ფეხბურთი

21:05 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თრილერი ეროვნულ ლიგაში: 10 გოლი და მათ შორის, 9 ერთ ტაიმში!

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 10 გოლი გავიდა, მათ შორის 9 მეორე ტაიმში!

თამაში მართლაც საოცარი გამოდგა, მაგრამ პირველ ტაიმს არაფერი ეტყობოდა იმის, რაც შესვენების შემდეგ მოხდა. ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როცა ჯაბა ჯიღაურმა მცველს გვერდი იოლად აუარა და ზუსტად დარტყმაც მოახერხა. პირველ ტაიმში ეს იყო და ეს, აი, მეორე ნახევარში ბევრი რამ მოხდა.

მეორე ტაიმის სტარტი ცალსახად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის იყო და საწყის 10 წუთში დაწინაურება შეძლეს. ბექა დარცმელიამ ჯარიმა გაიტანა, ხოლო თორნიკე კირკიტაძემ ძალიან ეფექტურად აიღო მეტოქის კარი - 1:2.

ბათუმელებმა მალევე გაათანაბრეს, 65-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკიმ ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა, დარტყმაც ძნელი წარმოსადგენი რომ იყო. ამ გოლიდან 6 წუთში „დინამო ბათუმს“ უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, რადგან ჯიღაურმა შეასრულა დუბლი, მერე გიორგი ფანცულაიამაც გაიტანა - 4:2. გუნდებმა კიდევ გაიტანეს. თორნიკე გაფრინდაშვილმა ანგარიში 5:2 გახადა, რასაც ფანცულაიას დუბლი და ირაკლი აზაროვის გოლი მოჰყვა - 7:2. საბოლოო ანგარიში სტუმართა თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა დააფიქსირა და „დინამო ბათუმმა“ 7:3 მოიგო.

7:3 და 45 წუთში 9 გოლი, ძალზე იშვიათობაა, არა მარტო საქართველოს ჩემპიონატისთვის, არამედ ზოგადად, ფეხბურთისთვის... „დინამო ბათუმს“ 50 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „ლოკომოტივი“ 36 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

„დინამო ბათუმი“ – „ლოკომოტივი“ 7:3 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიღაური (21), 1:1 დარცმელია (51), 1:2 კირკიტაძე (55), 2:2 ნავალოვსკი (65), 3:2 ჯიღაური (69), 4:2 ფანცულაია (71), 5:2 გაფრინდაშვილი (79), 6:2 ფანცულაია (84), 7:2 აზაროვი (87), 7:3 გავაშელიშვილი (88)

0.149838