ჩოგბურთი

2:30 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღიაზე არავაქცინირებულ ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ

როგორც ჩანს, ავსტრალიის ღია პირველობა, მისი მოქმედი ჩემპიონის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გარეშე ჩაივლის. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ შტატ ვიქტორიას ხელისუფლება მკაცრად მოითხოვს, რომ დიდი სლემის ტურნირის ყველა მონაწილეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი დოზით ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდეს.

ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ვაქცინაციაზე საკუთარი სტატუსის გასაჯაროებას არ აპირებს. შესაბამისად, მას მელბურნში მხოლოდ რამდენიმე კვირიანი კარანტინის გავლის შემთხვევაში დაუშვებენ. სავარაუდოდ, ამაზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი არ დათანხმდება.

მაგრამ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა. შტატ ვიქტორიას პრემიერი დანიელ ენდრიუსი ამბობს, რომ ის გამონაკლისების წინააღმდეგია. ის თვლის, რომ შტატში არავაქცინირებული ათლეტების დაშვება არ შეიძლება.

„მე არ მაინტერესებს, ვის რა აქვს მოგებული და რა ადგილი უკავია რეიტინგში. წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. უნდა იყო ვაქცინირებული, თუ ტურნირზე გამოსვლა გსურს.

შტატი ვიქტორია დაახლოებით სამთვიან ლოკდაუნს ამ კვირაში დაასრულებს. მაგრამ ამის შემდეგაც, შტატში იმოქმედებს წესი, რომლის შესაბამისადაც, მის ფარგლებში დასაქმებულ ყველა ადამიანს, თუ მუშაობა (სპორტში მონაწილეობა) სურს, ადგილობრივი წესების შესრულება მოუწევს.

ენდრიუსი ამბობს, რომ შტატი ვიქტორია, ფედერალურ ხელისუფლებას სთხოვს, რომ ვიზები არ გაიცეს იმ ვიზიტორებზე, რომლებსაც ორმაგი ვაქცინაცია გავლილი არ აქვთ.

„ვფიქრობ, არავაქცინირებულ ჩოგბურთელზე ვიზა არ უნდა გაიცეს. მაგრამ თუ ვიზას მაინც მისცემენ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ რამდენიმე კვირიან კარანტინს გაივლიან“, - ამბობს ენდრიუსი.

შტატ ვიქტორიას მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი ორი დოზით არის აცრილი. ამის გამო, შტატი ლოკდაუნს დაამთავრებს. შეზღუდვები მათთვის გაგრძელდება, ვისაც ვაქცინაცია გავლილი არ აქვს. ასეთებს არც რესტორნებში დაუშვებენ, არც პაბებში და სხვა თავშეყრის ადგილებში.

0.156366