ფეხბურთი

0:53 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 წელი და 37 მატჩი: იტალიის ნაკრების დაუმარცხებელი სერია შეწყდა

იტალიის ნაკრების სამწლიანი და 37-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონის ეს საოცარი სერია, რაც მსოფლიო რეკორდია, ესპანეთის ნაკრებმა მილანში, „სან სიროზე“ შეწყვიტა.

ლუის ენრიკეს ესპანეთი ნამდვილად არ არის დაუმარცხებელი გუნდი და ალბათ, არც ყველაზე ძლიერი, მაგრამ ფაქტია, „სკუადრა აძურას“ ყველაზე მეტად მასთან თამაში უჭირს. ზუსტად 3 თვის წინ, 6 ივლისს, ისინი ევრო 2020-ის ნახევარფინალში შეხვდნენ და იტალიას ევროპის ჩემპიონატზე ასე არავის წინააღმდეგ შექმნია პრობლემები. ეს აღიარა რობერტო მანჩინიმაც და ახლაც, 6 ოქტომბერს, იტალია ესპანეთთან ისევ პრობლემების წინაშე დადგა.

ერთა ლიგის ნახევარფინალში „ფურია როხამ“ იტალიას 2:1 მოუგო. მატჩის მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უნაი სიმონმა ფედერიკო კიეზას დარტყმა მოიგერია. მე-17 წუთზე კი ფერან ტორესმა ესპანელთა პირველივე ნორმალური იერიში გოლად აქცია. ბურთს, გასაკვირი არ არის, რომ პირინელები აკონტროლებდნენ, მაგრამ იტალიას შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. თუმცა, ჯერ ფედერიკო ბერნარდესკის დარტყმის მერე ესპანეთი სიმონმა და ძელმა ერთდროულად გადაარჩინეს, ხოლო მერე ლორენცო ინსინიემ ურეალურესი მომენტი ქარს გაატანა. 42-ე წუთზე კი ყველაფერი შეიცვალა. ლეონარდო ბონუჩიმ 30-ე წუთზე რუს მსაჯთან, სერგეი კარასევთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 12 წუთში სერხიო ბუსკეტსს სახეში იდაყვი ჩაარტყა, მეორედ გააფრთხილეს და ათკაციან იტალიას შანსი აღარ მისცემია. რობერტო მანჩინიმ ბონუჩი მცველით არ ჩაანაცვლა, იფიქრა, რომ ტაიმს მისი გუნდი ჩაამთავრებდა და ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე ტორესმა დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში კაცნაკლული იტალია მთლიანად დაცვაში იდგა და შანსს ელოდებოდა, რომელიც პრაქტიკულად არ მიეცა და ვერ მიიღო. გარდა ერთი მომენტისა. 83-ე წუთზე ესპანელების კუთხურის შემდეგ ფედერიკო კიეზამ მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი წაართვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და დარტყმა შეეძლო, მაგრამ ცარიელ კარში ლორენცო პელეგრინის გაატანინა. იტალიას კიდევ ჰქონდა ცოტა დრო, მაგრამ მეტი ვეღარაფერი შეძლო.

ამრიგად, 2018 წლის 10 სექტემბრის შემდეგ „სკუადრა აძურა“ პირველად დამარცხდა. სხვათა შორის, რობერტო მანჩინის მწვრთნელობის პერიოდში იტალიამ ერთ თამაშში მხოლოდ მეორედ გაუშვა ერთ გოლზე მეტი (პირველად 2018 წლის მაისში საფრანგეთთან). ვთქვათ ისიც, რომ იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ოფიციალური თამაში 1999 წლის შემდეგ პირველად წააგო (მაშინ ნეაპოლში დანიასთან 2:3).

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია და 10 სექტემბერს მილანში, ბელგიას ან საფრანგეთს შეხვდება, ხოლო იტალია იმავე დღეს მესამე ადგილისთვის მეორე ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

იტალია - ესპანეთი 1:2 (0:2)

მილანი, „სან სირო“

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, ბასტონი, ემერსონი; ბარელა (კალაბრია 72), ჟორჟინიო (პელეგრინი 64), ვერატი (ლოკატელი 58); კიეზა, ბერნარდესკი (კიელინი 46), ინსინიე (კინი 58)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი; ასპილიკუეტა, ლაპორტი, ტორესი, ალონსო; კოკე (მერინო 75), ბუსკეტსი, გავი (სერხი რობერტო 84); სარაბია (ხილი 75), ტორესი (პინო 49), ოიარსაბალი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ტორესი (17), 0:2 ტორესი (45), 1:2 პელეგრინი (83)

გაფრთხილება: ბონუჩი (30, 42), ლოკატელი (82) - ასპილიკუეტა (45), სარაბია (65), პინო (71), ოიარსაბალი (89)

გაძევება: ბონუჩი (42)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 13 (4) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.126296