ფეხბურთი

19:39 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: იტალიის ნაკრებმა ბელგიას მესამე ადგილისთვის მატჩში აჯობა

იტალიის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგია 2:1 დაამარცხა და მცირე ფინალში გამარჯვება მოიპოვა.

რობერტო მანჩინის გუნდი მეტოქეს ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ დაუხვდა და როგორც ევროპის ჩემპიონატზე, სამი თვის წინ, ახლაც 2:1 აჯობა, თანაც ზუსტად იგივე სცენარით - 2:0-ს იგებდა და მერე ერთი გოლი გაუშვა. კიდევ ერთი დამთხვევა ისაა, რომ ანგარიში მაშინაც და ახლაც, ნიკოლო ბარელამ გახსნა.

პირველ ტაიმში უპირატესობას იტალია ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. აი, მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კი ბარელამ ეფექტური დარტყმით შეაგდო და „სკუადრა აძურა“ დააწინაურა. სხვათა შორის, მან ნაკრებში მე-7 გოლი გაიტანა, აქედან მეორედ დაამწუხრა ბელგია და სანაკრებო დონეზე ერთი მეტოქის წინააღმდეგ 2 გოლი მხოლოდ ბელგიელთა წინააღმდეგ აქვს გატანილი.

65-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გააორმაგეს. ფედერიკო კიეზამ პენალტი მოიპოვა, რომელიც დომენიკო ბერარდიმ ზუსტად შეასრულა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. თუმცა, ამის შემდეგ ბელგია საკმაოდ დიდ უპირატესობას დაეუფლა, ორჯერ ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია რთული დარტყმები, თითოჯერ ბურთი ხარიხასა და ძელსაც მოხვდა, ხოლო 86-ე წუთზე შარლ დე კეტელაერემ სხვაობა შემაცირა. „წითელმა ეშმაკებმა“ მეტი ვეღარ მოახერხეს და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულეს.

რობერტო მანჩინის ხელში იტალიამ 44-ე თამაში ჩაატარა და 30-ე მოიგო. 30 გამარჯვებისთვის ასე სწრაფად იტალიის ნაკრების ისტორიაში არცერთ მწვრთნელს არ მიუღწევია. ვთქვათ ისიც, რომ მილანში სტვენის შემდეგ დონარუმას ტურინში სხვაგვარად დახვდნენ და როცა ის ბურთს იღებდა, ტიფოზები ტაშს უკრავდნენ, რაზეც გულშემატკივრებს ჯიჯომაც ტაშით უპასუხა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალში დღეს საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

იტალია - ბელგია 2:1 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, აჩერბი, ბასტონი, ემერსონი; ბარელა (კრისტანტე 70), ლოკატელი, პელეგრინი (ჟორჟინიო 70); ბერარდი (ინსინიე 90), რასპადორი (კინი 65), კიეზა (ბერნარდესკი 90)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

ბელგია (3-4-3): კურტუა; ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერტონგენი; კასტანე, ვიტსელი, ტილემანსი (დე ბრუინი 59), სალემაკერსი (დე კატელაერე 59); ვანაკენი, ბატშუაი; კარასკო (ტროსარი 87)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ბარელა (46), 2:0 ბერარდი (65, პენ), 2:1 დე კეტელაერე (86)

გაფრთხილება: დი ლორენცო (30), ემერსონი (82) - ვერტონგენი (14), ვიტსელი (56), ალდერვეირელდი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი)

0.148674