სხვა

2:05 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სატიტულო ბრძოლის წინ ჯოშუა უსიკზე 8 კილოგრამით მძიმეა

ერთმანეთთან რინგზე შეხვედრის წინ, ენტონი ჯოშუამ წონაში დაიკლო და ოლეკსანდრ უსიკმა მოიმატა, მაგრამ მათ შორის სხვაობა მაინც ბევრია - 8.3 კილოგრამი, ბრიტანლის სასარგებლოდ. ამასთან, ჯოშუა დაახლოებით 9 სანტიმეტრით მაღალიცაა და ხელებიც უფრო გრძელი აქვს.

უკრაინლი უსიკი 100.6 კილოგრამს იწონის, რაც მისთვის უჩვეულოდ დიდი წონაა - კრეისერის კატეგორიაში (91 კგ) დომინირების შემდეგ, ის მძიმე წონაში (შეუზღუდავი) გადავიდა და მცირე მოთელვის შემდეგ, WBO-ის მანდატით, სავალდებულო პრეტენდენტად გავა ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე მოწყობილ რინგზე.

უსიკი იმაზე ოთხი კილოგრამით მეტს იწონის, ვიდრე შარშან ოქტომბერში, დერეკ ჩისორასთან შეხვედრისას იყო. უკრაინელმა ის ბრძოლა ქულებით მოიგო და ჩემპიონ ჯოშუასთან შეხვედრაშიც, შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება (მიმომხილველთა შეფასებით), თუ ბოლომდე გაძლებს და მეტოქეზე მეტ ქულას დააგროვებს.

ჯოშუა რინგზე თავის ოთხივე სარტყელს გამოიტანს. მისი წონაა 108.9 კილოგრამი. ის დაახლოებით ნახევარი კილოგრამით მსუბუქია, ვიდრე ბულგარელ კუბრატ პულევთან დეკემბრის შეხვედრის დროს იყო. მისი სიმაღლე 201 სანტიმეტრია, უსიკისა კი - 192 სანტიმეტრი.

თუ უკრაინელი სენსაციას შეძლებს, ის გახდება მესამე მოკრივე, ვინც კრეისერის წონაში ტიტულების მოპოვების შემდეგ, ჩემპიონი მძიმე წონაშიც გახდება. აქამდე ეს მხოლოდ ევანდერ ჰოლიფილდმა და დევიდ ჰეიმ შეძლეს.

სხვათა შორის, უსიკი თავის წინა ორ მეტოქეზე გაცილებით ნაკლებს იწონიდა. კერძოდ, ჩეზ უაითერსპუნზე 12.2 კილოგრამით, ჩისორაზე კი 17.2 კილოგრამით მსუბუქი იყო. ჰეიმ 2009 წელს ნიკოლაი ვალუევი რომ დაამარცხა, მასზე დაახლოებით 34 კილოგრამით ნაკლებს იწონიდა.

უსიკს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 18-ვე ბრძოლა მოგებული აქვს, მათგან 13-ში ნოკაუტს მიაღწია. ჯოშუას 25 ბრძოლა აქვს გამართული, მათგან ერთი წააგო, 24 კი მოიგო. ამასთან, 22-ჯერ მეტოქე ნოკაუტით შეაჩერა.

0.124372