების გატანაში უნდა დავეხმარო, ამავდროულად, დაცვაც ჩემი საქმის ნაწილია. 36 წლის ვარ და სიმართლე გითხრათ, ყველაფერი მოვიგე, რატომ უნდა ვიდარდო, რომ ჩემზე ცუდს იტყვიან? ღამე კარგად მძინავს, სუფთა სინდისით ვიძინებ. ასე ვაგრძელებ დღემდე და პირს არ გავაღებ მათთვის, ვინც მაკრიტიკებს და სხვა ტიტულებს მოვიგებ. კრიტიკა ყოველთვის ფეხბურთის და ბიზნესის სამყაროს ნაწილია. მე ეს არ მაწუხებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს კარგ რამედ მიმაჩნია. თუ ჩემზე საუბრობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ იციან ჩემი პოტენციალი და ჩემი ღირებულება ფეხბურთში, ასე რომ, არა უშავს. მოვიყვან მაგალითს: თუ სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ხარ, ჰკითხე ყველაზე ცუდ მოსწავლეს, ვინ მოსწონს ყველაზე მეტად - ის გიპასუხებს, რომ საუკეთესო არ მოსწონს.

ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ ისევ ბედნიერი ვარ და ფეხბურთით ვტკბები. მე ყველაფერი მოვიგე, მაგრამ კვლავ ძალიან მოტივირებული ვარ. ჩემი ცხოვრების ახალ თავში ვარ, მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქ იმისთვის ვარ, რომ გამარჯვებას ვეცადო, აქ იმისთვის ვარ, რომ „მანჩესტერს“ დავეხმარო, მას გამარჯვებული ისტორია აქვს და აქ დასასვენებლად არ ვიმყოფები. ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ ამ გუნდში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ. ძალიან ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები არიან.

წაგება არ მიყვარს. ჩემთვის „ევერტონთან“ პატივისცემის მიუხედავად, მასთან სახლში ფრე წაგების ტოლფასი იყო. შესაძლოა არასწორად ვფიქრობ, მაგრამ ამდენი ტიტული ამიტომაც მოვიგე და ჩემს კარიერაში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კლუბებში ვითამაშე. ამიტომაც, ჩემს მიმართ ყოველთვის იქნება კრიტიკა. არც ვმალავ და სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს ზუსტად იმიტომ, რომ ვიცი, ფეხბურთი ასეთია. ჩემი რეაქცია არის ის, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ხანდახან შეიძლება ისეთი რამ ვთქვა, რასაც არ შენ არ ეთანხმები, მაგრამ მე ასეთი ვარ.

ყველა მიცნობს, ყოველთვის ასეთი ვიყავი, ახლა ასაკთან ერთად არ შევიცვლები. ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები გუნდისთვის და ჩემი რეაქციები გამოხატავს იმას, ვინც ვარ. არ მინდა ვინმეს ზიანი მივაყენო. ვიცი, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიქნები იმის გამო, ვინც ვარ და რასაც მივაღწიე და რაც მოვიგე. მათ არ სურთ ჩემზე კარგი რაღაცები თქვან, ყოველთვის ცუდს იპოვიან, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. ცხოვრება მუდმივი გაკვეთილია და ჩემი შეცდომებიდანაც ვსწავლობ, ვცდილობ ყოველთვის განვითარდე“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედში“ 8 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.15032