რაგბი

15:27 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ 14 | დავით ნინიაშვილის წარმატებული დებიუტი

19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა, საფრანგეთის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

მისმა ‘ლიონმა’ მესამე ტურში ‘პერპინიანს’ 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 47:3 დაამარცხა. ნინიაშვილი 11 ნომრის პოზიციაზე ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. სრული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემაც. ‘პერპინიანის’ სასტარტოში იყო გიორგი თეთრაშვილი და ის 46-ე წუთზე შეცვალეს.

‘ბიარიცმა’ ‘რასინგ 92’ მიიღო და 28:19 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე 76-ე წუთზე შევიდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი, თუმცა თანაგუნდელის სინბინის შემდეგ, 69-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება.

‘ბრივმა’ ‘პოს’ უმასპინძლა, ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 30:13 დაამარცხა. პირველივე წუთებიდან გავიდა მოედანზე მასპინძელთა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ის შესვენებისას შეცვალეს და 58-ე წუთზე უკან დააბრუნეს. 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ვასილ ლობჟანიძე. შესვენებაზე შეცვალეს ‘პოს’ შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე, თუმცა 62-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება მასაც მოუწია.

ფრედ 23:23 დასრულდა ‘კასტრისა’ და ‘ბორდოს’ შეხვედრა. ‘კასტრი’ მასპინძელი იყო და 62-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, ორ წუთში წითელი ბარათით მეორეხაზელი დაკარგა, თუმცა 76-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ორი საცხრილო ქულა მიიღო. მათ რიგებში შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა. ‘ბორდოს’ ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ლექსო ყაულაშვილი, თუმცა 71-ე წუთზე თამაშში დააბრუნეს.

‘მონპელიემ’ ‘ტულუზს’ დასკვნით 15 წუთში ორი უპასუხო ლელო გაუტანა, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძელი 15:17 დამარცხდა. გელა აფრასიძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მე-15 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.

დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად ‘კლერმონთან’ 22:23 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა ‘ლა როშელი’, რომლის შემადგენლობაში 69-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘ტულონმა’ ‘სტად ფრანსეს’ 38:5 მოუგო და ბონუსიც ჩაიწერა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა, ხოლო სტუმართა შორის შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა გიორგი მელიქიძე, თუმცა 70-ეზე თავად შეცვალეს.

ინგლისის პრემიერშიფის პირველ ტურში ‘გლოსთერი’ ‘ნორთჰემპტონს’ ეწვია და 20:34 დამარცხდა. გიორგი კვესელაძემ სტუმართა შორის შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა და ორი შეტევით 6 მეტრი მოიგო.

0.150816