ფეხბურთი

22:24 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარული კოშმარი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სექტემბრის ფანჯარა კატასტროფული გამოდგა. კოსოვოსთან და ესპანეთთან ოფიციალურ მატჩებში წაგებას, სოფიაში, ბულგარეთთან სპარინგში მარცხიც მოჰყვა.

ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩთან შედარებით ერთბაშად 9 ფეხბურთელი შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი დატოვა. დებიუტი ჰქონდათ გიორგი მამარდაშვილსა და საბა ხვადაგიანს, პირველად ითამაშა სასტარტოში სანდრო ალთუნაშვილმა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მოხვდა პირველად ძირითადში.

მორიგი ესპერიმენტი ჩაფლავდა და საქართველოს ნაკრებმა მორიგი უფერული ფეხბურთი ითამაშა, უფრო სწორად არ უთამაშია. ბულგარეთი შორს დგას თავისი ოქროს წლებისგან და იმ გუნდისგან, რომელმაც ორჯერ მოუგო საქართველოს 6:2, მაგრამ, როგორც ჩანს, ვილი სანიოლის გუნდისთვის მათი დღევანდელი დონეც სრულიად საკმარისი იყო - 4:1.

როგორც ვთქვით, საქართველოს ნაკრებს ფეხბურთი ისევ არ უთამაშია და კატასტროფულად გამოიყურებოდა, უარესის წარმოდგენაც რომ რთულია. გაუგებარია, სად გაქრა ის გუნდი, რომელიც მარტში ვიხილეთ, ან თუნდაც ივნისში, რუმინეთთან სპარინგში, რომელიც იმავე ბულგარეთზე გაცილებით ძლიერი ნაკრებია. გასაგებია, რომ ციდან ვარსკვლავებს არც იმ პერიოდში წყვეტდა გუნდი, მაგრამ რაც სექტემბრის სამ მატჩში ვიხილეთ, იმასთან შედარებაც არ შეიძლება. ნუთუ, მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას და ამასთან, ოთარ კიტეიშვილისა და საბა ლობჟანიძის არყოფნა ასე დაეტყო ეროვნულ ნაკრებს?

გიორგი მამარდაშვილს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მაგრამ რაც მალე დაივიწყებს ამ თამაშს, მისთვის უკეთესი იქნება. მან გოლი მატჩის დასაწყისშივე გაუშვა, ნედელევმა ჯარიმა გაუტანა, ლამაზი, მაგრამ არა აუღებელი და ქართველ მეკარეს უკეთ თამაში ალბათ მართებდა. პირველ ტაიმში ბულგარელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს, ამჯერად გიორგი ნამდვილად ვერაფერს გახდებოდა - ჯერ პენალტით ილიევმა იხეირა, მერე ახლო მანძილიდან სპას დელევმა.

მეორე ტაიმის სტარტი და იასენ პეტროვის გუნდის მეოთხე გოლი ერთი იყო. ამჯერად ხრისტოვმა თავით აიღო ქართველთა კარი. 4:0-ზე ბულგარეთის ნაკრები გაჩერდა და საქართველომ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილმა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და ერთი ბურთი გაქვითა, ეს ზურიკოს სადებიუტო გოლი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, ბულგარეთი გაჩერდა, საქართველოს ნაკრებს თამაში არც მანამდე შეეძლო და არც ბოლო წუთებში შეცვლილა არაფერი. შედეგად, ლოგიკური - 1:4.

ამრიგად, ეს თვე ჩავლილია. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

ბულგარეთი - საქართველო 4:1 (3:0)

სოფია, „ვასილი ლევსკი“

ბულგარეთი (4-1-4-1): მიხაილოვი; ა. ხრისტოვი, პ. ხრისტოვი, ბოჟიკოვი, ველკოვსკი; ჩოჩევი (ვიტანოვი 68); ი. ილიევი (კარაგერენი 67), ნედელევი (იანკოვი 60), დ. ილიევი (კრასტევი 74), ცონევი (კოსტადინოვი 74); დელევი (კირილოვი 60)

მწვრთნელი: იასენ პეტროვი

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; ხვადაგიანი, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი; კაკაბაძე, დაუშვილი (აბურჯანია 59), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 59), გიორბელიძე; წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 59)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 3:0 დელევი (44), 4:0 ა. ხრისტოვი (53), 4:1 დავითაშვილი (77)

გაფრთხილება: ცონევი (29), ბოჟიკოვი (36), დელევი (57) - კაკაბაძე (34), დაუშვილი (58), ლოჩოშვილი (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 20 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ი. სტოიჩევსკი (ჩრდ. მაკედონია)

0.162204