კალათბურთი

13:16 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

3×3 Geotour 2021-ის ფინალურ ტურნირს გუნდი GGG შეუერთდა

3×3 Geotour 2021-ის მორიგ შესარჩევ ტურს 24 სექტემბერს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ეს გახლდათ რიგით მესამე შესარჩევი, რომლიდანაც ფინალურ ტურნირში გუნდი GGG გადავიდა. აღნიშნულმა გუნდმა ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ტურნირში მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა რადგან გამარჯვებულ “სიმონებს” ფინალური ტურნირის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, იგი GGG-ს ერგო.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად, 3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (3×3 Geotour 2021) შესარჩევი ტურები დედაქალაქთან ერთად რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი) ტარდება, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო წლეულს ყველა მათგანს თბილისი მასპინძლობს.

3×3 Geotour 2021 12 აგვისტოს, თბილისის შესარჩევი ტურით დაიწყო, საიდანაც 8 საუკეთესო გუნდმა მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური. მათ რიცხვს მომდევნო ტურის გამარჯვებული “სიმონები” შეუერთდა, რომელმაც მომდევნო, 24 სექტემბერს ჩატარებულ ტურშიც იმარჯვა, თუმცა ფინალური ტურნირის საგზური, როგორც მოგახსენეთ, მეორეზე გასულმა GGG-მ მიიღო.

გასულ შესარჩევ ტურნირში მთლიანობაში 9 გუნდმა იასპარეზა, რომლებიც 3 ჯგუფში გადანაწილდნენ. საუკეთესო 4 გუნდი ნახევარფინალში გავიდა. “სიმონებმა” scooby-ს 21:13 სძლია, ხოლო მეორე ნახევარფინალში GGG-მ TRIPLET’S-ს 21:16 აჯობა. ფინალურ მატჩში “სიმონებმა” (ლევან ლოლიშვილი, ნიკა ლოლიშვილი, საბა სირაძე) 21:15 დაამარცხა GGG (გიორგი ცხვარაძე, ირაკლი ბაღდავაძე, თორნიკე ანჯაფარიძე, ირაკლი ბიწკინაშვილი).

ტურნირის გამარჯვებულ “სიმონებს” თასთან ერთად 300-ლარიანი ვაუჩერი ერგოთ, ხოლო მეორეადგილოსანმა GGG-მ ფინალური ეტაპის საგზური ჩაიბარა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ “სიმონების” წევრი, საბა სირაძე დასახელდა. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.

3×3 Geotour 2021-ის მორიგი შესარჩევი ტურნირი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF.GE

0.134762