ფეხბურთი

18:51 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს, კახა ცხადაძემ ახალი კონტრაქტი გააფორმა

„დინამო თბილისმა“ ახალი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა, რომელიც კლუბში სპორტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

რეხვიაშვილი ბოლოს სოლიგარსკის „შახტიორში“ მუშაობდა, რომელიც მისი მუშაობის პერიოდში ბელარუსის ჩემპიონიც გახდა. რეხვიაშვილს ასევე ნამუშევარი აქვს აზერბაიჯანში კახა ცხადაძესთან ერთად. ის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია და 1999-2006 წლებში 21 მატჩი ჩაატარა.

გარდა ამისა, „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს კახა ცხადაძეს, რომელიც გუნდში რჩება.

„კახა ცხადაძესთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, სპორტული მიმართულება კი მთლიანად ალექსანდრე რეხვიაშვილმა ჩაიბარა. მას ზურგს უმაგრებს ბელარუსში და აზერბაიჯანში გატარებული პერიოდი. „დინამო თბილისს“ ბორდი მართავს, გადავწყვიტეთ ამის კეთება, რადგან ძალიან ბევრი საუბარი იყო, რომ გუნდი არასწორად იმართებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აქ მოღვაწეობის 10-წლიან პერიოდში „დინამოში“ ასეთო ორი პროფესიონალი, როგორიც კახა ცხადაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილია, არ ყოფილა“, - თქვა ფიფიამ.

„ახლა კონკრეტულ საკითხებს არ შევეხები, ამას დრო გვანახებს, მაგრამ მთავარ აქცენტს აკადემიაზე გავაკეთებთ, რომ ფეხბურთელები მთავარი გუნდისთვის მოვამზადოთ. ის პოტენციალი, რაც მე ამ ერთ კვირაში დავინახე, სასიხარულოა. აკადემიიდან ფეხბურთელებმა პირველ გუნდამდე ყველა საფეხური უნდა გაიარონ და შემდეგ ისინი გახნდნენ გუნდისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

„დიდი მადლობა პრეზიდენტს ნდობისთვის. აქამდევ ვილაპარაკეთ, რომ „დინამოში“ საკითხები გლობალურად არის გადასაწყვეტი. ეს დიდი პატივია, მაგრამ ამავე დროს დიდი პასუხისმგელობა. მიმუშავია რეხვიაშვილთან და დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოიღებს შედეგს ჩვენი მუშაობა“, - თქვა კახა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ ეროვნულ ლიგაში 23 ტურის შემდეგ 44 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „დინამო ბათუმს“ 3 ქულით ჩამორჩება.

0.124728