ფეხბურთი

22:58 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ "დინამო თბილისმა" "სამტრედიას" იოლად მოუგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ოთხი მატჩი გაიმართა და ყველა საინტერესოდ წარიმართა.

მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. იმერლებმა კახა ცხადაძის გუნდს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, როცა გუნდებმა გოლები გაცვალეს. „სამტრედიას“ რიგებში თავი გიორგი არაბიძემ გამოიჩინა, რომელმაც ძალიან ლამაზი დარტყმით დალაშქრა თბილისელთა კარი. თუმცა, მეორე ტაიმში კახა ცხადაძის შეგირდების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და სტუმართა კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს. „დინამო თბილისს“ 51 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, „სამტრედია“ კი 16 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

გათამაშების ლიდერმა „დინამო ბათუმმა“ წყალტუბოს „სამგურალთან“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. აჭარლები პირველ ტაიმში ჯაბა ჯიღაურის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო შესვენების შემდეგ თავი ვლადიმერ მამუჩაშვილმა და სანდრო ალთუნაშვილმა გაიტანეს. „დინამო ბათუმს“ 56 ქულა აქვს და „დინამო თბილისს“ 5 ქულით უსწრებს. „სამგურალის“ აქტივში 34 ქულაა და მეექვსე ადგილზეა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ წარუმატებელი სერია ქუთაისში შეწყვიტა, სადაც „ტორპედოს“ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა და „ლოკომ“ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, რის შედეგადაც 40 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, „ტორპედო“ კი 25 ქულით მეშვიდეა.

გორის „დილამაც“ წერტილი დაუსვა მოუგებელ სერიას, სტუმრად ორი უპასუხო გოლი გაუტანა „თელავს“ და 2:0 იმარჯვა. გორელები 43 ქულით მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო „თელავი“ 25 ქულით მერვე ადგილზეა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური 25 სექტემბერს, თბილისის „საბურთალოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ მატჩით დასრულდება.

„დინამო თბილისი“ – „სამტრედია“ 5:1 (1:1)

გოლები: 1:0 მარუშიჩი (17), 1:1 არაბიძე (22), 2:1 სხირტლაძე (57), 3:1 ბენიო (59), 4:1 რადინი (72), 5:1 მოისწრაფიშვილი (79)

„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (44), 2:0 მამუჩაშვილი (52), 3:0 ალთუნაშვილი (63)

„თელავი“ – „დილა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მოსიაშვილი (45), 0:2 კამარა (68)

„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 სიხარულიძე (41)

0.1505