კალათბურთი

19:06 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი თეა წულუკიანი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან პაატა გურასპაულთან და გენერალურ მდივანთან გიორგი ქართველიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელები და ამჟამად ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისაც დაესწრნენ და კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მინისტრს 2022 წელს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მზადების პროცესზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ თბილისი მომავალი წლის სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. მინისტრმა კალათბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოს მთავრობის, სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

თეა წულუკიანის თქმით, ბოლო წლებში საქართველო იქცა მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძელ ქვეყნად, რამაც საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში ჩვენს ქვეყანას პოზიციები კიდევ უფრო გაუმყარა. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამის შედეგი გახლავთ თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, რაც ნიშნავს საქართველოში ევროპული კალათბურთის არაერთი ვარსკვლავის ჩამოსვლას, ასევე 10 ათასამდე გულშემატკივრის სტუმრობას, რაც თავისთავად იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და არის არაერთი სარგებლის მომტანი მსგავსი ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნისათვის.

GBF.GE

0.152515